Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში მსოფლიოს პრესის ყურადღების ცენტრში იყო შეიარაღებული კონფლიქტები ერაყში, უკრაინაში, ასევე არეულობა აშშ-ში, პატარა ქალაქ ფერგიუსონში. კვირის დასაწყისში ბრიტანული „ინდეპენდენტი“ წერდა ერაყში გააქტიურებული „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარზე და თავის მკაფიო პოზიციას გამოხატავდა: „ტერორისტული ჯარი, „ისლამური სახელმწიფო“ უნდა შეჩერდეს. ამის თაობაზე რეგიონის ყველა ქვეყანა შეთანხმდა, მათ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად. ამიტომაც უნდა გაძლიერდნენ ისინი, მაგალითად, იარაღის მიწოდებით. ამასთან, ბრიტანეთმა უნდა გაზარდოს ზეწოლა თურქეთზე, რომელმაც ისლამისტი ტერორისტების გაძლიერებას ხელი შეუწყო. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დახმარება აღმოუჩინონ ერაყის ახალ პრემიერ-მინისტრს, აბადის, შექმნას მთავრობა.

ბელგიის „სტანდარტი“ ამ კონფლიქტში გერმანიის პოზიციას ეხება: „თუ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერაყელ ქურთებს იარაღს მიაწვდის, და აქეთ მოწოდება სულ უფრო ხმამაღალია, ასეთ შემთხვევაში დაიმსხვრევა ტაბუ. ეს საერთაშორისო არენაზე გერმანიას წაადგება. ზაფხულში მერკელი ხშირად იყო დაკავებული სხვადასხვა ცხელი წერტილით დედამიწაზე და ეს, „სტანდარტის“ აზრით, ბევრს მეტყველებს იმაზე, რომ გერმანიის პოზიცია მსოფლიოში იცვლება. ერთი კვირის წინ გერმანელებს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა სურდათ „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლისთვის. იარაღის მიწოდება დღემდე საგარეო პოლიტიკის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. დღეს უკვე საკითხავი აღარ არის, მიაწოდებს თუ არა იარაღს გერმანია ერაყს, ოფიციალური გადაწყვეტილების გარეშეც კი. საქმე ისაა, როდის გააკეთებს ამას, წერს ბელგიის „სტანდარტი“.

გაგაცნობთ ერთ ფრაგმენტს ერაყში - ბაღდადში - გამომავალი გაზეთ „ალ მადადან“: „ტერორისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა, ბაღდადიმ, ფინანსური კავშირები დაამყარა ევროპელ და, პირველ რიგში, თურქეთის მაფიოზურ გაერთიანებებსა და მეზობელი ქვეყნების საიდუმლო სამსახურებთან. ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, კონტრაბანდული გზით გაიტანონ ნავთობი, იარაღი და ანტიკვარიატი. ექსტრემისტების შესაჩერებლად, თვლის ბაღდადის გაზეთი, საჭიროა დამაკავშირებელი გზების დაბომბვა, რადგან ეს გზებია „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობისა და სამომავლო განვითარების საფუძველი“.

არერთი სტატია დაეთმო აშშ-ში, ფერგიუსონში, პოლიციელის მიერ უიარაღო 18 წლის შავკანიანი კაცის მოკვლით გამოწვეულ არეულობასა და საპროტესტო გამოსვლებს. მადრიდის „ელ მუნდო“ წერდა: „აშშ დიდი ხანია ოცნებობს რასისტული ზღუდეები გადალახოს, მაგრამ ეს ოცნება კარგა ხანს ვერ ახდება. ცხადია, 60-იან წლებში მარტინ ლუთერ კინგმა და სხვა უფლებადამცველებმა შეუქცევად განვითარებას მიაღწიეს აპართეიდის წინააღმდეგ. ობამას, როგორც პირველი აფროამერიკელის, პრეზიდენტად არჩევასაც შეეძლო მოსახლეობის ამ ჯგუფებს შორის თანაცხოვრების ახალი ერისთვის დაედო სათავე, მაგრამ ახლანდელი არეულობა ფერგიუსონში გვიჩვენებს, რომ აშშ-მა კიდევ გრძელი გზა უნდა განვლოს. ობამა იმაზე უნდა დაფიქრდეს, რატომ ვერ განმუხტა მისმა პოლიტიკამ დღემდე ეს დაძაბულობა“.

კოლუმბიის „ელ ესპეკტადორი“ ამავე თემაზე წერდა: „შავკანიანი ახალგაზრდა კაცის მოკვლა უკვე რამდენიმე დღეა მთელ ქვეყანაში იწვევს ვნებათა ღელვას. წესრიგის დამცველთა მასობრივი ჩარევა ამძაფრებს პოლიტიკურ დებატებს რასიზმის გარშემო, რომელიც აფროამერიკელი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც არ არის დაძლეული. ფერგიუსონში თეთრკანიანია მოსახლეობის მესამედზე ნაკლები, მაგრამ მათ ხელშია წამყვანი თანამდებობები. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თეთრკანიანებს ბევრად მეტი ქონება აქვთ. ამ დროს კი, საპატიმროებში მყოფთა 40 პროცენტს შავკანიანები შეადგენენ, მაშინ როცა მათი საერთო წილი მთელ მოსახლეობაში მხოლოდ 12 პროცენტია. მარტინ ლუთერ კინგის ოცნება შორსაა რეალობისგან“.

უკრაინის კრიზისზე წერს პოლონეთში გამომავალი გაზეტა „ვიბორშჩა“:

„რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ აშკარაა, რომ პარიზსა და ბერლინს არ ძალუძთ კრემლი თავისი პოლიტიკის შეცვლაზე დაიყოლიონ. მაშინაც კი, როცა პრობლემის მოგვარება სათუოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით უნდა გაიმართოს. ამგვარად გაქარწყლდებოდა ეჭვი, რომ საფრანგეთი და გერმანია ჩუმად ურიგდებიან მოსკოვს - შეიძლება, უკრაინისა და ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების ხარჯზეც კი“, გამოთქვამს ვარაუდს პოლონური გაზეთი. „გერმანიის მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იმ დროში, როცა ჩვენ, ევროპელები, რუსეთს სანდო პარტნიორად ვთვლიდით, ვეღარ დავბრუნდებით. უფრო, ალბათ, გრძელი და ცივი ზამთრისათვის უნდა ვემზადოთ“.

ამავე თემაზე აქვეყნებს სტატიას ლატვიის გაზეთი, „დიენას ბიზნესი“: „როგორც ბავშვები სწერენ ხოლმე თოვლის პაპას წერილს და საჩუქრებს სთხოვენ, ისე მიმართეს ლატვიელმა აქტივისტებმა ანგელა მერკელს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ნატოს ბაზა დაეფუძნებინათ. გერმანიის კანცლერი თოვლის პაპა არ არის, არც კეთილი ფერიაა და საკვირველების ჩადენაც არ შეუძლია. ამიტომაც მოსალოდნელი იყო მისი დამაშოშმინებელი სიტყვები ბალტიისპირელების მიმართ: ყველაფერს გავაკეთებთ ნატოს წესდების თანახმად და თუ საჭირო იქნა, დაგიცავთო. ეს ნიშნავს: ხანგძლივად საბრძოლო შენაერთების განთავსების საფუძველი ჯერ არ არსებობს - ასე რომ, თავი მაღლა გეჭიროთ, არც ისე ცუდადაა საქმეო“, წერს რიგაში გამომავალი გაზეთი.

XS
SM
MD
LG