Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინის კრიზისი იყო. ხუთშაბათს კიევმა მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრაში დასდო ბრალი.

პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „რეჩპოსპოლიტა“ 28 აგვისტოს ნომერში პუტინის მიმართ დასავლეთის გულუბრყვილობაზე წერდა: „ახლა საქმე უკვე ნამდვილ ომთან გვაქვს. პუტინმა უკვე გადაკვეთა ათობით წითელი ხაზი, მაგრამ ბევრს ის მაინც ჩინებულ პარტნიორად მიაჩნდა იმ კრიზისის დიპლომატიური გადაჭრის საქმეში, რომელიც თავად მან გამოიწვია. დასავლეთის სრულ უმოქმედობაში დადანაშაულება შეუძლებელია. ... მაგრამ მისი რწმენა პუტინის კეთილი ნების მიმართ არასოდეს გამქრალა. ახლა უკვე ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი ვეღარ დაიჯერებს, რომ პრეზიდენტი ნამდვილადაა დაინტერესებული დეესკალაციით. ... რაც უფრო სუსტია დასავლეთის რეაქცია, მით უფრო წინ წავა პუტინი. იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ის რუსეთის ტანკებს ოდესაში ან კიევში გაგზავნის“.

ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „შტანდარტი“ 28 აგვისტოს ნომერში წერდა, რომ დასავლეთმა ახლა კიევისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა უნდა განიხილოს. „უახლოეს რამდენიმე დღეში განხილული უნდა იყოს იარაღის მიწოდების, უკრაინაში ნატოს ჯარების განთავსების და სეპარატისტთა ბაზებისა და რუსეთის მომმარაგებელი ჯაჭვის წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შესაძლებლობაც კი. ეს ძალიან სარისკოა, რადგან პუტინი არ წარმოადგენს იმ კატეგორიას, რომელიც ადვილად დაიხევს უკან. ომის მზარდი საშიშროება უკვე უქმნის საფრთხეს ევროპის [ეკონომიკის] ისედაც სუსტ გაჯანსაღებას. უკრაინაში სისხლისღვრა გაგრძელდება და ლტოლვილთა ტალღაც გაიზრდება, ხოლო ესკალაციის ამ პროცესის ბოლოს ორი ბირთვული სახელმწიფოს კონფრონტაციის პერსპექტივა გვემუქრება. ... მაგრამ ამის ალტერნატივა კიდევ უარესია. თუ პუტინი შეძლებს აღმოსავლეთ უკრაინის ახალ ყირიმად ან დნესტრისპირეთად ქცევას, დანარჩენი უკრაინაც საფრთხეში აღმოჩნდება. ამის შემდეგ კი საშიშროება უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს დაემუქრება“.

განსხვავებულ შეფასებებს გამოთქვამდა ჰოლანდიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ტელეგრაფი“. 29 აგვისტოს ნომერში გაზეთი წერდა, უკრაინის შეიარაღებაზე უფრო გონივრული გზა სამშვიდობო ინიციატივით გამოსვლა იქნებაო. „[დასავლეთს] შეუძლია უკრაინას სწრაფად მიაწოდოს სამხედრო შეიარაღება. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ის სწორედ ასე უნდა მოიქცეს. მაგრამ გარდა იმ გარემოებისა, რომ ეს საზარელ სისხლისღვრას გამოიწვევდა, ასეთი ნაბიჯი, სავარაუდოდ, უკვე ისედაც დაგვიანებული იქნება. მეორე გზა - პუტინის წინაშე თავის დახრა - ბევრს მარცხთან შეგუებად მიაჩნია. ამ შემთხვევაში დასავლეთი - ევროპის ლიდერობით - რაც შეიძლება მალე მოახდენდა სამშვიდობო ინიციატივის ორგანიზებას და დაყაბულდებოდა კრემლის მთავარ მოთხოვნას: უკრაინის მომავლის შესახებ დისკუსიებში დონბასელი მეამბოხეების ჩართვას. მათ გარეშე მშვიდობის მალე დამყარებაზე ყველა იმედი ფუჭია“.

ბელგიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სტანდარდი“ 28 აგვისტოს ნომერში წერდა, ევროპელ ლიდერებს პუტინთან დაპირისპირებას ურთულებს რუსეთსა და ევროპაში მოქმედი ბიზნესის განსხვავებული მოდელებიო. „ევროპის მოგებაზე გათვლილი ლოგიკა ემყარება მოსაზრებას, რომ კეთილდღეობის დამყარება ავტომატურად იწვევს განვითარებას. ... თავისუფლებას და დემოკრატიას მოაქვს პროგრესი და ზრდა. ცხრა თვის წინ სწორედ ამ იდეალიზმმა უბიძგა ევროპას მხარი დაეჭირა კიევის მომხიბლავი რევოლუციისთვის. მაგრამ პუტინი სხვა ჩამოსხმაა. იგი ამკვიდრებს ნაციონალიზმს, რომელიც თავისი შელახული სიამაყით საზრდოობს. ყოფილი სუპერსახელმწიფო უნდა აღდგეს. საამისოდ მან უნდა იტანჯოს - მათ შორის, ეკონომიკურად - და ძალადობაც ლეგიტიმურია. ... ის, რასაც ამგვარი ქცევის წინააღმდეგ ევროპა იყენებს იარაღად, მისსავე ინტერესებს ვნებს, რასაც სულ უფრო აშკარად ვხედავთ. ევროს მოქმედების ზონას ეს სანქციები უკვე ეკონომიკური ზრდის 0.2 პროცენტად უჯდება. .. ეკონომიკურ ომში ევროპის ლიდერები უფრო მეტს წააგებენ, ვიდრე პუტინი“.

ჩეხეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“ კი 29 აგვისტოს წერდა, პუტინის შეჩერება, ალბათ, ახლა მხოლოდ რუს ხალხს შეუძლიაო. „პუტინის შესაჩერებლად ერთადერთი, უკანასკნელი შესაძლებლობა არსებობს და ის რუს ხალხზეა დამოკიდებული - მათზე, ვინც ახლა თავიანთი ლიდერითაა მონუსხული. მათ შეიძლება ესმოდეთ, რომ ევროპის მიმართ პუტინის მიდგომა მხოლოდ ჩიხში შეიძლება შევიდეს. რუსეთის ჯარისკაცების ცინკის კუბოებმა უკვე დაიწყო რუსეთში ჩასვლა. სოციოლოგების განცხადებით, უკრაინაში შეჭრას რუსების მხოლოდ ხუთი პროცენტი ამართლებს. ეს იმიტომ, რომ რუსებს ჩეჩნებისთვის სროლა უფრო ეადვილებათ, ვიდრე უკრაინელებისთვის. ეს ძმათამკვლელი ომი მძიმე ტვირთად აწვება რუსების სულებს. მეტიც, შესაძლოა სწორედ ეს იყოს ცივსისხლიან პოლიტიკოს პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე იქნება“.

XS
SM
MD
LG