Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 3 დეკემბერი


გაზეთი „კომერსანტი“ ოპერატიულად გამოეხმაურა უკრაინის პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას, სტატია კი იწყება უმთავრესი სიახლით, რომლის თანახმადაც, არსენი იაცენიუკის მთავრობაში მინისტრის პორტფელები მიიღეს უცხოელებმა: ამერიკის მოქალაქემ ნატალია იარესკომ - ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მოქალაქემ ალექსანდრე კვიტაშვილმა - ჯანდაცვის მინისტრი, და ლიტვის მოქალაქემ აივარას აბრომავიჩუსმა - ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი. თუმცა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სამივეს, უკარაინის პრეზიდენტის საგანგებო განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. იმის გასარკვევად, თუ როგორ შეირჩა მინისტრობის კანდიდატები, გაზეთის რედაქცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი შიმკივს დაუკავშირდა. მისი თქმით, კანდიდატებს ეძებდნენ საერთაშორისო ჰედჰანტერი კომპანიების Pedersen&Partners-სა და Korn Ferry-ის დახმარებით, რომელთა მომსახურებაზე ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა, „აღორძინებამ“, 82 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. თავდაპირველად 285 კანდიდატიდან შეირჩა 24, რომელთაგან პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მთავრობის წევრობა მხოლოდ სამს შესთავაზა. ამასთან, „კომერსანტის“ ცნობით, უცხოელების უკრაინის მთავრობაში დანიშვნას არაერთგვაროვანი რექცია მოჰყვა მმართველ კოალიციაშიც კი. მაგალითად, ფრაქცია „ბატკოვშჩინამ“ გაავრცელა წერილი, რომლის ავტორი, დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, დარწმუნებულია, რომ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელები უნდა მართავდნენ. უცხოელების უკრაინის მთავრობაში მიწვევას სკეპტიკურად უყურებს კიევში მცხოვრები პოლიტოლოგი დმიტრი ჯანგიროვიც, რომლის თქმითაც, უცხოელების მინისტრებად დანიშვნით, ხელისუფლება საზოგადოებას ეუბნება, რომ სერიოზული რეფორმების გატარებას აპირებს, მაგრამ უცხოელებს გაუჭირდებათ უკრაინის სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირებაში გარკვევა და ვიდრე ადაპტაციის პროცესი არ დასრულდება, სამინისტროები ვერ იმუშავებენ სრულფასოვნად.

გაზეთი „იზვესტია“ კი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზური ბანკების შესაძლო გახსნაზე წერს. ლაპარაკია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, რომლებიც სტატიაში „მალოროსიად“ მოიხსენიება. საქმე ისაა, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ორივე ოლქში, ერთად, ბანკების 2 ათასზე მეტი ფილიალი მუშაობდა, თუმცა ომის შედეგად საბანკო სისტემა თითქმის სრულად მოიშალა. რედაქციის ცნობით, საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელები საბანკო სექტორში თანამშრომლობის დასაწყებად უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან, აფხაზური ბანკების გახსნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძვანელები, არამედ ადგილობრივი ბანკირებიც. „იზვესტიის“ რედაქცია ვითარებაში გასარკვევად სოხუმში დაუკავშირდა აფხაზეთის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელს ემა ტანიას, რომლის თქმითაც, შეთავაზებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მსჯელობის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აფხაზურ ბანკებს არა აქვთ საშუალება იმუშაონ საზღვარგარეთ. დღეის მდგომარეობით, აფხაზეთის საბანკო სექტორი წარმოდგენილია რვა მოთამაშით. ესენია: გარანტ-ბანკი, გაგრა-ბანკი, განვითარების შავი ზღვის ბანკი, აფხაზეთის სბერბანკი, უნივერსალ-ბანკი, კიბიტ-ბანკი და ამრა-ბანკი.

„მოსკოველები ეკონომიას პროდუქტებზე არ აკეთებენ“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჰოლდინგ „რომირის“ გამოკვლევას ეყრდნობა. ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეების 20 პროცენტი იძულებულია უარი თქვას ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე. ამასთან, სოციოლოგების დაკვირვებით, შემცირდა წილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ეკონომიის გაკეთებას ტანისამოსისა და სხვა მსხვილი საყიდლების ხარჯზე აპირებდნენ, ამის სავარაუდო მიზეზი კი უნდა იყოს რუსეთის მოქალაქეების სურვილი, უფრო მეტად გაძვირებამდე მოიმარაგონ ძვირფასი ნივთები. რუსეთში მოქმედი სოციალური პოლიტიკის დამოუკიდებელი ინსტიტუტის დირექტორის ლილია ოვჩაროვას თქმით, ფინანსური კრიზისის დროს, პირველ რიგში, მოქალაქეები ეკონომიის კეთებას იწყებენ კულტურაზე, დასვენებასა და ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე გაწეული ხარჯების შემცირებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG