Accessibility links

გაზეთი „კომერსანტი“ თბილისში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის შესახებ წერს. „საქართველომ გერმანიის დაპირებები არ დაიჯერა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ შტაინმაიერმა სცადა გაეფანტა ოფიციალური თბილისის ეჭვი გერმანიის პოზიციის გამო საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და რომ „როდისმე მომავალში“ ბერლინი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოს ალიანსში მიღებას, თუმცა გერმანელმა დიპლომატმა იმაზეც მიანიშნა, რომ ამ ეტაპზე ნატოს მთავარი პრიორიტეტი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაა. „კომერსანტი“ ციტირებს შტაინმაიერის სიტყვებს:

„ჩვენ სავსებით ვუჭერთ მხარს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“.

სტატიის მიხედვით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასპინძლებს ისიც შეახსენა, რომ უელსის სამიტზე სწორედ გერმანიის დაჟინებული მოთხოვნით მიენიჭა საქართველოს „თანამშრომლობის საგანგებო პაკეტი“, რომლის ფარგლებში სულ მალე ნატო საქართველოში გახსნის სამხედრო საწვრთნელ ცენტრს. თუმცა იმის გამო, რომ ვიზიტის დროს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ძირითადად უკრაინის პრობლემის შესახებ ისაუბრა, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეჭვით უყურებს ბერლინის პოზიციას ნატოში საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით. სტატია მთავრდება თბილისის დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის კომენტარით: „საქართველოს ნატოში მიღების შესახებ გამოყენებული დიპლომატიური ფრაზეოლოგია თანდათან ემსგავსება ნიკიტა ხრუშჩოვის დაპირებას კომუნიზმის მალე დადგომის შესახებ“.

ასევე „კომერსანტი“ აქვეყნებს სტატიას „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ. ირკვევა, რომ 2014 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვლილა: მკვეთრად გაუარესდა დამოკიდებულება ამერიკის, ევროკავშირისა და უკრაინის მიმართ, ხოლო ჩინეთისადმი პოზიტიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, სტატიას სათაურად წამძღვარებული აქვს შემდეგი ფრაზა: „მოქალაქეებმა მეგობარი აღმოსავლეთში იპოვნეს“.

სტატიის მიხედვით, ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატებისადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა გამოკითხულთა 43 პროცენტს, ევროკავშირისადმი - 51 პროცენტს, ხოლო უკრაინისადმი - 66 პროცენტს, თუმცა ნოემბრისათვის ეს მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად - 18, 26 და 28 პროცენტამდე. „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრ გრაჟდანკინი ამბობს, რომ პოზიტიური დამოკიდებულების მაჩვენებლები შემცირებულია კრიტიკულად დაბალ ნიშნულამდე.

ყველაზე პოზიტიურად რუსეთის მოქალაქეები განწყობილი არიან ბელორუსიისა და ჩინეთის მიმართ. ამ უკანასკნელს პოზიტიურად უყურებს რუსეთის მოქალაქეების 74 პროცენტი, რომელთა შეფასებით რუსეთს, როგორც დიდსა და მნიშვნელოვან ქვეყანას, პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. ამასთან, კვლევამ გამოავლინა რუსეთის მოქალაქეების უცნაური დამოკიდებულება საერთაშორისო იზოლაციისადმი: გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ იმყოფება იზოლაციაში, მაშინ როცა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ იზოლაცია რეალურია და ამ ნაწილის 63 პროცენტს აშფოთებს ეს გარემოება.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ რუსეთის ეკონომიკის ცალკეულ სეგმენტებზე ეროვნული ვალუტის დევალვაციის გავლენაზე წერს. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ რუბლის გაუფასურებამ შეცვალა რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მისწრაფებები. ტუროპერატორები და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები ამტკიცებენ, რომ რუსები აღარ ეშურებიან ევროპას და ხშირად ირჩევენ აზიის ქვეყნებს, რუსეთს და ახლო საზღვარგარეთს. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი გორინი ამბობს, რომ მოთხოვნა ევროპის მიმართულებაზე შემცირდა 30-50 პროცენტით. რუბლის რყევის გამო მკვეთრად დაიკლო გაყიდვების მოცულობამ ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და ტაილანდის მარშრუტებზე. რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრესმდივანი ირინა ტიურინა კი მიიჩნევს, რომ ზამთრის პერიოდში ჩარტერული რეისების რაოდენობაც განახევრდება, 2013 წლის ზამთართან შედარებით.

არასახარბიელოა რკინიგზის სტატისტიკაც. ახალი წლის დღესასწაულების დროს რკინიგზამ დამატებითი რეისების რაოდენობა დაახლოებით მესამედით - 1,3 ათასიდან 1 ათასამდე - შეამცირა. ამასთან, ამავე პერიოდში შარშან გადაყვანილი იქნა 5,9 მილიონი მგზავრი, წელს კი ბილეთები მხოლოდ 1,8 მილიონს აქვს დაჯავშნილი.

XS
SM
MD
LG