Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


კვირის დასაწყისში უცხოეთის პრესაში ბევრი დაიწერა თურქეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რომელშიც მემარცხენე ორიენტაციის, პროქურთულმა პარტიამ ათპროცენტიანი ბარიერის გადალახვა შესძლო და პირველად მოიპოვა ადგილები პარლამენტში. მმართველმა, სამართლისა და განვითარების პარტიამ კი უმრავლესობა დაკარგა, პირველად 13 წლის განმავლობაში. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, სამოქალაქო საზოგადოებამ უარყოფითი ვერდიქტი გამოუტანა მმართველი პარტიის ავტორიტარიზმსო. სხვები კი გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ახლო აღმოსავლეთთან ევროპის საზღვარზე შესაძლოა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ იჩინოს თავი. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტი, tagesschau.de 7 ივნისს წერდა, ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული დემოკრატიააო. „თურქეთის ამომრჩევლის უმრავლესობამ აშკარა უკმაყოფილებით შეაფასა პრეზიდენტის ავტოკრატიული და ავტორიტარული ამბიციები. ... მაგრამ იმ ხალხმა, ვინც შედეგებს შეჰხარის, არ უნდა დაივიწყოს ერთი გარემოება: მმართველი პარტიის მიერ უმრავლესობის 13 წლის განმავლობაში ფლობამ თურქეთს მოუტანა სტაბილურობა, რომელიც მანამდე ბევრი, ბევრი წელიწადის განმავლობაში არ არსებობდა. ჩანს თუ არა ჰორიზონტზე ცნობილი თურქული პარადიგმის საფრთხე – არასტაბილური კოალიციების, რომლებიც ერთმანეთის პარალიზებას ახდენენ და ქვეყნისთვის უძრაობა და ბუნდოვანება მოაქვთ? არა, ეს არ არის გარდაუვალი. ამ არჩევნების გარშემო მისი შედეგი არ არის ერთადერთი იმედისმომცემი ფაქტორი. ათი ათასობით დამკვირვებლის და თანაშემწის ენთუზიაზმი ნათლად მოწმობს, რომ თურქეთში მოქმედებს აქტიური, დინამიკური და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოება – რომელიც დემოკრატიას ფორმალურად კი არ ასხამს ხოტბას, არამედ რეალურად დგას მის სამსახურში“.

ბავარიის ალპებში ჩატარებული დიდი შვიდეულის სამიტი იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც ამ კვირაში პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. შვეიცარიაში გამომავალი, ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი, „კორიერე დელ ტიჩინო“ 9 ივნისის ნომერში წერდა, დიდი შვიდეულის დეკლარაცია, რომელიც ამბობს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები გამკაცრდება, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას აშკარა გამარჯვებას წარმოადგენსო. „მოსკოვის წინააღმდეგ პოზიციების დაახლოება წარმოადგენდა მიზანს, რომელიც ობამამ დაისახა. შინ, რესპუბლიკელთა ოპოზიცია მას აკრიტიკებს, რომ ის მეტ ძალისხმევას ახარჯებსირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებას, ვიდრე პროგრესის მიღწევას უკრაინის კრიზისში და ტრანსატლანტიკური გაერთიანებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას. ... აშკარაა, რომ ტრანსატლანტიკური გაერთიანება სულ უფრო მეტად ხდება პრიორიტეტული საკითხი ობამასთვის – რომელსაც მყარად სწამს, რომ ეკონომიკა და გეოპოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. ამდენად, შემთხვევითობა არაა, რომ დიდი შვიდეულის სამიტის საბოლოო დოკუმენტი ითვალისწინებს იმ მოლაპარაკების ინტენსიფიკაციას, რომელსაც უნდა მოჰყვეს ალიანსის განმტკიცება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მდებარე სახელმწიფოებს შორის“.

პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მღელვარე პროცესები იყო კიდევ ერთი თემა, რომელსაც უცხოეთის პრესა მიმდინარე კვირაში აქტიურად გამოეხმაურა. უკანონო სატელეფონო მოსმენის შესახებ გამოძიების მასალების გაჟონვის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ევა კოპაჩმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა სამი მინისტრი. გადადგა ასევე ქვეყნის სეიმის თავმჯდომარე რადოსლავ შიკორსკი. კონსერვატიული გამოცემა „ჟეჩპოსპოლიტა“ 12 ივნისის ნომერში წერდა, პრემიერმა ამ ნაბიჯით სახელმწიფო დაასუსტაო: „ეს აჩვენებს, რომ პოლონეთის სახელმწიფო ძალიან სუსტია, ხოლო ეს სისუსტე, ეჭვგარეშეა, ახლა სხვებსაც უბიძგებს, სცადონ პოლონეთში ვითარების დესტაბილიზაციის გამოწვევა. ასეთი ხალხი ყველგან მოიძებნება – როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ. პოლონეთის პოლიტიკას გასართობ პარკს თუ შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსებმა ადგილები დაიკავეს ატრაქციონზე,რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტრიალს. როცა დრო მოვა, სახელმწიფო ბევრ სხვა სამიზნესაც გამოკვეთს. მთავარი ის კი არ არის, შეძლებს თუ არა ევა კოპაჩი ვითარების გაკონტროლებას, არამედ ის, პოლონეთი და ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია თუ გაუძლებს ამას“.

მიმდინარე კვირაში პრესა აქტიურად წერდა ათენსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც, რომელსაც გამოეთიშნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები. ფონდის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის პოზიციების სხვადასხვაობა ძალიან დიდი იყო. გაურკვეველია, როდის განახლდება მოლაპარაკება. ჟურნალისტები წერდნენ, რომ კრედიტორები მაინც არ მიატოვებენ საბერძნეთს და აღნიშნავდნენ, რომ შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელია. ირლანდიაში გამომავალი, მემარცხენე-ცენტრისტული „აირიშ ტაიმსი“ 12 ივნისს წერდა: „საბერძნეთსა და მის კრედიტორებს შორის მოლაპარაკებაში უკვე დიდი დრო დაიკარგა. სირიზას ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის ტაქტიკამ ბრაზი გამოიწვია კრედიტორებში, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობა საკმარის ძალისხმევას არ ავლენს აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში. ამ ეტაპზე უკვე ყველა მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ოფიციალური კრედიტორების ვალი, რომელიც საბერძნეთს აქვს, გარკვეულ რესტრუქტურიზაციას უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ ეს საკითხი, ალბათ, მხოლოდ მაშინ დადგება დღის წესრიგში, როცა საბერძნეთი რეფორმების დამაჯერებელ გეგმას წარმოადგენს. აქამდე მას ეს არ გაუკეთებია. მან უარყო მისი კრედიტორების მიერ წარმოდგენილი გეგმა, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გამოსულა დეტალური ალტერნატივის წინადადებით. უნდა გამოინახოს გზა, რომელიც აღადგენს შეთანხმების მიღწევისთვის საჭირო ნდობას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG