Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


კვირის დასაწყისში უცხოეთის პრესაში ბევრი დაიწერა რუსეთის მიერ დასავლეთში წარმოებული აკრძალული საკვები პროდუქტის ტონობით განადგურების თაობაზე. პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ჟეჩპოსპოლიტა“ 7 აგვისტოს წერდა, პუტინმა ცივილიზებულ სამყაროს შეურაცხყოფა მიაყენაო: „კრემლს შეეძლო კონფისკაციას დაქვემდებარებული საკვები გაეგზავნა გაეროსთვის, სამხრეთ სუდანისა ან სირიელი ლტოლვილებისთვის. შეეძლო დახმარებოდა აფრიკიდან და აზიიდან წამოსულ მიგრანტებს, რომლებიც ახლა სადღაც ევროპის საზღვრებთან ჰყავთ დაკავებული, მაგრამ მან არც ერთი ეს საშუალება არ გამოიყენა. ამის ნაცვლად, აირჩია ძალიან ცუდი, ზედმიწევნით პრიმიტიული და არაჰუმანური ალტერნატივა. საკვების დაწვა ცივილიზებული სამყაროს შეურაცხყოფაა. ეს კრემლის გულგრილობასა და პრიმიტიულობაზე მიუთითებს. ... ცხადია, რუსეთის საინტერნეტო ფორუმები სავსეა დასავლური საკვების განადგურების იდიოტური გამართლებით, მაგრამ ამ ნაბიჯს უამრავი სიბრაზე და უნდობლობაც ახლავს თან. მთელ ამ ამბავში სწორედ ესაა ერთადერთი დადებითი გარემოება“.

ესტონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „პოსტიმესი“ 8 აგვისტოს ნომერში წერდა: „ჯერ კიდევ საბჭოთა ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ, რომ პურის პატარა ნატეხსაც პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ. ასეთ ფონზე, სიწმინდის შერყვნას ჰგავს ბულდოზერებით საკვების ტალახში გაჭყლეტის სცენა. როგორც ჩანს, რუსი ხალხიც ვერ მიხვდა ამ ნაბიჯის მიზანს. ისინი სვამენ კითხვებს, რატომ არ შეიძლებოდა ამ საკვების საავადმყოფოებსა ან ბავშვთა სახლებში დარიგება. ერთ-ერთ ინტერნეტგამოკითხვაში 12,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათი 87 პროცენტი საკვების განადგურების წინააღმდეგი იყო. ზოგიერთი იმასაც კი ამბობდა, ეს საკვები ჰუმანიტარული დახმარების სახით დონეცკსა და ლუგანსკში უნდა გაეგზავნათო“.

საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ლიბერასიონი“ 12 აგვისტოს წერდა, უკრაინის საკითხი მსხვერპლად არ უნდა შეეწიროს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ კომპრომისსო: „გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთი იზოლირებული იყო მის მიერ უკრაინაში გატარებული აგრესიული პოლიტიკის გამო, რასაც ობამაც აკრიტიკებდა. მაგრამ ახლა მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია, როცა საქმე საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. პუტინი, რომელიც, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად იხრება ბაშარ ალ-ასადისგან დისტანცირებისკენ, აუცილებელ პარტნიორად იქცა სირიის ვითარებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის გამონახვის პროცესში. ამდენად, გაჩნდა რეალური საშიშროება, რომ რუსეთთან მასშტაბურ შეთანხმებას უკრაინა შეეწიროს მსხვერპლად. ანგელა მერკელი მტკიცედ დგას, გერმანული ბიზნესის ზეწოლის მიუხედავად. ... ფრანსუა ოლანდი უფრო მოქნილად მოქმედებს, თუმცა „მისტრალის“ საბრძოლო ხომალდებთან დაკავშირებული კონფლიქტის გადაწყვეტის გზამ კიდევ ერთხელ გაუხსნა კარი მანევრირებას რუსეთთან მიმართებით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ეხება პარიზისა და ბერლინის სანდოობას“.

ლიტვურ ვებსაიტზე, რომლის სახელია „15 წუთი“, 12 აგვისტოს ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხების სპეციალისტმა ედვარდ ლუკასმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის მწვავედ აკრიტიკებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლტოლვილთა კრიზისის მიმართ გამოვლენილ მტრულ დამოკიდებულებას. „ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას აქვს გამოცდილი იძულებითი მიგრაცია (დეპორტაციის შემთხვევების და მათი ხალხის საზღვარგარეთ ემიგრაციის გზით), ბალტიისპირეთის ქვეყნებმა კი იძულებითი იმიგრაციაც გამოსცადეს [რუსების ჩასახლებით]. ახლა, სოლიდარობის სახელით, ამ ქვეყნებს სთხოვენ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი ლტოლვილების მიღებას. შედეგი - ქვეყნებს შიშის ზარი დაეცათ. ... ესტონელებმა, ლატვიელებმა, ლიტველებმა, პოლონელებმა, ჩეხებმა, სლოვაკებმა, უნგრელებმა და სხვებმა იციან, რას ნიშნავს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, კიდევ უარესი ხვედრისგან გასაქცევად. ახლა სხვები არიან ამ სიტუაციაში - ისინი, ვინც მორბის ერიტრეადან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც შემხვედრი ბარბაროსობის დონე სტალინის მოკავშირეებისთვისაც კი შემზარავი იქნებოდა.

ამ ხალხმა დაიმსახურა სოლიდარობა. დიახ, ზოგიერთი მიგრანტი შესაძლოა, უბრალოდ, უკეთეს ცხოვრებას ესწრაფოდეს. მერე რა? არც ისე დიდი ხნის წინ იყო, რომ „აღმოსავლეთ ევროპად“ წოდებული რეგიონის ხალხიც იმასვე აკეთებდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG