Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირის ბოლოს ევროპული მედიის ყურადღება მიიპყრო ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან თავშესაფრის საძებრად ევროპაში დაძრული მიგრანტების პრობლემამ. ამ თემას მიეძღვნა 27 აგვისტოს ვენაში გამართული დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის სამიტი, რომლის ყურადღების ცენტრში მოექცა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გაბედული განცხადებები და საქციელი.

მანამდე, 26 აგვისტოს, ანგელა მერკელმა ჰაიდენაუში მდებარე ლტოლვილთა ბანაკი დაათვალიერა და დაგმო თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებზე განხორციელებული ძალადობა, როგორც „საზიზღარი და სამარცხვინო ქმედება“. ვიდრე მერკელი ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრებოდა, ბერლინმა შეაჩერა დუბლინის შეთანხმება სირიელი მიგრანტებისათვის, რაც ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლებს აღარ დააბრუნებენ იმ ევროპულ ქვეყანაში, რომელშიც ისინი საკუთარი სამშობლოდან გაქცევის შემდეგ პირველად ჩავიდნენ. ანგელა მერკელის ასეთ გაბედულ პოლიტიკურ და ჰუმანურ ნაბიჯს არაერთი ევროპული ლიბერალური პრესა, მათ შორის, ესპანური გამოცემა „ლა ვანგუარდია“ გამოეხმაურა.

„მიგრანტთა პრობლემის სწრაფად მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მერკელი ამ მხრივ მოქმედებს სწრაფად და გაბედულად. შესაძლოა ეს ვინმემ აღიქვას როგორც ძალის დემონსტრირება, რაც ბუნებრივია გერმანიისათვის, თუ გავითვალისწინებთ მის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნის, როლს, მაგრამ ეს ადასტურებს ასევე მერკელის რწმენას და თავდადებას ევროპული პროექტისა და ჰუმანიტარული ფასეულობებისადმი, რაც მხარდაჭერას იმსახურებს“, - წერს ესპანური გამოცემა „ლა ვანგუარდია“.

გერმანიის კანცლერის სტუმრობას გამოეხმაურა უნგრეთის კონსერვატიული გამოცემა „ჰეტი ვალაში“, რომელიც მიიჩნევს, რომ მერკელმა სასაცილო გახადა ორბანიც და მისი სასაზღვრო კედელიც. იგულისხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უნგრეთმა მეზობელ სერბეთთან სასაზღვრო კედლის აშენება განიზრახა ლტოლვილთა ნაკადის შესაჩერებლად. „მას შემდეგ, რაც ბერლინმა განაცხადა, რომ ყველა სირიიდან გამოქცეულ თავშესაფრის მაძიებელს ექნება ისეთი მოპყრობა, როგორიც დევნილებს, ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, გერმანია მიიღებს მიგრანტებს, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ანგელა მერკელმა ხელში აიღო დიდი რკინის საჭრელი და შუაზე გადაჭრა უნგრეთის სასაზღვრო კედელი“, - წერს უნგრეთის გამოცემა „ჰეტი ვალაში.“

ევროპის პრესას ყურადღების გარეშე არ დარჩენია არც უკრაინელი კინორეჟისორის ოლეგ სენცოვის საქმე. ყირიმის ანექსიის საწინააღმდეგო საქმიანობით ცნობილი კინორეჟისორი რუსეთის სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ერთ-ერთი ბრალდება კი სევასტოპოლში ლენინის მონუმენტის აფეთქებასთან არის დაკავშირებული. „სენცოვის დაპატიმრებამ პუტინის ძალაუფლების საზღვრები წარმოაჩინა“ - ასეთი სათაური აქვს შვეიცარიის მემარცხენე-ცენტრისტულ გაზეთ „ტაგეს ანცაიგერში“ გამოქვეყნებულ სტატიას. „სასამართლოს განაჩენი აღმაშფოთებელია, მაგრამ, ამავდროულად, იგი მოვლენებს ფართო პერსპექტივაში წარმოაჩენს. ერთი რამ ცხადია: ოც წელიწადში ვლადიმირ პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში. 20 წელი შეიძლება იყოს მთელი ეპოქა დღევანდელირუსეთისსწრაფად ცვალებად ისტორიაში. ზუსტად ორი ათწლეულის წინ რუსეთი თავად ანადგურებდა ლენინის ძეგლებს, დღეს კი ასეთ ქმედებას ტერორიზმის კლასიფიკაცია ეძლევა“, - წერს გამოცემა და შემდეგ განაგრძობს: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემა ჩაფიქრებული იყო როგორც მარადიული და პოლიტბიუროში მხოლოდ სახეები იცვლებოდნენ,პუტინის სისტემა ერთ კონკრეტულ პიროვნებაზეა მორგებული და თუ მანამდე არ დაიშალა, რეჟიმის დასასრული აუცილებლად დადგება მაშინ, როდესაც ეს ერთი ადამიანი მოკვდება“, - წერს შვეიცარიის მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთი „ტაგეს ანცაიგერი“.

„რუსეთის მართლმსაჯულება რეპრესიის ინსტრუმენტია“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული „ლე მონდი“ რუსეთის სამხედრო სასამართლოს მიერ უკრაინელი კინორეჟისორის ოლეგ სენცოვის გასამართლებაზე. „ეს სასამართლო რუსეთის ისტორიის ბნელი ეპიზოდის გადმონაშთიადა არ შეჰფერის ქვეყანას, რომელსაც თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის პრეტენზია აქვს. ამის შემდეგ აღარავის უნდა ჰქონდეს ილუზია, თითქოს ამჟამინდელი რუსეთის მართლმსაჯულება დამოუკიდებელი იყოს: ის ინსტრუმენტად გამოიყენება და დღევანდელი ვერდიქტი ადასტურებს ქვეყანაში რეპრესიული სისტემის აღდგენას, რაც თვალშისაცემი იყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს პუტინი მესამე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად“, - წერს მემარცხენე-ცენტრისტული „ლე მონდი“.

უკრაინასთან ურთიერთობას ეხება პოლონურ „ჟეჩპოსპოლიტაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანახმად, პოლონეთის ხელისუფლებაში გარკვეული ცვლილებაა უკრაინის მიმართ შემუშავებული საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.როგორც გაზეთი წერს, პოლონეთის ლიბერალურად განწყობილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი, „ეროვნულ-კონსერვატორი“ ანჯეი დუდა, რომელიც მოითხოვს პოლონეთი ჩართონ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი სხეტინა პრეზიდენტის ამ იდეას მარტში მხარს უჭერდა, ახლა აშკარაა ცვლილება საგარეო პრიორიტეტებში, რასაც ასეთ ახსნას უძებნის პოლონეთის კონსერვატიული გამოცემა „ჟეჩპოსპოლიტა“: „ასეთი ცვლილება აშკარად მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ასეთ დროს ადამიანები ივიწყებენ იმას, რასაც ადრე ამბობდნენ. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი ანგარიშგასაწევი არგუმენტი, რომ ნებისმიერი გზით არ დაუშვან ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა. ამავე დროს, პრეზიდენტმა დუდამ საკუთარი თავი ცეცხლის ქვეშ დააყენა. მან ისე წამოაყენა მოთხოვნა, რომ კიევთან, ბერლინსა და პარიზთან არ გაუმართავს მოლაპარაკება იმის გასარკვევად, თუ რამდენად არსებობს მშვიდობის დამყარების შანსი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG