Accessibility links

logo-print

ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა საგანგებო შეხვედრა მოაწყვეს იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა ტერორისტულ საფრთხეს უპასუხოს.

სწორედ ეს იყო გასულ კვირას ევროპის პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა.

ფრანგულმა კონსერვატიულმა გამოცემა „ფიგარომ“ 24 მარტს ევროპის ბიუროკრატიული სტრუქტურები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი მიდგომის გამოა ევროპა დაუცველი. „ევროკავშირი არ არის გამოსავალი, ეს უფრო პრობლემაა. ამ მკვლელობების შემდეგ ვითარების გამოსასწორებლად ჩვენ რაღაც მეტი გვჭირდება, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაა“, - წერს ფრგანგული გამოცემა.

ინფორმაციის გაცვლისკენ მოუწოდა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზიერემ ევროკავშირის ქვეყნებს. ის ფიქრობს, რომ უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მონაცემთა დაცვა. ამ თემას შეეხო 24 მარტს გერმანული მემარცხენე გამოცემა „ზე დოიჩე ცაიტუნგი“:

„თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ბიუროკრატიულ მოწყობას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს [საიდუმლო] ინფორმაცია ორგანიზებული დამნაშავეების ხელში მოხვდესო“, წერს გამოცემა და დასძენს, რადგან ასეთი საფრთხე არსებობს, 28 ევროპული ქვეყნის გაერთიანება ტერორიზმთან საბრძოლველად ილუზიად დარჩებაო. „ზე დოიჩე ცაიტუნგის“ სტატიის მიხედვით, ერთადერთი ეფექტური გამოსავალი იქნებოდა, თუ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები შექმნიდნენ პატარა, ეფექტურ ანტიტერორისტულ სამსახურს, სადაც მუდმივად იქნებოდა შესაძლებელი ინფორმაციის გაცვლა.

ბელგიური ლიბერალური გამოცემა „დე სტანდაარდი“ ეჭვქვეშ აყენებს ბელგიური უსაფრთხოების სამსახურების კომპეტენტურობას. ამის საილუსტრაციოდ 24 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემას მოჰყავს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომ ბრიუსელის ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე 2015 წლის ივლისში თავდამსხმელია, რომელიც თურქეთში რადიკალ ისლამისტებთან კავშირის გამო დააკავეს და ბელგიაში გააბრუნეს. გამოცემა წერს, ევროპული უსაფრთხოების სამსახურების მიერ ამ ადამიანის გათავისუფლება შემაშფოთებელიაო.

გასულ კვირაში აქტუალური იყო თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებაც მიგრანტების საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნების შესახებ.

ამ თემას 21 მარტს გამოეხმაურა ყატარის ყოველდღიური გამოცემა „ალ არაბი ალ ჯადიდი“. ჟურნალისტი ამჯად ნასერი წერს, ერთი მხრივ, ეს შეთანხმება კარგია, რადგან ლტოლვილებს ექნებათ თავშესაფარი თურქეთში, მეორე მხრივ კი, იორდანიიდან ან ლიბანიდან თურქეთს უფრო და უფრო მეტი ლტოლვილი მიაშურებს და საეჭვოა, სირიაში ომის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდნენ, მით უფრო, ზედმეტია საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე მიაღწიეს ევროპასო.

ბერძნული ლიბერალური გამოცემა „ტო ვიმა ონლაინი“ კი ამ შეთანხმების მესამე მხარეზე, საბერძნეთზე, საუბრობს და შენიშნავს, ქვეყანა ამ ტვირთს მარტო ვერ ზიდავსო. 22 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა წერს, რომ საბერძნეთში არაა შესაბამისი საჯარო სამსახურები ქვეყანაში დაგროვილი მიგრანტებისათვის და მხოლოდ ბერძენთა კეთილგანწყობა საქმეს ვერ უშველის.

ასევე ბერძნული გამოცემა „ნაფტემპორიკი“ ამ ამბავს კონსერვატიული კუთხით აშუქებს და ვარაუდობს, რომ ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმება მიგრანტთა კრიზისს დაასრულებს.

დასავლური პრესა აქტიურად აშუქებდა უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს, სასამართლო პროცესსაც. რუსულმა სასამართლომ სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პოლონური გამოცემა, „პოლიტიკა“ 22 მარტს გამოქვეყნებულ ბლოგში, სათაურით „პუტინი უკომპრომისობას ავლენს“, წერს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის რუსეთის ერთგვარი შურისძიება იმის გამო, რომ მან უკრაინაში ისეთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, როგორსაც ელოდა.

ბრიტანული გამოცემის „ფაინენშალ თაიმზის“ მიხედვით კი, რუსეთმა სავჩენკოსგან გმირი შექმნა.

22 მარტის სტატიაში კონსერვატიული გამოცემა წერს, რომ ამ გრძელვადიანი პატიმრობით სავჩენკო მოწამედ გადაიქცევა, ამით კი რუსეთმა, ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეჭრის შემდეგ, უკრაინელებს ეროვნული იდენტობის გრძნობა იმაზე მეტად გაუღვივა, ვიდრე საბჭოთა კავშირისგან 20-ზე მეტი წლის დამოუკიდებლობამ.

გერმანული მემარცხენე გამოცემა „ტაგესცაიტუნგი“ ამ პროცესში პასუხისმგებლობას უკრაინასაც აკისრებს. 22 მარტს გამოცემა წერდა, რომ უკრაინელი ხალხი დიდად არ დაინტერესებულა ორი მოკლული ჟურნალისტის, იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის, ბედით, ამ საქმის მყისიერი გამოძიება კი ქვეყნის მოვალეობა იყო. გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განსამუხტად რუსეთს შეუძლია სავჩენკო ციხიდან გაათავისუფლოს, ხოლო უკრაინამ ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადოს ორი მოკლული რუსი ჟურნალისტის ოჯახებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, გასულ კვირას კუბაში ჩავიდა და სახელმწიფოს ლიდერ რაულ კასტროს შეხვდა. დასავლური პრესის ნაწილი ობამას ამ ინიციატივას მიესალმება, ნაწილს კი სჯერა, რომ კუბა ეკონომიკურად შეიცვლება, თუმცა არა პოლიტიკურად.

ჰოლანდიური გამოცემა „ტროუვი“ 24 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში იმედს გამოთქვამს, რომ ეს კუბის თავისუფლების დასაწყისია. გამოცემა წერს, რომ საჭიროა კუბამ დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრისკენ დაიწყოს სვლა, ამისთვის კი დისიდენტები უნდა გაათავისუფლოს. აქვე ვკითხულობთ ასევე, რომ კომუნისტურ რეჟიმს სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა სუსტია, მოსახლეობა კი იზრდება და საჭიროა კუბელებმა ქვენის სადავეები თავადვე აიღონ ხელში.

ფრანგული ყოველდღიური გამოცემა „უსესტ ფრანსი“ კი წერს, რომ ბარაკ ობამა კუბაში ეძებს მეტს, ვიდრე ურთიერთობების გაღრმავებაა, ეს კი, 22 მარტის სტატიის მიხედვით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება უნდა იყოს. გამოცემაში ვკითხულობთ, დღეს ეს შესაძლებლობა აშკარად არსებობს, თუმცა გაქრება, თუ დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა და მექსიკის საზღვართან კედელს ააგებსო.

ესპანურ კონსერვატიულ გამოცემა „ეი ბი სის“ თუ დავეყრდნობით, ჰავანაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ კასტროს რეჟიმის ძირეული ბუნება არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ამის საილუსტრაციოდ გამოცემას ობამას ვიზიტიდან სულ რამდენიმე საათში ათობით დისიდენტის დაპატიმრება მოჰყავს. აქვე ვკითხულობთ, რომ სავაჭრო გზების გახსნა საშუალო კლასს გააძლიერებს, ხოლო დიქტატურას დაასუსტებს, თუმცა ეს რომ მოხდეს, აუცილებელია მხარი დაეჭიროთ დემოკრატებს და არა დიქტატურას.

გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო გაეროს ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი დამნაშავედ იქნა ცნობილი 1992-95 წლებში გენოციდის მოწყობაში, დაუდასტურდა კიდევ რამდენიმე მძიმე სამხედრო დანაშაულის ბრალდება და 40 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ამ ამბავს სარედაქციო სვეტით გამოეხმაურა, სათაურით „ეს დასაწყისის დასასრულია“.

24 მარტს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ეს შეიძლება ჰააგის სასამართლოს ყველაზე ცნობილი მიღწევა იყოს 23-წლიანი მუშაობის განმავლობაში. „დაუსჯელობის დრო დამთავრდა... ეს კი ორ რამეს მოიტანს: სამართალს გადარჩენილთა ოჯახებისთვის და შეკავებას მომავალი დამნაშავეებისთვის“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG