Accessibility links

logo-print

„პრეზიდენტის ინსულტი“ - ასეა დასათაურებული გაზეთ „როსბიზნესკონსალტინგში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. გამოცემა უზბეკეთის მთავრობასა და პრეზიდენტის ქალიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას იმის თაობაზე, რომ კარიმოვმა მიიღო ინსულტი. 78 წლის ისლამ კარიმოვი, რომელიც დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტებს შორის ყველაზე ხანდაზმულია, უზბეკეთის ხელისუფლების სათავეშია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან: 1989 წელს ის რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს, 1995 წელს კი მისი უფლებამოსილება გაგრძელდა 2000 წლამდე. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ისლამ კარიმოვმა 2015 წელს 90-პროცენტიანი მხარდაჭერით მოიგო. რუსული გამოცემის ვარაუდით, კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ვეღარ შეძლებს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელებას. გაზეთი ასახელებს იმ ორი ფუნქციონერის ვინაობას, რომლებმაც შესაძლოა დაიკავონ პრეზიდენტის თანამდებობა. ესენია პრემიერ-მინისტრი შავქათ მირზიაევი და ვიცე-პრემიერი რუსთამ აზიმოვი, თუმცა, რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ავადმყოფობის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება უნდა შეასრულოს სენატის თავმჯდომარემ. როგორც გამოცემას ექსპერტმა ცენტრალური აზიის საკითხებში არკადი დუბნოვმა უთხრა, კარიმოვის მემკვიდრის შერჩევისას ძირითადი მოთამაშეები იქნებიან პრეზიდენტის ოჯახი, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და რეგიონალური კლანები. ჯერჯერობით ფავორიტებს შორის ყველაზე დაწინაურებული 59 წლის მირზიაევია. 2013 წლამდე ისლამ კარიმოვის მემკვიდრედ ექსპერტები ასახელებდნენ მის ქალიშვილ გულნარას, რომელიც ათი წელი ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა 2012 წლიდან მისი სახელი ფიგურირებს არაერთ კორუფციულ გამოძიებაში, რომელიც მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში წარმოებს.

„როსბიზნესკონსალტინგის“ დასკვნით, ვინც არ უნდა დაიკავოს კარიმოვის ადგილი, უზბეკეთი მკვეთრად არ უგანებს მოსკოვს, რადგანაც ზოგადად ოფიციალური ტაშკენტისათვის არ არის დამახასიათებელი მკვეთრი პოლიტიკური მოძრაობები.

გაზეთი „კომერსანტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის დიდი ენციკლოპედია ბეჭდური სახით აღარ გამოვა, რადგანაც, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მას ჩაანაცვლებს ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსია, რომელიც, იდეის ავტორთა ვარაუდით, წარმატებით გაუწევს კონკურენციას ვიკიპედიას თუნდაც იმის გამო, რომ მისი სტატიები გაივლიან მეცნიერულ შემოწმებას. გამოცემა ციტირებს რუსეთის ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის ვლადიმირ გრიგორიევის კომენტარს: „მომავალ წელს ენციკლოპედიის ბოლო ტომი გამოვა. ენციკლოპედიის გამოცემის თორმეტი წლის განმავლობაში შეიქმნა კოლოსალური ინფორმაციული მასივი მსგავსი იმისა, როგორიც არის ინგლისურენოვანი „ბრიტანიკა“ და გერმანულენოვანი „ბროკჰაუზი“. ახლა კი დადგა დრო მისი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისა, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს მთელი რუსულენოვანი სამყაროსათვის“.

ვლადიმირ გრიგორიევი დარწმუნებულია, რომ ენციკლოპედია, როგორც სახელმწიფო პროექტი, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საზოგადოებრივი ვიკიპედია, რომელშიც სტატიებს თავად მომხმარებლები წერენ და ამის გამო, შესაძლოა, პოპულარულია, მაგრამ მოიკოჭლებს სიზუსტეში, თუმცა ვიკიპედიაში აცხადებენ, რომ კონკურენციის არ ეშინიათ თუნდაც იმის გამო, რომ ვიკიპედიაში რუსულ ენაზე 1 მილიონ 337 ათასი სტატიაა განთავსებული, მაშინ როცა დიდი რუსული ენციკლოპედია მხოლოდ 100 ათას სტატიას ითვლის. გარდა ამისა, როგორც „ვიკიმედია რუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სტანისლავ კოზლოვსკიმ უთხრა „კომერსანტს“, არის სხვა უპირატესობაც: რუსეთის ენციკლოპედია მემკვიდრეა საბჭოთა ენციკლოპედიისა, რომელიც იდეოლოგიური კლიშეებით იყო დაღდასმული. ამგვარი საფრთხე ახლაც არსებობს, მაშინ როცა რუსულ ვიკიპედიაში წერს განსხვავებული შეხედულების ორი მილიონი ადამიანი, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ერთმანეთს, რათა სტატიაში დარჩეს მხოლოდ ფაქტები, პოლიტიკური ინტერპრეტაციების გარეშე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG