Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 მაისი, 2012


დავით გარეჯის საკითხი, ნატოს სამიტი, საარჩევნო გარემო და ივანიშვილის კოალიციის მიერ დაანონსებული აქცია - ამ და ბევრ სხვა თემაზე წაიკითხავთ დღევანდელ პრესაში.

”ისევ მაპ-ზე უკეთესის მოლოდინი” – ”რეზონანსი - მთელი კვირის” სტატიაა ასე დასათაურებული. ავტორი ნატოს სამიტის მიმართ მოლოდინზე წერს და რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას სთავაზობს მკითხველს. ალექსანდრე რონდელი ამბობს: ”ამჯერად რაღაც კონკრეტულად უნდა იყოს ნათქვამი, ან დროის თვალსაზრისით, ან სიტყვა ”ასპირანტი” უნდა იყოს ნათქვამი დოკუმენტში”; ვასილ ჭყოიძე: ”ნატო-ს გაფართოების ისტორიაში იყო პერიოდები, როცა პოსტკომუნისტური ქვეყნები ალიანსში მაპ-ის გარეშეც შედიოდნენ. რაღაც პერიოდში შემოიღეს მაპ-ი და ახლა შესაძლოა, საქართველოს მიმართ რაღაც ახალი, კონკრეტული მექანიზმი შემუშავდეს, რომელიც მომავალში ნატო-ს კანდიდატი ქვეყნებისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა გამორიცხული არ არის მაპ-ი მივიღოთ”; ხათუნა ლაგაზიძე: ”შეიძლება ასპირანტი ქვეყნის სტატუსზე იყოს კიდევ ერთხელ საუბარი. ვფიქრობ, რომ მაპ-ს არ უნდა ველოდოთ და თუკი საქართველოსთან მიმართებაში რაიმე დაფიქსირდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიჯის, პიარული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა რეალური წინსვლა ნატოსკენ”.

ჟურნალ ”ტაბულაში” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ჩარლზ კრაუტჰამერთან, ამერიკელ პოლიტიკურ კომენტატორთან. ის ამერიკის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს. რუსეთთან ურთიერთობაზე ამბობს: ”ობამას ჰგონია, რომ კარგი ურთიერთობა უკვე წარმატებაა. ის თვლის, რომ ყველაფრის დათმობის შედეგად მიღწეული სიმშვიდე წარმატებას ნიშნავს”. კრაუტჰამერი ეჭვობს რუსეთმა იმპერიის აღდგენა შეძლოს: ”იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა თავიდან ბოლომდე რესურსების მოპოვებაზე დგას, კორუფცია ყველანაირ ზღვარს სცილდება, ხოლო სტაბილურობას ”კა-გე-ბე” ინარჩუნებს. ასე შეიძლება ერთხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა - უსასრულოდ”.

”ვერსია” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ეკითხება, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეების ნაწილს საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს: ”არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არასწორი ინიციატივაა, თუმცა არც მის სისწორეში ვარ დარწმუნებული. მაგრამ ქვეყანას არანაირ პრობლემას არ უქმნის, ეს ჩვენ გვიქმნის ტექნიკურ პრობლემებს. ქვეყანას პრობლემა მაშინ შეექმნება, თუ საგრძნობი რაოდენობის ამომრჩეველი გამოჩნდა ევროკავშირიდან და შედეგებზე მოახდინა გავლენა”, - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.

ამავე ცვლილების შესახებ ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ლაპარაკობს ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან ”კვირის პალიტრას” მისცა: ”გულწრფელად გეტყვით, ეს კანონი იმდენად აბსურდულია, არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ და პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს. მგონია, რომ რაღაცას თამაშობენ, რაღაც სცენარი დაწერეს და არ ვიცი, საქართველოს მოსახლეობას ეთამაშებიან, ევროპას თუ ამერიკას... ...რასაც ახლა პარლამენტში აკეთებენ, ეს უკან დახევაზე გაცილებით უარესია”, - აცხადებს ივანიშვილი. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ ყველაზე კარგ რეკლამას მას სააკაშვილი და მისი გუნდი უკეთებს: ”სააკაშვილი ყოველ გამოსვლაში ისეთ მარგალიტებს აფრქვევს, რომ პიარზე ფიქრი დიდად არ გვჭირდება”. ”ჩვენ მოვდივართ, რომ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვასაც კი უკეთესი პირობები ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს”, - აცხადებს ივანიშვილი და მოსახლეობას სიზარმაცის დაძლევისა და დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ინტერვიუს ბოლოს შეიტყობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, როგორც თავად უწოდებს, ”გაკოტრებული ნათელაშვილის” ყიდვას და გეგმავს შეხვედრას გია ჟორჟოლიანთან და ”მწვანეების” ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან. ასევე არ გამორიცხავს, რომ მის პარტიას დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუერთდეს.

ამ პოლიტიკური ანონსის ერთგვარ გაგრძელებას ნახავთ ”კვირის ქრონიკის” ინტერვიუში ოლიმპიურ ჩემპიონ, ”ქართული ოცნების” წევრ ზურაბ ზვიადაურთან. ის ამბობს: ”ძალიან მალე კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი შემოუერთდება ”ქართულ ოცნებას”. ამას კიდევ მოჰყვება ძალიან ბევრი ბიჭი, ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოს ჩემპიონები”. ”კვირის ქრონიკაში” დღეს ვალერი გელბახიანთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ის ბორის ბერეზოვსკის შესახებ ლაპარაკობს და ასკვნის, რომ ბერეზოვსკის საქართველო რუსეთთან დაპირისპირებისთვის პოლიტიკურ სივრცედ სჭირდება.

მამუკა არეშიძე ”ახალი თაობის” კორესპონდენტს ეუბნება, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გატანილი ”საქართველოს რკინიგზის” აქციების 25%-ით მხოლოდ რუსეთი შეიძლება დაინტერესდეს - ”ვის რაში სჭირდება დაქცეული საქართველოს რკინიგზის 25%? რუსეთი იყიდის ამას იმისთვის, რომ შემდეგ, პერსპექტივაში, გააგრძელოს მთლიან პაკეტზე დავა და ვაჭრობა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG