Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა რამდენიმე თემას დაეთმობა. დავიწყებთ გამოხმაურებით, რომელიც მოჰყვა 14 ივლისის საღამოს საფრანგეთში მოწყობილ საზარელ ტერაქტს. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა, რომელიც სატვირთო მანქანაში იჯდა, სიცოცხლეს გამოასალმა 80-ზე მეტი ადამიანი, როცა ისინი ქალაქ ნიცის ბულვარში იყვნენ შეკრებილი ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

„უსაფრთხოების ილუზია“ - ასეა დასათაურებული გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” სტატია, რომელიც ნიცის ტერაქტის მომდევნო დილას ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნდა.

„ნიცაში ერთბაშად ორი იმედი მოისპო. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მშვიდობიანად ჩატარების შემდეგ საფრანგეთში ეგონათ, რომ უკან მოიტოვეს ტერორის უდიდესი ტრავმა. ახლა ქვეყანაში ძალიან კარგად გააცნობიერეს, რომ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისაგან. ამას გარდა, ნიცაში, ანგლეს ბულვარში, გაქარწყლდა შეხედულება, რომ ისლამისტების თავდასხმები ბევრი ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად დედაქალაქით, რესპუბლიკის სიმბოლოთი, იქნებოდა შემოფარგლული“, -

წერდა პარასკევის ონლაინგამოცემაში „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.

იტალიის „სტამპას“ შეფასებით, ჯიჰადისტებს ეკისრებათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა. „ჯიჰადისტებმა შეგნებულად შეარჩიეს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული. მათ სურდათ სწორედ იმ მომენტში მიეყენებინათ დარტყმა საფრანგეთისათვის, როცა ის დარწმუნებული იყო საკუთარ ძალებში - იმ დღეს, როცა ქვეყანა რევოლუციას იხსენებს და თავის თავისუფლებას ზეიმობს ხოლმე“, - წერს ტურინში გამომავალი „სტამპა“.

განვლილ კვირაში უცხოეთის პრესამ მრავალი სტატია დაუთმო ნატოს სამიტსაც, რომელსაც 8-9 ივლისს ვარშავამ უმასპინძლა და რომელიც დაწვრილებით გააშუქა ჩვენმა რადიომაც. დავიწყებთ ციტატით ნიდერლანდის გაზეთ „ტელეგრააფში“ დაბეჭდილი სტატიიდან. „ნატოს რეაგირება მართებს“, - წერს წერილის ავტორი და განაგრძობს:

„ყირიმის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინის ფაქტობრივი მიერთებით, წინასწარ გაუფრთხილებლად სამხედრო წვრთნების ჩატარებით და დასავლეთის საჰაერო სივრცის არაერთხელ სახიფათოდ დარღვევითრუსეთი, უკვე გარკვეული დროა, აგრესიულად იქცევა. შესაბამისად, ლოგიკური რეაქცია იყო ნატოს ჯარების პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში განთავსება. ეს ქვეყნები მოსკოვისაგან რეალურ საფრთხეს გრძნობენ. ის, რომ „გლასნოსტის“ სიმბოლო, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი გორბაჩოვი, (რუსეთისათვის) თითქმის ომის გამოცხადებაზე საუბრობს, შემაძრწუნებელია! მაგრამ კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია, როგორ ეშინია ნატოს ზოგ წევრს ძალის დემონსტრირების. გასულ კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა გააკრიტიკა ნატოს სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო საფრანგეთს სურს ჯერ მოიცადოს და რუსეთთან დიალოგი მოსინჯოს. ნატოს ახლა ერთიანობისა და ქმედითუნარიანობის დემონსტრირება მართებს. განხეთქილება და შიში პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს“, - ამ შეფასებას გამოთქვამენ სტატიაში, რომელიც ამსტერდამში გამომავალმა „ტელეგრააფმა“ დაბეჭდა.

ხოლო პრაღის გაზეთი „ჰოსპოდარსკე ნოვინი“ ასევე ნატოს ვარშავის სამიტზე გამოხმაურებისას დაასკვნის, რომ ალიანსმა მხოლოდ მცირე წინსვლას მიაღწია: „მართალია, 4 000-მდე ჯარისკაცს გაგზავნიან ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, მაგრამ ამ საქმეში ჩახედული ხალხი ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქი, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება, თავს უყრის 250 ათასამდე ჯარისკაცს. თუ ნატოს პუტინზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს, მეტის გაკეთება მოუწევს“.

ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყნის -თურქეთის - გაზეთი „ჰურიეთი“ კი წერს, ვარშავის სამიტი ამინდის პროგნოზის პაროდიას ჰგავდაო... „როგორც ამინდის პროგნოზის დროს, როცა ყველას მხოლოდ ის ადგილი აინტერესებს, სადაც თვითონ ცხოვრობს, ნატოს წევრებიც მხოლოდ საკუთარი რეგიონითა და საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებული: რუმინეთს და ბულგარეთს ისევჯარების შავ ზღვასთან განთავსება სურდათ, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი კვლავ მოითხოვდნენ რუსეთის შეკავებას მათ ტერიტორიაზე ჯარისკაცების გაგზავნით, ხოლო დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მხოლოდ ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდნენ. ნატოს სამიტზე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა გამოსვლების დროს ძალიან მკაფიო იყო ეს განსხვავებები“.

ახლა კი სხვა თემა. ბრიტანეთს ოთხშაბათიდან, 13 ივლისიდან, ჰყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, თერეზა მეი, და ჰყავს რამდენიმე ახალი მინისტრიც. მათგან ერთ-ერთმა, რომ იტყვიან, ყველა დაჩრდილა! ეს არის ბორის ჯონსონი - ლონდონის ყოფილი მერი და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, ანუ „ბრექსიტის“, მხარდამჭერი კამპანიის ხელმძღვანელი. ბრიტანეთის გაზეთი „ტელეგრაფი“, რომელთანაც ჯონსონს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, კმაყოფილებას არ მალავს.

„უნდა მივესალმოთ თერეზა მეის, როგორც ახალ პრემიერ-მინისტრს. მან პირობა დადო, რომ „ბრექსიტი“, მართლაც, „ბრექსიტს“ ნიშნავს. შეგვიძლია ვენდოთ მის სიტყვას. ის, რომ, ჭკვიანური გათვლით, ბორის ჯონსონი გახადა საგარეო საქმეთა მინისტრი, ადასტურებს, რომ ნდობა გამართლებულია. ჯონსონის არჩევა საუცხოო იდეა იყო: მას სჯერა „ბრექსიტის“, მაგრამ თან პროევროპელია; სურს მიგრაციის დამატებითი კონტროლი, მაგრამ თან მხარს უჭერს მიგრანტების მიღებას. მისი დანიშვნა ხელს შეუწყობს ბრექსიტის, როგორც ლიბერალური პროექტის, განხორციელებას“, წერს ლონდონის „ტელეგრაფი“.

ბევრ სხვა გაზეთში ბორის ჯონსონის მიმართ კრიტიკულ შეფასებებს შეხვდებით. „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, აღნიშნავს: დიპლომატია არ მიეკუთვნება ბრიტანეთის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის ძლიერ მხარეებსო.

„პირიქით: ბორის ჯონსონი ცნობილია თავისი მწარე ენითა და ნამდვილი სიტყვიერი გამოხდომებით. „ბრექსიტის“ მხარდამჭერი კამპანიის მსვლელობაში ჯონსონი (...) კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა ევროკავშირის ადოლფ ჰიტლერთან შედარების გამო. ევროპაში ყოველთვის იყო მცდელობები, რომ კონტინენტი - რომის იმპერიის მსგავსად - ერთი მთავრობისათვის დაექვემდებარებინათო, უთხრა ჯონსონმა მაისში გაზეთ „სანდი ტელეგრაფს“. ნაპოლეონი, ჰიტლერი, სხვადასხვა ხალხი ცდილობდა ამას და ეს ტრაგიკულად მთავრდებოდაო. ევროკავშირი, ჯონსონის აზრით, არის მცდელობა, „რომ ამას განსხვავებული მეთოდებით მიაღწიონ“.

ისევე როგორც „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“, ბორის ჯონსონისათვის ბრიტანეთის დიპლომატიის ჩაბარებას სკეპტიკურად აფასებს „ნიუ-იორკ ტაიმსიც“. „ეს არჩევანი ბევრისათვის იყო მოულოდნელი. მიზეზია, პირველ რიგში, ის, რომ ბორის ჯონსონი ხშირად, სრულიად დუდევრად, უცხოელ სახელმწიფო ლიდერებს შეურაცხყოფს. გაართულებს თუ არა თერეზა მეის ამოცანას მინისტრად ჯონსონის წარდგენა, ჯერ არ არის ნათელი. ყველა ვარიანტში თერეზა მეის სწრაფად მოქმედება მოუწევს, რადგან გაურკვევლობამ უკვე დააზარალა ბრიტანეთის ეკონომიკა“, - წერს „ნიუ-ნიორკ ტაიმსი“ 14 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG