Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: საქართველო 15 ადგილით დაწინაურდა


რუკა, „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2015“
რუკა, „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2015“

პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 12 თებერვალს გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში – „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2015“. საქართველო 15 ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა. რამ განაპირობა საქართველოს წინსვლა, მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით ვითარების გაუარესება შეინიშნება, და რამდენად ადეკვატურად ასახავს ახალი ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას?

ახალ ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო შედეგებს უკვე ზედიზედ მესამე წელიწადია აუმჯობესებს და უახლოვდება მაჩვენებლებს, რაც 2008 წლის ომამდე აღინიშნებოდა. თუკი შარშანდელ ანგარიშში საქართველოს 84-ე ადგილი ჰქონდა მინიჭებული, წლევანდელ ანგარიშში, 27.7 ქულით, 69-ე ადგილი დაიკავა და ის კვლავაც ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც სომხეთი 78-ე ადგილს, ხოლო აზერბიჯანი 162-ე ადგილს იკავებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მდგომარეობის მზარდი გაუარესებით რუსეთი წლევანდელ ანგარიშში 152-ე ადგილზე მოხვდა. მოწინავეთა სამეულში ვხვდებით სკანდინავიის ქვეყნებს – ფინეთს, ნორვეგიასა და დანიას, ხოლო სიის ბოლოში მოხვედრილ სამეულს თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა წარმოადგენენ.

ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეყრდნობა შეფასების კრიტერიუმებს, რაც მოიცავს: პლურალიზმს მედიაში, მედიის დამოუკიდებლობას, ჟურნალისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების პატივისცემას და იმ საკანონმდებლო ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გარემოს შეფასებას, სადაც მედია საქმიანობს.

2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს დაეტყო იმ რეფორმების შედეგები, რომლებიც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა, თუმცა ის მაინც უჩივის ნაკლოვანებებს საინფორმაციო საშუალებების უკიდურესი პოლარიზაციის გამო.

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეყრდნობა, ახალი ანგარიში დიდწილად ადეკვატურად ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას: ზოგადად მედიაგარემოც გაუმჯობესებულია, ჟურნალისტების საქმიანობაც გაცილებით უსაფრთხოა და მეტი საშუალება გაჩნდა იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა უფრო მიუკერძოებლად იმუშაონ. მაგრამ, როგორც ზვიად ქორიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რჩება მნიშვნელოვანი პრობლემა ტელევიზიების მფლობელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუმჭვირვალობის სახით:

„ეს არის კანონის ნორმა. 2013 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა ეს ჩასწორება კანონში, მაგრამ ამ ნორმის შესრულება პრობლემური იყო მთელი 2014 წლის მანძილზე – საერთოდ, ეროვნული ტელემაუწყებლები თავიდან ჯერ დაობდნენ რამდენად კანონიერი იყო ეს ნორმა, შემდეგ დაობდნენ შესრულებაზე, ხომ არ შეიცავს რაიმე ისეთ კომერციულ საიდუმლოებას ან რაიმე ისეთ ფინანსურ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებითაც შესაძლოა ჩვენი მდგრადობა საფრთხის ქვეშ დადგესო... გაუთავებლად დაობდნენ ამაზე და ამიტომაც ამის აღსრულება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვერ შეძლო სათანადოდ, როგორც საჭიროა“.

მედიამფლობელებისა და ამა თუ იმ მედიასაშუალების ხელმძღვანელების საკითხის შესწავლა მნიშვნელოვან ამოცანად რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თვალთახედვითაც. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ხშირ შემთხვევაში სწორედ მფლობელებისა და ხელმძღვანელების პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავენ შინაარსობრივ მხარეს და იმის გამო, რომ ბაზარი პატარაა და დიდ არჩევანს არავის სთავაზობს, ჟურნალისტები ზოგ შემთხვევაში, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, იძულებული ხდებიან უარი თქვან მიუკერძოებლობაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მამუკა ანდღულაძე მაინც ფიქრობს, რომ პოლარიზაციის პრობლემა გარკვეულწილად დაძლეულ იქნა 2012 წლის შემდეგ, თუმცა, 2012 წლის არჩევნების კვალდაკვალ, პირველ პერიოდში ვითარება ამ მხრივ უკეთესი იყო, შარშან კი პროგრესი შედარებით შეჩერდა:

„თუ შევადარებთ, პირველი ერთი წელი, წელიწად-ნახევარი ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო. ანტაგონისტური, ძალადობრივი დამოკიდებულება, რაც რეგიონებში არსებობდა, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიის წარმომადგენლებს შორის, ეს მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, ვთქვათ, შარშანდელ წელს, როგორი ფაქტებიც პრაქტიკულად არ გვხვდება 2013 წელს, 2014 წელს უკვე შეგვხვდა“.

ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე ბევრი დაგროვდა სათქმელი და გასაკრიტიკებელი, შემოთვლები, ე.წ. მეგობრული რჩევები და დარეკვები ნამდვილად გახშირდა...
ნინო ნარიმანიშვილი

მამუკა ანდღულაძე ჩვენთან საუბრისას, სხვებთან ერთად, „სამხრეთის კარიბჭის“ მაგალითსაც იხსენებს - იხსენებს ჟურნალისტების ლაპარაკს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშ ჩარევაზე. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური გაზეთისა და ასევე საინფორმაციო პორტალის, „სამხრეთის კარიბჭის“, მთავარმა რედაქტორმა ნინო ნარიმანიშვილმა ამის შესახებ რადიო თავისუფლებასაც შეატყობინა. ის და მისი კოლეგა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის სამიზნეები შარშან, წლის ბოლოს გახდნენ და ეს ყველაფერი ერთი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. რაც შეეხება ბოლო წლების საერთო მდგომარეობას, მას ნინო ნარიმანიშვილი ასე აღწერს:

„დასაწყისში, როდესაც ახალი შეცვლილი იყო ხელისუფლება, რაღაც პერიოდი მუშაობა იყო ძალიან ადვილი და სადღაც ერთი წელიწადი ამ ტენდენციამ გასტანა, რომ მაქსიმალურად თავისუფლად ვმუშაობდით რეგიონში ჟურნალისტები. მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე ბევრი დაგროვდა სათქმელი და გასაკრიტიკებელი, შემოთვლები, ე.წ. მეგობრული რჩევები და დარეკვები ნამდვილად გახშირდა“.

მედიაექსპერტების აზრით, ზოგადად რეგიონებში, დედაქალაქთან შედარებით, ყოველთვის უფრო რთული იყო მუშაობა ჟურნალისტებისთვის და ახლაც ასეა. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეინიშნება განსხვავება რეგიონებს შორისაც. როგორც, მაგალითად, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ნათია თურმანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბოლო პერიოდში გაცილებით იოლი გახდა ინფორმაციის მოპოვება და თავად ჟურნალისტებიც ხელისუფლების მისამართით გაცილებით უფრო მომთხოვნები გახდნენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG