Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”როცა პრესა თავისუფალია, ამით მსოფლიო სარგებლობს”


პრესის რეალიზაცია ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში თბილისში.
პრესის რეალიზაცია ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში თბილისში.
3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ამ დღის აღნიშვნა 1993 წლიდან დაიწყო. რამდენად თავისუფალია პრესა საქართველოში და რა ხელის შემშლელი ფაქტორები აფერხებენ მის თავისუფლებას?

ორიოდე დღის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების რეიტინგში, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველომ 3 პუნქტით წაიწია წინ და 49 ქულა დაიმსახურა, რითაც 197 ქვეყანას შორის მათ რიცხვში მოხვდა, სადაც მედია ”ნაწილობრივ თავისუფალია”. შეიძლება ითქვას, ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის აზრს იზიარებენ ის რიგითი გამვლელებიც, რომლებიც რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში ჩაწერა. მცირე გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეები ბეჭდურ მედიას სრულიად თავისუფლად მიიჩნევენ, იმდენად თავისუფლადაც კი, რომ მათ გაზვიადებისა და ფაქტების დამახინჯების საშუალებაც ეძლევათ. რაც შეეხება ელექტრონულ მედიას და, კონკრეტულად, ტელევიზიებს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტელევიზიები მეტად იყო წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ, თუმცა სახელისუფლო გავლენა ტელევიზიებზე, გარკვეულწილად, დღესაც ვრცელდება:

”თავისუფლება კი არა, ბალაგანურ დონეზეა - რასაც უნდათ, ბეჭდავენ, სიბინძურეს, სიყალბეს. სრულიად თავისუფალია, არავითარი ცენზურა არ არსებობს”.

”არა მგონია, მთლად თავისუფალი იყოს, არა... ბეჭდურ პრესას ნაკლებად ვკითხულობ - არაიმიტომ, რომ არ ვენდობი. ისე, იქაც ბევრი ტყუილი წერია, ძალიან ბევრი ფანტაზია და გამოგონილია”.

”აი, წინა მთავრობის პერიოდთან შედარებით, გამოსწორებულია და, იმედია, რომ ეს წინსვლა გაგრძელდება”.

”მე მახსოვს, ჟურნალისტები სულ ჩიოდნენ, სულ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ შეზღუდულები იყვნენ, მაგრამ დღეს იმდენად თავისუფლებაა, მე თვითონ მიკვირს და ვიტყვი ხოლმე, რომ, მადლობა ღმერთს, ბავშვებს მიეცათ რაღაცის შანსი”.


პრესის თავისუფლების მაჩვენებლის შეფასებისას,“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს. მათ შორის გამოარჩევს განსაკუთრებულ შემთხვევას - 2011 წელს ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს, როდესაც 4 ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ისინი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ბრალი მათ მხოლოდ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოეხსნათ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ნათია კაპანაძის სიტყვებით, პრესის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითად გამოდგება ის სარჩელები, რომლებითაც მისი ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავდა:

”38 საქმე გავაგზავნეთ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ეს იყო, 2006 წლიდან მოყოლებული, რაღაც მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში იყო თავმოყრილი. მიუხედავად იმისა, რომ სულ არის 38 საქმე, თითოეული შეეხება 2 ან მეტ ჟურნალისტს. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში 10 ჟურნალისტია კარალეთის ინციდენტის დროს დაზარალებული და ჩვენ გამოძიებას მოვითხოვდით”.

რა თქმა უნდა, ბეჭდურ მედიას ჰქონდა მეტი თავისუფლება და, ამ თვალსაზრისით, უკანაკნელი 15-20 წლის განმავლობაში მართლა არ იყო პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ბეჭდური მედიის წილი საზოგადოების ინფორმირებაში არის ძალიან მცირე...
კორნელი კაკაჩია
მედიაექსპერტების შეფასებით, საქმიანობის თავისუფლების თვალსაზრისით, სახელისუფლებო ზეწოლისგან უკანასკნელ წლებშიც გაცილებით თავისუფალი იყო ბეჭდური მედია და მეტად იგრძნობოდა გავლენა ტელევიზიებზე. როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, ამის განმაპირობებელი მიზეზი ისიც იყო, რომ ტელევიზიების აუდიტორია გაცილებით სჭარბობდა ბეჭდური გამოცემების მკითხველებს, რაც ხელისუფლებას უბიძგებდა მეტად ეკონტროლებინა ინფორმაციის ის წყარო, რომლის მიმართაც მეტი საზოგადოებრივი ინტერესი იყო:

”რა თქმა უნდა, ბეჭდურ მედიას ჰქონდა მეტი თავისუფლება და, ამ თვალსაზრისით, უკანაკნელი 15-20 წლის განმავლობაში მართლა არ იყო პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ბეჭდური მედიის წილი საზოგადოების ინფორმირებაში არის ძალიან მცირე. ამიტომაც მათი ძირითადი აქცენტი კეთდებოდა სატელევიზიო სივრცეზე, ხოლო ჟურნალები და, მათ შორის, ინტერნეტსივრცეც მეტ-ნაკლებად თავისუფალი იყო”.

კორნელი კაკაჩიას სიტყვებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც კი მედია კვლავ რჩება პოლარიზებული.

მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც ისაუბრა. მისი სიტყვებით, აუცილებელია ყველამ დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება:

”ყველა ჟურნალისტს, მედიის ყველა წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს თავისი საქმის კეთების საშუალება. როცა ლაპარაკი და გამოხატვა უსაფრთხოა, ამით მთელი მსოფლიო სარგებელს იღებს”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG