Accessibility links

ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია დღესაც მთავარი თემაა: ”რა მოხდა სინამდვილეში? კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. ექსპერტების ნაწილს და ოპოზიციას ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის ავტორის თანახმადაც, ”ექსპერტთა დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო არ უნდა ითმენდეს მის ტერიტორიაზე შეიარაღებული ადამიანების არსებობას, რომლებიც არ ემორჩილებიან ოფიციალურ ხელისუფლებას. გარდა ამისა, თუკი აღნიშნული შეიარაღებული ჯგუფი საზღვრის გადალახვას და დაღესტანში გადასვლას შეძლებდა, რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო ცნობებით, დიდძალ შეიარაღებასა და ცოცხალ ძალას მოუყარა თავი საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ეს, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის საბაბად გამოეყენებინა”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”ვერსიის” სტატიის სათაურია ”სახიფათო თამაში”. ავტორი თვლის, რომ დღემდე ქართულ მედიას არც ერთ საკვანძო კითხვაზე არ აქვს პასუხი: ”1. ვინ იყვნენ ეს დივერსანტები: ქართველები, რუსები თუ ლეკები? 2. როცა მომხდარზე პასუხისმგებლობას არც ოფიციალური რუსეთი იღებს და დაღესტანიც უარყოფს მათი მხრიდან რაიმე დივერსიის მოწყობას, ვინ არის ინიციატორი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? 3. რა მიზნები ამოძრავებდათ დივერსანტებს ან რა იყო მათი მოთხოვნები ქართულ მხარესთან?” - ჩამოთვლის კითხვებს ”ვერსია”, რომლის ერთ-ერთმა რესპონდენტმა, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა, განაცხადა: ”მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ასეთი დასაწყისის ლოგიკური დასასრული რუსეთის ხელახალი ექსპანსიაა საქართველოში, რასაც რუსეთი მიხეილ სააკაშვილის ხელით აკეთებს!”

”ახალი თაობა” ლოპოტის ხეობაში მიმდინარე ოპერაციაზე ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თავმჯდომარეს თამარ ჩხეიძეს ესაუბრა. ”მე უფრო ვფიქრობ, რომ რეალობასთან ახლოს არის პირველი ვერსია, ანუ ის, რომ რუსებმა მებრძოლები გამოდევნეს ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით. ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის ის არის, რომ სისხლი დაიღვარა და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. რუსეთისთვის ხელსაყრელია მოხდეს შეტაკება ქართველებსა და მუსლიმან მებრძოლებს შორის”, - ეუბნება ”ახალ თაობას” თამარ ჩხეიძე, რომლის ეჭვს იწვევს ის, რომ ”უკვე გათავისუფლებული მძევლების შემდეგ რატომ მოხდა ამ ხალხის ლიკვიდაცია. ხომ არ იყო აქ შეთანხმება, რომ გათავისუფლებულიყვნენ მძევლები, გაეშვათ ეს მებრძოლები, მერე ეს შეთანხმება ხომ არ დაირღვა?” - კითხულობს თამარ ჩხეიძე.

”ზღვარს მიღმა” - ასე ჰქვია ეკა კვესიტაძის მოსაზრებას, რომელიც ”24 საათში” ქვეყნდება: ”მიუხედავად სიტუაციის სიცხადისა, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილისთვის არაფერს შეუშლია ხელი, რომ კონსპირაციის თეორიებით გაებრუებინათ საზოგადოება. მთავარი ვერსია იყო, რომ ხელისუფლებამ ეს სპექტაკლი თავად დადგა - ეს გამიზნული პროვოკაცია იყო სააკაშვილის მხრიდან, ამით არჩევნების თემის გადაფარვა უნდათ და ა.შ.. ასეთი განცხადებების მოსმენის შემდეგ მართლა ჩნდება კითხვა - სად გადის წესიერების და საღი აზროვნების მინიმალური ზღვარი და რატომ რჩებიან ასე ხშირად ამ ზღვარს მიღმა ქართული პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მოთამაშეები და ”გენიოსები”, ისეთი, როგორიც რობერტ სტურუაა, რომელმაც მაშინვე სამოქალაქო ომის გაღვივებაში დაადანაშაულა ხელისუფლება”.

დღეს გამოვიდა ჟურნალი ”არსენალი”, რომლის მთავარი რედაქტორი წერს სექტემბრის მეორე ნახევარში სომხეთში დაგეგმილ სამხედრო სწავლებაზე. ის ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, ავტორის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ივანოვოს 98-ე დივიზიის დანაყოფიც აპირებს: ”დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ეს რუსი მედესანტეები სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით თუ მოხვდებიან. არადა, საქართველომ შეწყვიტა რუსეთის სამხედრო ტრანზიტი სომხეთისკენ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ ამ რუსული 98-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის 331-ე და 217-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკების თითო-თითო ბატალიონი და ამავე დივიზიის 1065-ე საარტილერიო პოლკის ჰაუბიცების დივიზიონი აქტიურად მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში”, - წერს ”არსენალი”.
XS
SM
MD
LG