Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 4 სექტემბერი


”ბოევიკები ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხმარებიან” - სტატიას ასეთი სათაურით გაზეთი ”იზვესტია” აქვეყნებს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველომ და რუსეთმა თანამშრომლობისთვის საერთო ენა იპოვეს და ტერორიზმს ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ. სტატია ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მის შედეგებს ეხება.

სტატიაში ნათქვამია, რომ სპეცოპერაციის დეტალების შესახებ ოფიციალური თბილისი, შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, საქმის კურსში აყენებდა რუსეთის მთავრობას. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ, ”იზვესტიას” განუცხადა, რომ ქართული მხარე შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში საერთაშორისო ნორმებისა და ეთიკის მიხედვით მოქმედებდა. ქუთელიამ განმარტა, რომ როგორც კი სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები გამოიკვეთება, რუსულ მხარეს ინფორმაციის მიღება კვლავ დაუბრკოლებლად შეეძლება. ”იმედია, რომ რუსები ჩვენთან ითანამშრომლებენ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მათ უნდა ითანამშრომლონ, თვითონ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ამ თემაზე საუბრისას ”იზვესტია” სტატიაში ირაკლი ალასანიას კომენტარსაც იყენებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ მოსკოვს საქართველოს მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულება ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობას ვერ მოუტანს და არც საქართველოს სჭირდება არეულობა ამ რეგიონში.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განმუხტვის შესახებ წერს ”ნეზავისიმაია გაზეტაც”. გამოცემა სამხედრო სწავლების ”კავკაზ 2012”-ის საქართველოს საზღვრებიდან მოშორებით გადატანაზე ამახვილებს ყურადღებას. ”მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორი გოგი ხუციშვილი რუსულ გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ სწავლება რეგიონში სიტუაციის დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი იყო და წვრთნების საქართველოს საზღვრიდან მოშორებით გადატანას დადებითად აფასებს. რუსი ექსპერტების აზრით კი, ”კავკაზ 2012”-ის ადგილმდებარეობის შეცვლა დაკავშირებულია რუსულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებასთან, თითქოს წვრთნებს რუსული მხარე საქართველოში შეჭრისთვის გამოიყენებდა. ექსპერტების აზრით, რუსეთმა ამ ნაბიჯით დაამტკიცა, რომ საქართველოში ინტერვენციას არ აპირებს.

ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება ”ტრუდ”-იც. გამოცემა ყურადღებას სპეცოპერაციის დროს ახმედ ზაკაევის პირადი მცველის, დუკვახ დუშუევის, ლიკვიდაციაზე ამახვილებს. ”ტრუდ”-ი წერს, რომ დუშუევი ჩრდილოკავკასიურ უკანონო ბანდფორმირებებში გავლენიანი ფიგურა იყო. დუშუევის ლიკვიდაციას ეხმაურება ”მოსკოვსკი კომსომოლეციც”, რომელიც აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით: ”ქართველებმა ზაკაევს მარჯვენა ხელი მოაჭრეს”. სტატიაში საუბარია დუშუევის წარსულსა და მის მონაწილეობაზე ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველ ომში, ასევე დივერსანტის კავშირზე ახმედ ზაკაევთან.
XS
SM
MD
LG