Accessibility links

logo-print
გამოცემა „იურეიშანეტი“ მოლი კორსოს სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა ძალები ერთმანეთთან დაპირისპირებისას საქმეში უცხოეთი ჩარიონ და მისი დახმარებით იმოქმედონ. წერილის ავტორს მოჰყავს თბილისის სოციალური კვლევის ცენტრის დირექტორის, მარინა მუსხელიშვილის სიტყვები: შინა კონფლიქტის დროს მხარეები გარედან მოიყვანენ ხოლმე ვინმეს და მას სთხოვენ მოაგვაროს კონფლიქტი; ადრე მოსკოვი იყო ეს ძალა და ახლა ქართველი პოლიტიკოსები დასავლეთს მიმართავენო; როცა ორივე მხარე ცდილობს დაიხმაროს ამერიკელი „მსაჯები“, კითხვა ისმის საფინანსო პრაქტიკის გარშემოო. წერილში მოყვანილი მონაცემის მიხედვით, შარშან საქართველოს ეროვნული უშიშიროების საბჭომ ვაშინგტონში გააფორმა ლობისტურ კომპანიებთან კონტრაქტი, რომლის ღირებულება ორ მილიონ დოლარს უახლოვდებოდა, მაშინ როცა საქართველოს ახლახან შექმნილი „დასაქმების სამინისტროს“ ბიუჯეტი მხოლოდ ნახევარ მილიონზე მეტიაო, წერს კორსო. აშშ-ის სამთავრობო მონაცემთა ბაზების თანახმად, ეს მხარდაჭერა ეხება მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ მისით ხეირობს „ნაციონალური მოძრაობაცო“, ამცნობს მკითხველს წერილის ავტორი მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა აზრს. წერილში მოყვანილია შემთხვევები, როცა იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მცდელობა, იმავე ოკეანისგაღმელი ფირმების მეშვეობით. ლაპარაკია ასევე „ქართული ოცნების“ მიერ „პი-არის“ ფირმების დაქირავებაზე და მოყვანილია ამ გაერთიანების პრესმდივნის, მაია ფანჯიკიძის ნათქვამი, რომ მათთვის ლობისტები მხოლოდ იარაღს წარმოადგენენ ვაშინგტონში ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის აგრესიული კამპანიისგან თავის დასაცავად. საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია უფრო გარედან მოდის, ვიდრე შიგნიდან, ეს კი იწვევს შიშს, რომ მათი სამშობლო „ბანანის რესპუბლიკასავით“ იქცევა.

„ფაინენშელ ტაიმსში“ დაიბეჭდა მაიკლ ჩეჩირეს წერილი, რომელიც ასეა დასათაურებული: „ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე“. მისი ავტორი თავიდანვე ამცნობს მკითხველს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირება არჩევნებში სერიოზული გამოცდაა ამ ქვეყნის ფრთხილად შექმნილი რეპუტაციისა და ლიბერალური ეკონომიკის, რომლის კარიც ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. ავტორს მოჰყავს ერთი-ორი მონაცემი, იხსენებს რეფორმების პერიოდს, როცა კორუფციასთან მძაფრი ბრძოლა გააჩაღა მთავრობამ და იმოწმებს პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაცია „ოქსფორდ ანალიტიკას“ უფროსი მიმომხილველის აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, მაიკლ ტეილორის სიტყვებს, რომ ქვეყანა იმსახურებს ნდობას კორუფციის მნიშვნელოვნად შემცირების გამო. ტეილორის თქმით, დღეს საქართველოში გაცილებით უკეთესი პირობებია სამუშაოდ, ვიდრე იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ახალი მთავრობის მოსვლამდე.მაგრამ წერილის ავტორი მკითხველს აუწყებს, რომ ეს არ არის სრული სურათი. მაშინ როცა სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის გამო, ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრასა და მაღალ დონეზე კორუფციის შენარჩუნებაში ადანაშაულებენ. როცა არჩევნების თემას ეხება, ჩეჩირე იტყობინება, რომ სამართალდამცველებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არაერთ ზომას მიმართეს, მოქალაქეობა ჩამოართვეს და მთელი რიგი საფინანსო ღონისძიებები განახორციელეს. ჩეჩირე აცხადებს, რომ ამ თემებზე საუბარი მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ სურს. შემდეგ ტეილორის სხვა მოსაზრებებს გვიზიარებს ჩეჩირე და მოჰყავს კარნეგის ფონდის წარმომადგენლის ტომას დე ვაალის ანგარიშიდან დასკვნა: „საქართველოს ეკონომიკას ჩრდილოვანი მხარეები აქვს და უფრო ღრმა შესწავლას საჭიროებსო“. სტატია ასე სრულდება: „ის, რომ მთავრობა ადმინისტრაციულ რესურსს და კანონის შესაბამის ნორმებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სცდება მხოლოდ ივანიშვილთან დაკავშირებულ საქმეებს“.

საფრანგეთის „ლე მონდში“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორია საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვლი. სტატიას ასე ჰქვია: „სააკაშვილის დესპოტიზმს ბოლო უნდა მოეღოს“.

„როგორც ეს საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე, - და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ტანდემი მართავს, - ბიზანტია შორს არ არის. ამ მხრივ კლასიკური ვითარებაა: ავტორიტარული რეჟიმი არჩევნებს „ამზადებს“, დასავლელი პარტნიორები მას მოუწოდებენ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების სულ უფრო აშკარა დარღვევები“, - ასე იწყებს სტატიას სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მკითხველს ეუბნება, არაფერი იცვლება, მაგრამ ერთი რამ არის ცხადიო და სააკაშვილის სიტყვები მოჰყავს: „არ ვაპირებ მათთვის ხელისუფლების დათმობას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ქვეყნისთვის გავაკეთეო!“. მსგავსი რამ ადრეც მოსმენილი გვაქვს, - განაგრძობს ზურაბიშვილი. - გარდა ამისა, ყველა ოპოზიციონერი აუცილებლად „მოსკოვის აგენტი“, საბჭოთა წყობის აღდგენის მომხრე, ერთი სიტყვით, მოღალატეა. სტატიის ავტორის თანახმად, ქვეყანას სურს ცვლილებები და სჯერა ახალი ოპოზიციური ფიგურის, რომელსაც, მიუხედავად მისი დისკრედიტაციის კამპანიისა, აღიქვამს არა როგორც მოსკოვის დესპანს, არამედ როგორც ნამდვილ ქველმოქმედს, ქართველ ბილ გეიტს. ზურაბიშვილი მკითხველს შეახსენებს, რომ ომამდე სწორედ ის აფინანსებდა სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე თვალსაჩინო ინიციატივებს - ყაზარმების, გზების, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. იმ დროს მისი ფულის რუსული წარმომავლობა არავის აღელვებდა. ზურაბიშვილის აზრით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება. ოდნავ ქვემოთ წაიკითხავთ, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება სანდო და ფინანსურად უზრუნველყოფილი ლიდერის გარშემო ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის პირობებს ქმნის, რის შემდეგაც ზურაბიშვილი იხსენებს 2008 წელს: „2008 წლის კონფლიქტის დროს ზოგიერთი ჩვენგანი აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რეჟიმის აგრესიული რიტორიკა, მილიტარისტული ლოზუნგები და მისი სტრატეგია მოსკოვთან ურთიერთობაში დაძაბულობის შექმნისა ნამდვილი უგუნურება იყო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობდა საკუთარი ლეგიტიმურობის განმტკიცებას, ახდენდა ქვეყნის მობილიზებას გარე საფრთხის წინააღმდეგ. ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან სასაზღვრო არეალში, დაღესტნის მონაკვეთში მომხდარი ოპერაციის შესახებ წერს და ამბობს, საქართველოს მოქალაქეები ამ საკითხებს სოციალურ ქსელში აყენებენ, მაგრამ იქ მხოლოდ არადამაჯერებელ პასუხებს იღებენო.

ავსტრიის „პრესემ“ დაბეჭდა იუტა ზომერბაუერის წერილი საქართველოს წინასაარჩევნო ვითარების შესახებ, სათაურით: „ბრძოლა ხელისუფლებისთვის საქართველოში: ბატონ ივანიშვილის ოცნება“. წერილის დასაწყისშივეა საუბარი ივანიშვილზე, რომელიც, ავტორის თქმით, სხვა ცნობილი ფაქტები რომ არ გავიხსენოთ, ბორის ელცინის მეგობარი ყოფილა. ის, ზომერბაუერის თანახმად, მრავალი წლის განმავლობაში უჩუმრად ცხოვრობდა თბილისში. მას შემდეგ, რაც 2011 წელს მოულოდნელად პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა და დროის მოკლე მონაკვეთში ოპოზიცია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გააერთიანა, ის ქართული პოლიტიკის ყველაზე ძლიერი პირის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტრად გადაიქცა. ივანიშვილი სააკაშვილის პირველი ნამდვილი კონკურენტიაო, ნათქვამია სტატიაში, შემდეგ კი მოყვანილია ბერლინის „მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის“ ექსპერტის კავკასიის საკითხებში უვე ჰალბახის აზრი, რომ ივანიშვილის პროგნოზი, რომ ის ორი მესამედით გაიმარჯვებს, „ძალიან გადაჭარბებულია“, თუმცა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ივანიშვილის ამომრჩევლების რაოდენობას შორის მანძილი ძალიან შემცირდა. „სააკაშვილისთვის სიტუაცია ასეთი კრიტიკული აქამდე ჯერ არ ყოფილა“, ამბობს ჰალბახი, რომელიც კონფლიქტის „ესკალაციის პოტენციალის“ შესახებ გვაფრთხილებს. სტატიაში მოყვანილია ის დადებითი ცვლილებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში გატარებულ რეფორმებს მოჰყვა. თუმცა იუტა ზომერბაუერი იცნობს მოსაზრებებს იმ კრიტიკოსებისა, რომლებიც ამ ღონისძიებებში ყველაფერ დასავლურზე ზედაპირული მორგების მცდელობას ხედავენ. მთავრობამ უგულებელყო სოფლის მეურნეობა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღა, მედიის თავისუფლება შეზღუდა და ძალაუფლება აქვს მონოპოლიზებული, ამბობენ ოპოზიციურ წრეებში. იმ შეხედულებას, რომ სააკაშვილი უფრო მეტად რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი, ზოგიერთი დასავლელი პარტნიორიც იზიარებსო, წაიკითხავთ „პრესეს“ სტატიაში, რომლის ბოლოს წერია: მთავარი ბრძოლა თბილისს გაისად ელის. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მემკვიდრეობის საკითხი უნდა მოაგვაროს, რადგან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. თუ ის თანამდებობას შეიცვლის და პრემიერ-მინისტრი გახდება, როგორც ამას ზოგიერთი ვარაუდობს, მაშინ ეს იქნება “მისი მტრის, პუტინის ქმედების მსგავსი“ ფარსი, ამბობს ჰალბახი. ეს კი ოპოზიციის კრიტიკის ცეცხლში მეტ ნავთს ჩაასხამს, წაიკითხავთ „პრესეში“.
XS
SM
MD
LG