Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 13 სექტემბერი

  • ნიკო ნერგაძე

“ვინც უნდა ის ჩამოვიდეს და თუ გავმტყუნდები, მიჩივლოს და დამიჭიროს" - ასეთია სათაური დღევანდელი ”ალიას” პუბლიკაციისა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ხარაგაულში სტუმრობის დეტალებს, გაზეთის ენაზე, კულუარებს ეძღვნება. გაზეთს პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონალური მდივანი გია ყრუაშვილი ესაუბრა, რომელმაც თქვა, ”მიხეილ სააკაშვილმა ღმერთისა და კაცის მიერ მივიწყებულ ხარაგაულში მტრის თვალის დასავსებად და მოყვრის გულის გასახარად გაზი აანთო, მაგრამ ხარაგაულს გაზი არ აქვსო!”. ის განაგრძობს: ”მიუტანეს "იაჩიკებში" შეფუთული ბალონები, რომლებიც პოლიციელებმა სადღაც გადამალეს, მერე იქიდან გამოიყვანეს "შლანგი" და ასე "აანთო" ამ საცოდავმა გაზი და გამოაცხადა, დღეიდან ხარაგაულში 280 ოჯახს გაზი ექნებაო! ჩამოვიდეს ნებისმიერი ადამიანი და თუ ვინმე ხარაგაულში გაზს აანთებს, თქვენი ხმალი და ჩემი კისერიო!"

”რეზონანსი” დღეს აშუქებს იმ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც გერმანულმა კომპანია „ფორსამ“ ჩაატარა და რომლის მიხედვითაც, "მომავალ კვირას არჩევნები რომ იმართებოდეს, საქართველოს მოსახლეობის 49% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 43%”. გაზეთს ქვესათაურშივე გამოაქვს ფრაზა, "ფორსა" დამკვეთს არ ასახელებს, "ოცნება" კვლევასთან კავშირს უარყოფსო.”რეზონანსი” წერს, პრეზენტაციისას „ენდიაის“ მიერ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია დაიდოო და განაგრძობს: „ფორსას" მონაცემები „ენდიაის“ შედეგებს მხოლოდ ერთ საკითხში ემთხვევა და ეს არის ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობის თემა - მართლმადიდებელ ეკლესიას ნდობას რესპონდენტთა 89% უცხადებს, შემდეგ კი, 74%-ით, არმია მოდისო”. სრულად შედეგების შესახებ ბევრ დღენადელ გაზეთში წაიკითხავთ, მათ შორის, ”რეზონანსში”.

”ახალი თაობა” კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩატარებულ აქციაზე წერს და ამ პუბლიკაციას ერთგვარ პრეტექსტად იყენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პიროვნების ცვლილება გააანალიზოს. ”ახალი თაობა” წერს: „ჩვენში ძალიან უჭირთ განსხვავებული აზრის მოსმენა. არც ოპონენტებს სწყალობენ დიდად. ამ მხრივ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გამორჩეულია. გაპრეზიდენტების შემდეგ მისი ლექსიკა ზედმეტად აგრესიული გახდა. ის დეპუტატობისა და მინისტრობის დროსაც "ცელქობდა" ხოლმე, თუმცა ასეთი სიტყვები არასდროს გამოუყენებიაო". გაზეთი განაგრძობს: ”პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში კიდევ უფრო მწვავე შეფასებებს მიმართა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი პრეზიდენტის ტონი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. თავიდან ჩვენს საზოგადოებას მოსწონდა მისი მკვახე განცხადებები, მერე კი ხალხი მიხვდა, რომ ასე არ ივარგებდა. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ უმრავლესობის დახურულ სხდომაზე პრეზიდენტი დეპუტატებსაც აწიოკებს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ამ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ. მმართველი გუნდი ასევე უარყოფს პრეზიდენტის მხრიდან რიგი გამგებლების გაპანღურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასო”. - ამას დღეს ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG