Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 18 სექტემბერი


”მესტიის ტყეში საარჩევნოდ სპეცრაზმს ამზადებენ” – ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. ავტორი წერს, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სვანეთში ჩასული ”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის ადგილობრივ მოსახლეობას უცნობებია. კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა მესტიაში ვიქტორ ჯაფარიძემ კი ”რეზონანსს” უთხრა, რომ მესტიასთან ახლოს, ტყეში, არჩევნებისთვის იარაღიანი ადამიანების მობილიზება ხდება. გარდა ამისა, ჯაფარიძე ამბობს: ”მესტიის 47-ე საარჩევნო ოლქში რამდენიმე დღის წინ წერილი შემოვიდა, რომელსაც სახმელეთო ჯარების სარდლობა აგზავნის. მასში მითითებულია, რომ დაბა კოჯრის პირველი ქვეითი ბრიგადა ხმას მესტიის 47-ე უბანზე მისცემს”. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ”რეზონანსის” კორესპონდენტს ეუბნება: ”საქართველოში აქამდე არ ყოფილა, რომ არჩევნებზე ზეგავლენა მოეხდინოს ამა თუ იმ ადგილზე სამხედროების ყოფნას. რაც შეეხება ხმის მიცემას, რა მნიშვნელობა აქვს 200 კაცი ხმას სვანეთში მისცემს დახურულ უბანზე პროპორციული სისტემით თუ სხვა უბანზე?”

””ქართულ ოცნებას” 50 მაჟორიტარის გაყვანა შეუძლია?” - ინტერესდება ”ახალი თაობა”, რომელიც წერს, ”რამდენიმე დღის წინ ”ივერონმა”, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმ სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე, რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ორ ამერიკულ კომპანიას შეუკვეთა და რომელსაც მმართველი პარტია გულმოდგინედ ასაიდუმლოებდაო”. ”ახალი თაობის” ავტორის თანახმად, კვლევები 73 საარჩევნო ოლქში ჩატარდა და აქედან ”ნაციონალურ მოძრაობას”, წინასწარი შედეგებით, მხოლოდ 21 ოლქში აქვს წარმატების შანსი, ხოლო 51 ოლქში, მათი კვლევებით, ძალზე დაბალი რეიტინგი დაუფიქსირდათ”.

”ალია” კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო ჯაჭვლიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას სექსუალური უმცირესობების მიმართ გამონათქვამებსა და ამის გამო ორიოდე დღის წინ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და გადაცემის წამყვან ეკა კვესიტაძეს შორის საუბარს შეახსენებს. სოსო ჯაჭვლიანი: ”ახლა მომისმინე ძალიან კარგად... მე და შენ ერთი თაობა ვართ, ამიტომ გემახსოვრება, ამათ რას უწოდებდნენ ადრე. ახლა მე უკვე დეპუტატობის კანდიდატი ვარ და სხვანაირი ლექსიკით უნდა ვილაპარაკო... ესე იგი, თანამედროვე ლექსიკით, ამათ ჰქვიათ სექსუალური უმცირესობა, არა?.. ესე იგი, მე კანდიდატი ვარ და აღარ შემეფერება სხვანაირი ლაპარაკი... თუ ჩემთან ერთი ადამიანი მაინც მოვა და დამიდებს ფაქტს, რომ მე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ან ვცემე, ან შეურაცხყოფა მივაყენე, ან გავრიყე, მაშინ პასუხს ვაგებ”, - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

”საქართველოს რესპუბლიკა” დეპუტატ პეტრე მამრაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. მამრაძე ამბობს: ”მე მომდის ინფორმაცია - ნაციონალები შუამავლების მეშვეობით ეუბნებიან ”ქართულ ოცნებას”, რომ 35 პროცენტზე მეტს მაინც არ დაგიწერთ და მერე თუ გააპროტესტებთ, სისხლისღვრასაც მივიღებთო. მოდის ხმები, რომ მომზადებულია სპეცდანიშნულების რაზმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში. ასევე ზონდერბრიგადებია მომზადებული”.

”24 საათი” წერს ახალი გამოცემის შესახებ - ”270 გვერდში ჩატეული მიხეილ კალატოზოვი”. ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ცნობილი კინორეჟისორის შვილიშვილმა, თეატრის მხატვარმა ანა კალატოზიშვილმა შეადგინა. ის ”24 საათს” ეუბნება, რომ პროექტზე მუშაობა მისთვის პაპის გაცნობის საშუალებადაც იქცა: ”ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა მის მიერ მამაჩემისთვის მიწერილი წერილები, რომლებიც მკითხველს სულ სხვანაირ მიხეილ კალატოზოვს წარმოუდგენს”. ”24 საათის” ავტორი წერს, რომ ”გამოცემას ახლავს ფილმ ”შამილის” სრული სცენარიც, რომლის გადაღების უფლებაც კალატოზოვს საბჭოთა ცენზურამ არ მისცა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG