Accessibility links

გაზეთი „იზვესტია“ საქართველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ წერს. „რუსეთში მცხოვრები 350 ათასი ქართველი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბნის გახსნას აპირებს, მაგრამ, „ბუნდოვანი ტექნიკური მიზეზების გამო“, ასეთი რამ არ ხერხდება რუსეთის ტერიტორიაზე. „იზვესტია“ ციტირებს ნინო კალანადაძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს: „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო, ტექნიკურად რთულია არჩევნების უსაფრთხო და სათანადო დონეზე ჩატარება. ასევე სირთულეებია მოსკოვში საქართველოს საკონსულო სექციის მუშაობასა და პარტიების წარმომადგენლებისათვის რუსეთის ვიზების აღებაში“.

გაზეთის რედაქციამ რუსეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობის დასადგენად რუსეთში დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველოს ხმა - სამართლიანი არჩევნებისათვის“ თავკაცს თეიმურაზ შენგელიას მიმართა. ამ უკანასკნელის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ ცოტა 350 ათას ადამიანს მაინც აქვს. „როგორც ჩანს, ვიღაცა სერიოზულად დააშინა არჩევნებში ასობით ათასი ისეთი ქართველის მონაწილეობამ, რომელიც პოზიტიური ცვლილებების შედეგად სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს“, უთქვამს თეიმურაზ შენგელიას „იზვესტიისათვის“. სტატიის ფინალში რედაქციას მოტანილი აქვს საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გადარიცხვების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2011 წლის განმავლობაში ემიგრანტებს საქართველოში 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი გადაურიცხავთ. ამ თანხის თითქმის ნახევარი - 655 მილიონი დოლარი - რუსეთზე მოდის. მეორე ადგილზე, 144 მილიონით, საბერძნეთია, მესამეზე კი, 109 მილიონით, - იტალია.

გაზეთი „კომერსანტი“ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებს. წერილი ინსპირირებულია საქართველოს საზღვრის მახლობლად დაწყებული სამხედრო სწავლების გახსნისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით. თურმე ვლადიმირ პუტინს უთქვამს, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების პრაქტიკის გათვალისწინებით, რუსეთს დენთი მშრალად შენახული უნდა ჰქონდესო. სტატიაში, რომლის სათაურიცაა: „პუტინიც, რომნიც და სააკაშვილიც დაინტერესებული არიან „ცივი ომის“ თუნდაც მკრთალი ანალოგით“, ავტორს, სტანისლავ კუჩერს, გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკური პარტიიდან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატს, რუსეთის პრეზიდენტსა და საქართველოს ლიდერს აერთიანებთ პატრიოტული რიტორიკა, მცდელობა საკუთარი ხალხები გააერთიანონ გარე საფრთხის წინაშე და პირდაპირი თუ ირიბი აპელაციები ღმერთზე. ამასთან, სტანისლავ კუჩერის თქმით, სამივე მათგანი სისხლხორცეულად დაინტერესებულია ერთმანეთის დღეგრძელობით, ცხადია, არა როგორც მეგობრების, არამედ როგორც გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა: „სააკაშვილმა რომ ოქროს თევზი დაიჭიროს, უეჭველად სთხოვს, დიდხანს ამყოფე ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინიო; მიტ რომნი იმავე თევზს სთხოვდა, პუტინს რაც შეიძლება ხისტი განცხადებები გაეკეთებინა ამერიკის მისამართით; პუტინი კი ინატრებდა რომნის გამარჯვებას ნოემბრის არჩევნებში და სააკაშვილის დარწმუნებას რევანში აეღო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან“.

სტანისლავ კუჩერი სტატიას აჯამებს ამერიკელი რეჟისორის სტენლი კუბრიკის გამონათქვამით: დიდი სახელმწიფოები იქცევიან ბანდიტების, პატარები კი მეძავების მსგავსადო.
XS
SM
MD
LG