Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 3 ოქტომბერი

  • ნიკო ნერგაძე

პრესის მიმოხილვას დღევანდელი „ასავალ-დასავლით“ დავიწყებთ, სადაც გამოქვეყნებულ პუბლიკაციას დღეს ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა. გაზეთი, რომლის სახელიც დღეს „ასავალ-ასავალი“ იყო, - შეცვალეს დასახელება, - აქვეყნებს დიდ სიას, სადაც ჩამოთვლილნი არიან გლდანის ციხის თანამშრომლები, მათი სახელი და გვარები და საცხოვრებელი მისამართები. გაზეთი წერს, რომ ეს სია მას ანონიმმა მიაწოდა. ”ამოიცანით ჯალათები და მოითხოვეთ მათი პასუხისგება”, - მოუწოდებს გაზეთი მკითხველს.სულ 316 სახელი და გვარია მითითებული, თავისი საცხოვრებელი მისამართებით.

ვიდრე დანარჩენი პრესის უშუალოდ პუბლიკაციების შინაარსზე გადავიდოდე, ჯერ პირველ გვერდებს გაგაცნობთ, სადაც მოცემულია მიმდინარე მოვლენების მოკლე შეფასება. იგივე „ასავალ-დასავალი“ პირველ გვერდს მთლიანად უთმობს ეკლესიაში დაჩოქილი ივანიშვილის ფოტოს, ზემოდან წითელი წარწერით - ”გავიმარჯვეთ!”. ”ვერსიას” გარეკანზე ფოტომონტაჟი აქვს, რომელზეც მოღიმარი ივანიშვილი და დაფიქრებული სააკაშვილია გამოსახული. ფოტოს ზემოდან აქვს წარწერა - ” ‘კაპიტულაცია’ - ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადავიდა”. ”ყველა სიახლე” პირველ გვერდზე ჰაერში ასროლილ ლურჯ ბუშტებს გამოსახავს. სათაურია: „‘ნაციონალური’ ეპოქის დასასრული“.

”ყველა სიახლე” არჩევნების შედეგების შეფასებას რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს სთხოვს, რომელიც ამბობს: ”დიახ, მე პირადად ველოდი ასეთ შედეგს, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყოო”. ის განაგრძობს: ”პრეზიდენტი სააკაშვილი რომ შეეცდებოდა ვითარებიდან მშრალად გამოსვლას, ამას ველოდები მას შემდეგ, რაც მან ბაჩო ახალაია გადააყენა, ანუ როცა მან გამოამჟღავნა განსაზღვრული პოლიტიკური მოქნილობა. არჩევნების საღამოსვე დამარცხების აღიარებას მისგან ბევრი არ ელოდა, მათ შორის მეც, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სამოქალაქო ომი და დაპირისპირება არ იქნებოდაო”, ამბობს ლევან ბერძენიშვილი და დასძენს: ”ვვარაუდობდი, რომ ბარიერს ვერ გადალახავდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, გადაელახა”.

”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაურია ”პრემიერ ივანიშვილის მთავრობა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში”. ”ვინ და როგორ დააკომპლექტებს მთავრობას?” - კითხულობს „რეზონანსი“ და შემდეგ წერს: ”პრეზიდენტის ბერკეტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მას პარლამენტის დათხოვა შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, რადგან ახლად არჩეულ პარლამენტს პირველი ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაითხოვს და ვერ დაითხოვს ასევე თავისი პრეზიდენტობის ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - ეს ექვსთვიანი ვადები სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნის შანსს არ აძლევს”. გაზეთი განაგრძობს: ”პრეზიდენტს შეუძლია პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დანიშნოს პარლამენტის თანხმობის გარეშეც. უმრავლესობის ოპოზიციაში გადასვლა კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე უმრავლესობის სტატუსს მიიღებენ და სააკაშვილის გუნდის წევრები აღარ იქნებიან და მაინც მთლიანად აიღებენ მთავრობის პასუხისმგებლობას. ამიტომაც ცალსახაა, რომ მინისტრთა კაბინეტის მთლიანი დაკომპლექტება ივანიშვილს მოუწევს”. - დაწვრილებით ვითარების მიმოხილვის ნახვა ”რეზონანსში” შეგიძლიათ.
XS
SM
MD
LG