Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 10 ოქტომბერი


ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის 9 ოქტომბრის შეხვედრას დღეს ყველა გაზეთი აშუქებს. პირისპირ შეხვედრის შინაარსზე ცნობილი არაფერია. ”ყველა სიახლის” ავტორი ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ნათქვამს ეხმაურება და წერს: ”ამ შეხვედრის შემდეგ რიგით მოქალაქეს, სულ ცოტა, ერთი კითხვა მაინც გაუჩნდება: რატომ ვერ ხვდებოდნენ სააკაშვილი და ივანიშვილი მთელი შვიდი წლის განმავლობაში, რომ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე მათ ხედვებს შორის, თურმე, ”ფუნდამენტური განსხვავებები” არსებობდა?!”.

”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”ოფიციალურად ამ შეხვედრის შესახებ არაფერი თქმულა იმის გამო, რომ შეხვედრას სხვა არავინ დასწრებია, უცნობი რჩება მათი საუბრის შინაარსი. თუმცა არაოფიციალურად მაინც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი სააკაშვილს მის გადადგომაზე ელაპარაკა და ის თანამდებობას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დატოვებს.”

”რეზონანსი” წერს აგრეთვე, რომ ”უახლოეს მომავალში შესაძლოა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდეს. ამასთან დაკავშირებით ”ქართულ ოცნებაში” კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის თქმით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში საზოგადოების ჩართულობა უფრო გაიზრდება, გაძლიერდება და ბევრად უფრო ეფექტური გახდება”.

”24 საათი” მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა, რომლის აზრითაც, დღეს მოქმედი თითქმის ყველა კანონი საჭიროებს შეცვლას: ”პარლამენტში უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ ახალი უმრავლესობა აპირებს, პირველ რიგში, პარლამენტის შენობის დედაქალაქში დაბრუნების ინიციატივა დააყენოს. ამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, მართალია, ”ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ დეპუტატთა 2/3 მანდატი არ აქვს, მაგრამ ამჟამინდელი უმცირესობის დიდი ნაწილის იმედს არ კარგავენ”.

”ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო, უნდა წახვიდე!”- ასეთია ”საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული მოსაზრების სათაური: ”ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო: უნდა წახვიდე. მერწმუნე, რუსეთს საქართველოს არავინ დაანებებს! თუ რუსეთი რამეს გაბედავს, მთელი საქართველო წინ აღუდგება, თუნდაც იმ ფორმით, შენი პარტიის პირველმა ნომერმა რომ მოგვიწოდა აგვისტოს ომის დროს. წინ აღვუდგებით და დავიხოცებით! დაგვხოცავს მტერი და არა შენი ჯალათები თავიანთ გასართობად, ისე, როგორც ეს ვნახეთ მე-8 საპყრობილეში. ამიტომ გავრისკეთ! ამიტომ გითხარით უარი! აქამდე მიგვიყვანე შენი სიყრუით, შენი სიბრმავით და შენი ისტერიკული სიცილით!”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი.

”ახალი თაობის” კორესპონდენტის მიერ რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას სოსო ცისკარიშვილი ასე პასუხობს: ”ჩემი აზრით, ახლა რუსეთი უფრო დაბნეულია საქართველოს მიმართ, ვიდრე - პირიქით. იმიტომ რომ, თუკი რამე სირთულე არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, რასაკვირველია, ამის შემოქმედი რუსეთის ხელისუფლებაა, და როდესაც მათთვის ვითომ მიუღებელი პირი კარგავს პოზიციებს და არსებობს მთავრობა, რომელიც მისგან საკუთარი მრწამსით დამოუკიდებელია, მოითხოვს გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდანაც, მით უმეტეს, ქვეყნისგან, რომელიც სავაჭრო მსოფლიო ორგანიზაციაში აღმოჩნდა საქართველოს პოზიტიური ნების დაფიქსირების შედეგად”.

”ვერსია” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს 2001-2003 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილთან. ის ”ვარდების რევოლუციის” წინა ვითარებას იხსენებს და მას ასეთ შეფასებას აძლევს: ”ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების შიგნით”. ”ახლანდელ მთავრობას მინდა ვუთხრა - იცოდეთ, რომ სააკაშვილი გაიმეორებს 1999 წელს ტელევიზიებში, მოქმედებებში, საკანონმდებლო ორგანოში, გაცილებით მეტი რესურსით, კომუნიკაციების მეტი საშუალებით უცხოელებთან, მეტი ლობისტური კომპანიებით, მეტი სტრუქტურებით!”.

”ყველა სიახლეს” ბრიუსელში მყოფმა ლადო ბედუკაძემ აცნობა, რომ 9 ოქტომბერს, დილით, მას და მის მეგობარ ვიქტორ ჭელიძეს ბრიუსელის ”მაკდონალდიდან” გამოსვლისას თავს დაესხა, როგორც ბედუკაძეს გაზეთისთვის უთქვამს ”ირმა ინაშვილის რადიო ”ობიექტივის” ჟურნალისტი მერაბ ბლადაძე, რომელიც კასტეტით იყო შეიარაღებული. ვიქტორ ჭელიძე მძიმედ დააზიანა და ის ამჟამად საავადმყოფოშია. მე მაქვს კითხვა: თუ ირმა ინაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე, რატომ მოხდა ეს? მერაბ ბლადაძე მე დიდი ხნის განმავლობაში მითვალთვალებდა... ბელგიის სამეფოს პოლიციამ უკვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება - საქმე დაუყოვნებლივ აღიძრა. ამჯერად პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ: დამეხმარეთ ბელგიაში ჩემი ოჯახის უსაფრთხოდ ჩამოყვანაში!”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG