Accessibility links

logo-print
საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლეთის პრესა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ასე იყო მთელი განვლილი კვირის მანძილზეც. სტატიები გამოქვეყნდა წამყვან გამოცემებში, როგორიცაა „ნიუ-იორკ ტაიმსი“, „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“, „ლე მონდი“, „კორიერე დელა სერა“.

იტალიის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი გამოცემა „კორიერე დელა სერა“ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მინისტრობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებაზე. როგორც ბევრმა მსმენელმა იცის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე, წლების მანძილზე თამაშობდა იტალიის საფეხბურთო კლუბებში და მისი ახალი ამპლუა, ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს იტალიელებში საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელებისას.

ყოფილი ფეხბურთელის მინისტრობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა აგრეთვე ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC, ისევე როგორც გერმანიის წამყვანი გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი.“ „ფრანკფურტერ ალგემაინეში“ აღნიშნულია, რომ საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი მცველი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.

ამ გაზეთის გამორჩეულ ყურადღებას მაინც უფრო მინისტრობის სხვა კანდიდატი იპყრობს: „საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გახდება გერმანულის საუცხოოდ მცოდნე დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სამი წელი იყო გერმანიაში საქართველოს ელჩი, შემდეგ კი - ელჩი ნიდერლანდში. ქალბატონი ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამავე დროს, უნდა შევეცადოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, თუმცა წლები გავა, სანამ მოსკოვსა და თბილისს გაუჩნდებათ საერთო ინტერესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითო, ამბობს ის. ქალბატონი ფანჯიკიძე გამორიცხავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს დაბრუნებას“, - ვკითხულობთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“.

განსაკუთრებული ინტერესი მაინც, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილისკენ არის მიმართული. მას „გამოცანას“ უწოდებენ სტატიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბეჭდა გაზეთმა „ნიუ იორკ ტაიმსმა“. „საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, დასავლეთი შეეჩვია ამ სივრცეში აღზევებული ლიდერების დიდ მრავალფეროვნებას: საბჭოთა „აპარატჩიკებს“, მრისხანე ნაციონალისტებს, კაგებეში გამოწრთობილ ხელისუფალთ... მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორშაბათს დასახელდა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად, არც ერთს არ მოგვაგონებს ოდნავაც კი“, - ვკითხულობთ ივანიშვილის შესახებ ვრცელ სტატიაში.

ავტორს მოჰყავს ინფორმაცია მის ქონებაზე, რომელიც ივანიშვილს რუსეთში აქვს ნაშოვნი, წერს ივანიშვილის შთამბეჭდავ ქველმოქმედებაზე, მშვიდად, ხმადაბლა საუბარზე, რომელიც ივანიშვილს სჩვევია, და მოჰყავს მის შესახებ კავკასიის ცნობილი ექსპერტის, ტომ დე ვაალის შეფასება: ივანიშვილი ახალბედაა - ამას კარგი მხარეც აქვს და ცუდიცო. „ცუდი მხარეა ის, რომ წინასწარ ვერ იტყვი, რას იზამს და ზოგჯერ საკმაოდ ექსცენტრიულ განცხადებებს აკეთებს. კარგი მხარე კი ისაა, რომ ჯერ კიდევ სწავლობს და შესწორებებს ეთანხმება. ის ყურს უგდებს რჩევებს“, - ამბობს ტომ დე ვაალი, რომლის ამ მოსაზრებითაც მთავრდება ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია „ნიუ-იორკ ტაიმსში“.

ივანიშვილზე წერს ასევე შეერთებულ შტატებში გამომავალი „ქრისჩიან საინს მონიტორიც“. „საქართველოში დემოკრატიის არარსებობა იყო ის, რამაც ივანიშვილი, მისი თქმით, პოლიტიკაში მიიყვანა და ვაშინგტონზეც გაავრცელებინა თავისი კამპანია. შეერთებულ შტატებში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის განყოფილებაში დაცული დოკუმენტების თანახმად, ივანიშვილმა სამ მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა ხუთ სხვადასხვა პიარ-კომპანიას, რომელთა მუშაობაც ძირითადად მიმართული იყო ვაშინგტონში სააკაშვილის დემოკრატიული იმიჯის შელახვისა და არა ივანიშვილის სახელის პოპულარიზაციისაკენ (...) ახლა ივანიშვილმა ვაშინგტონი უნდა დაარწმუნოს, რომ სანდო პარტნიორია. მან მიანიშნა, რომ საქართველოს არა აქვს ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა და გამოაცხადა, რომ უცხოეთში პირველი ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავა. მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ის ჯერ კიდევ უცნობია“, - ვკითხულობთ „ქრისჩიან საინს მონიტორში“.

დაბოლოს, შეერთებულ შტატებში გამომავალი გავლენიანი გამოცემა „ნეშნლ ინტერესტი“ ისევ ბიძინა ივანიშვილზე: „როცა ივანიშვილი გასულ შემოდგომაზე გამოვიდა პოლიტიკურ სარბიელზე, მილიარდერმა მოულოდნელად გამოთქვა იმ მრავალი ქართველის სათქმელი, უყურადღებოდ რომ ჰყავდა მიტოვებული მთავრობის მანიაკალური რეფორმის პროგრამას, რომელიც აქცენტს აკეთებდა შუშის შენობებსა და კოხტა ბულვარებზე, მაგრამ თავს დიდად არ იწუხებდა უფრო პროზაული საკითხებით, როგორიცაა სიღარიბე, სახელმწიფოს განუკითხაობა და ქვეყანაში უმუშევრობის ასტრონომიული მაჩვენებელი“.
XS
SM
MD
LG