Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 24 ოქტომბერი


”სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა” – გაზეთი ”ვერსია” ცდილობს ამის გარკვევას. ავტორი ჩამოთვლის სამ ფაქტორს, რის გამოც დიმიტრი შაშკინს შეეძლო საქართველოს დატოვება. პირველი, რომ ზურაბ ადეიშვილმა მას ”წასვლამდე გადასცა საიდუმლო ინფორმაციები და კომპრომატები, რომელსაც ის ფლობდა, იმისათვის რომ ქვეყანა უპრობლემოდ დაეტოვებინა. ადეიშვილის საქართველოდან გასვლის შემდგ უკვე შაშკინი რომ არ ყოფილიყო ორმაგი დარტყმის ქვეშ, სამშობლო მანაც დატოვა”. მეორე ვერსიით, შაშკინმა ქვეყანა 3 ოქტომბერს მის სახლთან მომხდარი ინციდენტის გამო დატოვა - როცა, გაზეთის ინფორმაციით, მის სახლთან მოწყობილი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სახლში მისული შაშკინის შვილს სახეში გაარტყა. მესამე ვერსიით, შაშკინი ამერიკელებმა ”ქვეყნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, ვიდრე ის რუსების ხელში აღმოჩნდებოდა”.

”24 საათი” წერს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგების მიმართ განსხვავებული მოლოდინი აქვთ ახლანდელი და მომავალი მთავრობის წევრებს. ””ძველების” ოპტიმიზმი და ”ახლების” სიფრთხილე” - ასეთია სტატიის სათაური. ავტორს მოჰყავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თორნიკე გორდაძის სიტყვები: ”ვცდილობთ, ევროკავშირთან ”ვიზა დიალოგი” მომავალი წლის ბოლოს დავასრულოთო”, და წერს: ”ასოცირების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი დავით ზალკალიანი, თუმცა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე მეტი სიფრთხილით საუბრობს“. იქვე ზალკალიანის ციტირებაა: ”ვეცდებით, დაჩქარებული ტემპით ვიმუშაოთ და 2013 წლის ბოლოსთვის ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ”ვიზა დიალოგი” აუცილებლად 2013 წლის ბოლოს დასრულდება”.

ქართულ პრესაში გრძელდება კულტურის სამინისტროს თემაზე მიმდინარე დისკუსია. ”ყველა სიახლეში” მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. კორესპონდენტი მასთან საუბარს კულტურის სამინისტროში 12 ოქტომბერს სამუშაო ჯგუფის მივლინების შემდეგ მომხდარზე ეკითხება. ოდიშარია ინტერვიუში ამბობს: ”გაუგებარია, ქალბატონმა თაკომ ან შეხვედრაზე, ან შემდეგ რატომ აიღო ინიციატივა, ვინ უთხრა ან შეაგულიანა, რომ მინისტრის მოადგილე იქნებოდა?”. კულტურის მინისტრობის კანდიდატმა ”ყველა სიახლეს” უთხრა, რომ მოადგილის საკითხზე მიღებული იქნება გუნდური გადაწყვეტილება და ”არამხოლოდ წერილების ავტორთა აზრის გათვალისწინებით”.

ამ წერილების თემაზე წერს დღევანდელი ”რეზონანსის” ავტორიც სტატიაში, სათაურით - ”პეტიციების ბუმი კულტურის მინისტრის მოადგილის სკამზე”. ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილს ”რეზონანსისთვის” უთქვამს: ”მგონია, რომ ეს კომუნისტური დროის კოლექტიური წერილების ასოციაციას იწვევს და ამით ცოტა უხერხულ მდგომარეობაშიც ვაყენებთ მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ჯერ არც კი დამტკიცებულა”.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრი სიბინძურე ამოტივტივდებოდა ზედაპირზე. დაიწყო კიდეც ამ სიბინძურეების ამოტივტივება, ჯერჯერობით მხოლოდ ქონებაჩამორთმეული მოქალაქეების საჩივრების სახით”. - ამავე ინტერვიუში ნათქვამია: ”მე ველი და არ გამიკვირდება, რომ ისეთი სენსაციური ცნობები გაჟღერდეს, რომ შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს და ეს ციხის სკანდალებიც კი გადაფაროს თავისი მოულოდნელობებით”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG