Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 7 ნოემბერი


ბაჩო ახალაიას დაკავებაზე გამოხმაურება დღეს გამოსული გაზეთების უდიდესმა ნაწილმა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოასწრო და მხოლოდ მისი საქართველოში დაბრუნების ფაქტზე წერენ. მხოლოდ ”24 საათის” პირველ გვერდზეა სათაური - ”ახალაია დააკავეს”. ”შეუძლებელია, რომ ყოფილი ხელისუფლების ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ოდიოზურ წევრს არ სცოდნოდა როგორ ელოდნენ მას ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელები”, - წერს ”24 საათის” კორესპონდენტი და იმასაც ხაზს უსვამს, რომ ”იმ სამთავრობო სამეულიდან, რომელმაც არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საქართველო დატოვა (ახალაია, ადეიშვილი, შაშკინი), ბაჩო ახალაია ის გამონაკლისია, რომელიც უკან დაბრუნდა”.

”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ: ”შაშკინისა არ იყოს, ესეც გაიძახის - არ ვარ ის კაცი, თქვენ რომ გგონიათ. ისეთ რაღაცებს მიგონებს ახალი ხელისუფლება, კოშმარებისგან ღამეები არ მძინავსო”.

”ყველა სიახლეში” დღეს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. მას კორესპონდენტი მოსკოვში დაუკავშირდა. ინტერვიუ ვრცელია. ერთგან კახა თარგამაძე ამბობს: ”მიხეილ სააკაშვილმა შსს-ს სახით შექმნა გესტაპო, რომელიც ქართველი ერის წინააღმდეგ იბრძოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 300 ათასი მამაკაცი გაატარა ციხეში 9 წლის განმავლობაში. ამის დოკუმენტი მაქვს. ეს არის საქართველოს მამაკაცთა 42%. იცით, ეს რას ნიშნავს? - ამით ქართული გენოფონდი გაანადგურეს”. - ინტერვიუ კახა თარგამაძესთან ”ყველა სიახლეში” მთავრდება ფრაზით: ”მე სააკაშვილს საკანში მოვინახულებ!”.

გაზეთ ”ვერსიის” პირველ გვერდზე ინტერვიუს სათაურია - ”ჟამი მხილებისა!”. რესპონდენტი, როგორც ავტორი წერს, საქართველოში ერთადერთი პატიმარი ბერი - წარსულში საქართველოს გენერალური კონსული კოტ დივუარში - ერმილე თორთლაძეა. ის 2005 წელს დააკავეს და საკონსულოს სეიფიდან შსს-მ მაშინ 200 აბი სუბუტექსი ამოიღო. ერმილე თორთლაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მისი დაკავების მიზეზებს შორის მთავარი ის იყო, რომ ფლობდა ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის დაბინძურებაზე. პატიმარი ჰყვება ციხეში ძალადობის ფაქტებზე. ინტერვიუს პირველი ნაწილი ციხის ბუნტის თემით მთავრდება: ”მე პირადად ვარ თვითმხილველი, რაც იქ მოხდა, ამასაც გეტყვითო”.

ნორა კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე წერს ”ახალი თაობა”: ”წლების წინ, როცა სხვა ქალებთან ერთად ხეობას იცავდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მას ხეობის ოკუპაციაში დასდებდნენ ბრალს. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნებულ ემზარ კვიციანს კითხვებს აუცილებლად დაუსვამენ. გასარკვევი მართლაც ბევრია. ემზარი ბევრ რამეს იტყვის იმ ვითომ-ამბოხზე. გაირკვევა ისიც, რატომ ცდილობდა ასე დაჟინებით ნაციონალური ხელისუფლება ბატალიონ ”მონადირის” გაუქმებას”.

”რეზონანსი” წერს: ”ინვესტორები საქართველოში დიდი თანხის დაბანდებას არ ჩქარობენ. ისინი პროცესებს ჯერ კიდევ აკვირდებიან და მოლოდინის რეჟიმში არიან. ეკონომიკის სფეროს ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი დაკვირვების პროცესი, მინიმუმ, ექვსი თვე გაგრძელდება. სპეციალისტთა მეორე ნაწილი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ინვესტორების აქტიურობას მომავალი წლის პირველივე კვარტალში ელის”.

”უგულავამ უკუსვლა ჯერ ვერ იკისრა, თუმცა, სადაც სამართალია, თბილისის მერიამ დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს!” – ”საქართველოს რესპუბლიკა” წერს: ”გიგი უგულავა ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. თბილისის მერიას წლის ბოლომდე სოციალური დახმარების პროგრამებისთვის საჭირო 20 მილიონი ლარი შემოეხარჯა და ახლა აქეთ-იქით აწყდება. საქართველოს მთავრობის პოზიცია უკვე კატეგორიულია - მერიამ შეასრულოს ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე! უახლოეს დღეებში თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობის პროექტს, რომლითაც წლის ბოლომდე სახელმწიფო სოციალური პროგრამები აღდგება”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG