Accessibility links

დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ არაერთ გამოხმაურებას ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტზე. ”ახალი თაობა” წერს: ”ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით მართლა ბევრი პრეტენზია არსებობს. ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც ბევრ ეჭვს იწვევს. კარგი იქნებოდა, სუბარს დაესახელებინა ის მიზეზები, თუ რატომ გადაიყვანეს ბაჩო ახალაია მეშვიდე საპყრობილეში”. ”ახალ თაობაშივე” ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს, რომ ”ასეულობით პატიმარი უშუალოდ ადებს ხელს ბაჩო ახალაიას წამებაში, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. ერთ-ერთი ასეთი განცხადება ორი დღის წინ შევიტანე პოკურატურაში. ადამიანი ითხოვს, რომ ის დაკითხონ და მზადაა ჩვენება მისცეს მეგის ქარდავას და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რადგანაც, როგორც ამბობს, სწორედ ამ ორი ადამიანის ინიციატივით და მათი მონაწილეობით არის ეს ადამიანი დაინვალიდებული”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი და ამავე ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბაჩო ახალაია ”გარკვეულად მსხვერპლიც არის იმ რეჟიმისა, რომელმაც მას ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა”.

”ბაჩანა ახალაიას იზოლაცია მოხდა მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინტერესებს არანაირად არ უარყოფს თავად ახალაია”, - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში: ”იყო საუბარი, რომ ”მატროსოვზე” გადაეყვანათ, მაგრამ ის არ არის ჩაკეტილი ზონა, პატიმრები გარეთ არიან და შეიძლება მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ბაჩანა ახალაიას მიმართ”. ამავე ინტერვიუში მოროშკინა ამბობს: ”ერთია, მისი ფიგურის გამოყენება რეკლამის თვალსაზრისით, ხმამაღალი განცხადებებისთვის, მაგრამ უნდა კი მას ეს?! ამ კუთხით ახალაია ადეკვატურია და თვლის, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც გისოსებს გარეთ ხდება, მის საწინააღმდეგოდ მუშაობს ამჯერად”.

”ალიაში” დღეს ქვეყნდება დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი ამნისტიის შესახებ. ავტორი პარლამენტში შესულ კანონპროექტს ეყრდნობა და ჩამოთვლის, რომელ მუხლს რა სახით შეეხება ამნისტია. სტატიაში, მაგალითად, წაიკითხავთ: ”თუ პირი მსჯავრდებულია სხვადასხვა მუხლით და მათ შორის არის ის დანაშაულიც, რომელზეც სასჯელი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, პატიმარს ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი ავტომატურად მოეხსნება და მხოლოდ სხვა დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი დარჩება”. სტატიაში არის იმ მუხლების ვრცელი ჩამონათვალიც, რომლებზეც, კანონის მიღების შემთხვევაში, სასჯელი განახევრდება. ”თუმცა, ამნისტია შეეხებათ არასრულწლოვანებს, ქალებსა და პირველად ნასამართლევ პირებს”.

ამნისტიის საკითხზე ”რეზონანსში” აქვეყნებს თავის მოსაზრებას თეიმურაზ ქორიძე, წარმომადგენელი საზოგადოებრივ ფონდისა ”თბილისი ნარკოტიკების გარეშე”. ის ერთ კონკრეტულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: ”ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა კანონპროექტის მეხუთე მუხლი: გაუნახევრდეთ სასჯელი იმ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული შემდეგი მუხლებით: ...260-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები... ეს ნიშნავს, რომ ამნისტიის წარმოდგენილ კანონპროექტში ნარკომომხმარებლებს სასჯელი გაუნახევრდებათ”. სტატიის ავტორის აზრით, ნარკომომხმარებლებს ამნისტიით გათავისუფლება უნდა შეეხოთ.

”24 საათი” – ”რასმუსენმა ივანიშვილს საქართველოში საკუთარი წყაროები შეახსენა” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში წაიკითხავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლითაც მან ნატოს გენერალურ მდივანს მიმართა და ხმაურიანი საქმეების გამოძიებაში ნატოს ჩართვას გულისხმობს. ავტორს ამ ინიციატივის საპასუხოდ რასმუსენის ციტატა მოჰყავს: ”ჩვენ ნატო-საქართველოს კომისია გვაქვს, ამასთან, სპეციალური წარმომადგენელი მყავს, რომელიც ქართულ სახელმწიფოსთან დიალოგს ყოველთვის აწარმოებს”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” მერაბ ბერძენიშვილის წერილი ქვეყნდება, სათაურით - ”დაუჯერებელი სინამდვილე”. ის მონუმენტური ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებაზე წერს: ”თუ ძეგლს მხატვრული ღირებულება ახლავს, მის წუნზე საუბარი, როგორც საბჭოთა გადმონაშთზე, მცდარია, ხოლო სამარცხვინოა ამ ნიშნით მონუმენტური ქანდაკების უარყოფა”. მერაბ ბერძენიშვილი ქუთაისში, ახლანდელი პარლამენტის ადგილას არსებული მემორიალის აფეთქების ფაქტსა და მის თანმდევ ტრაგედიასაც იხსენებს: ”ყოველივეს ვიხსენებ და ვამბობ იმიტომ, რომ ასეთი ბოროტება, უზენობა და უგუნურება არასდროს განმეორდეს”, - წერს მერაბ ბერძენიშვილი ”საქართველოს რესპუბლიკაში”.
XS
SM
MD
LG