Accessibility links

logo-print
15 ნოემბერს ბრიტანულ „ინდიპენდენტში“ გამოქვეყნდა მოკლე ინფორმაციული სტატია, სათაურით „რუსეთმა შესაძლოა მოხსნას საქართველოს ღვინოზე და მინერალურ წყალზე დაწესებული აკრძალვა“. სტატიის ავტორი შემოღებული ემბარგოს ისტორიას გადმოსცემს მოკლედ და შემდეგ მოაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი დენისოვის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება „რომ ორივე მხარე მზადაა ამ საკითხზე მუშაობის დასაწყებად“. სტატიის ბოლოს ავტორი, შონ უოლკერი, საქართველოში ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებაზეც წერს - დაპატიმრებების ფაქტებზე; მკითხველს იმასაც ატყობინებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლისა და სამთავრობო შენობაში მუშაობისკენ. ივანიშვილი „აცხადებს, რომ ამ შენობის ელექტრომომარაგება ყოველწლიურად 300,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის თანხა ჯდება და იმუქრება, რომ თავის მეტოქეს შუქს გამოურთავს, თუკი ის მოწოდებას არ დაემორჩილება“.

საქართველოში ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრების ტალღის შესახებ აუდიტორიას ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ - ბიბისიმაც - შეატყობინა თავის ვებსაიტზე 16 ნოემბერს გამოქვეყნებული მოკლე ტექსტით. „დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რომლის პარტიაც გასულ თვეში არჩევნებში დამარცხდა. ბატონი სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ადმინისტრაციის წევრ პოლიტიკოსებზე ახალი მთავრობა ზეწოლას მიმართავს. ყოფილ თავდაცვის მინისტრს სამხედროთა წამებაში წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება 2010 წლის თებერვალში მომხდარ ინციდენტს, როცა, ბრალდების თანახმად, ბაჩო ახალაიამ 17 სამხედრო პირის ჩაკეტვის და არასათანადო მოპყრობის ბრძანება გასცა“.

14 ნოემბერს სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან ნაწყვეტები. „ივანიშვილი ამბობს, რომ ‘დღეიდან’ მჭიდროდ ითანამშრომლებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან - თავის დიდ პოლიტიკურ მეტოქესთან - და უარყოფს ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს“, - ვკითხულობთ სტატიაში. „როიტერსის“ კორესპონდენტი ადრიან კროფტი მკითხველს ატყობინებს, რომ ყოფილი მინისტრის და ორი სამხედრო პირის დაკავებამ, ერთი წლის წინ სამხედროების შეურაცხყოფის ბრალდებით, „კუდიანებზე ნადირობის“ დაწყების შესახებ შიშებს მისცა ბიძგი. ავტორი აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ივანიშვილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უთხრა, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ სასამართლოებს პოლიტიკური სარჩული აქვს, ამით საქართველოს და მის მთავრობას ზიანი მიადგებაო, თუმცა „როიტერსისთვის“ ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილს უთქვამს, რასმუსენი „ჩემი მხრივ დავარწმუნე, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე იქნება და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ შერჩევით სამართალს ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებასო“. ჟურნალისტი შენიშნავს, რომ ივანიშვილი მას თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდა. „ამავე დროს, კანონი ამოქმედდება და მათ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის შესაბამისად მოექცევიანო“, - უთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

16 ნოემბერს „ნეიშენალ ინტერესტში“ დაიბეჭდა კავკასიის საკითხების ანალიტიკოსის ტომას დე ვაალის სტატია, სახელწოდებით „წუხილი არასწორ მეზობელზე“. სტატია ასე იწყება: „საქართველოში ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგების შემდეგ ყურადღება დიდწილად რუსეთის საკითხზეა კონცენტრირებული. რაც გასაგებია, იმ რამდენიმე რაღაციდან ერთ-ერთი, ყველამ რაც იცის საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ის არის, რომ მან თავისი უზარმაზარი ქონება რუსეთში დააგროვა. მაგრამ ექსპერტები არასწორ მეზობელზე წუხან. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობაში, სავარაუდოდ, დიდი ცვლილებები არ იქნება. შეშფოთების საბაბს უფრო მეტად თურქეთთან ურთიერთობა ქმნის", - წერს ტომ დე ვაალი. ცოტა ქვემოთ სტატიაში ვკითხულობთ: „ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთთან მწვავე პოლიტიკურმა კონფლიქტებმა გადაფარა უფრო ღრმა ისტორიული რეალობა: რიგითი ქართველები რუსებთან ბევრად მეტ სიახლოვეს გრძნობენ, ვიდრე სხვა ბევრი ერის წარმომადგენლებთან, ამერიკელების ჩათვლით. ზედაპირის მიღმა თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ქართველთა კულტურულ წარმოდგენებში „სხვები“ თურქები არიან და არა რუსები. ისტორიულად, ოსმალეთი საქართველოს ეროვნულობას რუსეთზე ბევრად მეტად ემუქრებოდა - რუსები კი პერიოდულად იცავდნენ ქრისტიანულ საქართველოს მუსულმანი სპარსელებისა და თურქებისგან“. ტომ დე ვაალის აზრით, სააკაშვილის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ მისი მთავრობა აქტიურად მუშაობდა ანტითურქული სტერეოტიპის აღმოფხვრაზე და თურქეთთან, ანუ საქართველოს ყველაზე პროდასავლელ მეზობელთან, კავშირების გაუმჯობესებაზე. მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად იქცა. თურქეთიდან შემოსული ფული ბათუმში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობებში გამოჩნდა. მაგრამ „ყოველივე ამან უკურეაქცია გამოიწვია. ბათუმი 1878 წლამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და მის გარემომცველ რეგიონში კვლავაც ბევრი მუსულმანი სახლობს. ადგილობრივმა ნაციონალისტმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია უმაგრებდა ზურგს, თავიანთ ქალაქში ნეოოსმალური ექსპანსიის შესახებ დაიწყეს შიშების გაღვივება: საუბრობდნენ თურქ მუშებზე, რომლებიც ქართველებს სამუშაო ადგილებს ართმევენ; მუსულმანებზე, რომლებიც ქრისტიანებს ავიწროებენ. ოსმალეთის ეპოქის დროინდელი და შემდეგ სტალინის პერიოდში განადგურებული მეჩეთის თავიდან აშენების გეგმამ ამ ნაციონალისტურ სენტიმენტებს აალების საფუძველი შეუქმნა. ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე, აცხადებდა, რომ თუკი მეჩეთის რეკონსტრუქცია მოხდებოდა, ის მის ბულდოზერებით დანგრევას ისურვებდა“, - წერს დე ვაალი და განაგრძობს: „ივანიშვილის მომხრეები თბილისში თუ დემოკრატიისკენ იხრებოდნენ, ბათუმში „ქართული ოცნების“ ავანგარდს სწორედ ეს ნაციონალისტები შეადგენდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტი გადაიბარა. მურმან დუმბაძემ ბათუმიდან მოიპოვა მანდატი. ახლა იქნება მოწოდებები თურქეთიდან იმიგრაციის თუ თურქეთთან ვაჭრობის შეზღუდვაზე. საქართველოში თურქეთის ექსპორტი ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობა, რაც წინა მთავრობის მიერ დამკვიდრებული დაუბალანსებელი ეკონომიკის სიმპტომია. მაგრამ საქართველოს ახალი მთავრობა შეცდომას დაუშვებს, თუკი თავის ნაციონალისტურ ფრთას ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი მეზობლისგან გაუცხოების საშუალებას მისცემს. ივანიშვილის საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდი გამოწვევა რუსეთმა კი არა, სწორედ ამ საკითხმა შეიძლება შექმნას“.
XS
SM
MD
LG