Accessibility links

logo-print
”ვინ გადასცა ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი?” - ამ სათაურით ”ყველა სიახლეში” ქვეყნდება ინტერვიუ ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრ ლაშა მესხიასთან. ის ამბობს: ”ყალბი პასპორტი საჯარო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გასცა 2011 წლის 25 აგვისტოს. მერაბიშვილს ყალბი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ეპიტაშვილმა გადასცა. იმხანად სამმართველოს ლევან სამადაშვილი კურატორობდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგესო”, ამბობს ლაშა მესხია და ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმასაც განმარტავს, რომ ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისგან, ანუ იმ უწყებიდან მიიღო, სადაც თავად ორი წლის განმავლობაში უმუშავია. მესხიას მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი პასპორტები ერეკლე კოდუაზე, ვანო მერაბიშვილზე, ამირან მესხელსა და ზურაბ ადეიშვილზე გაიცა.

”ყველა სიახლე” დღეს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. ოდიშარია ფიქრობს, რომ მის მოადგილეებთან დაკავშირებული კინკლაობა ”მეათეხარისხოვანია” იმასთან შედარებით, რაზეც სამინისტროში მუშაობენ.

”ორხელისუფლებიანობა, გაუგებრობა, საქმეში ჩაუხედაობა და ასე შემდეგ, იწვევს უკვე იმედგაცრუებებს”, - ეუბნება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ”ახალ თაობას” და განაგრძობს: ”დღეს ახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც არავინ არ აირჩევს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ესენიც ვეღარ აიღებენ ამ პროცენტებს. საზოგადოებაში თანდათანობით ჩნდება განცდა იმისა, რომ ეს დანაპირები აღარ სრულდება”. ნანა კაკაბაძე ამ ინტერვიუში სამართლიანობის აღდგენის, კონკრეტულად პოლიტმატიმრების საკითხის გაჭიანურებაზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ნიშნებსაც ხედავს.

”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სოსო მანჯავიძის ინტერვიუ ”ვერსიაში”: ”მოკლედ, თუ ხელისუფლება ამ პირველ პირებს ძალიან მალე არ დაიჭერს, ასეთ გართობას ხალხი ძალიან მალევე სხვა გართობით შეცვლის. ანდა, თუ ამნისტიას ისე დაახეიბრებენ, როგორც ახლა ახეიბრებენ, დაიწყება ფართომასშტაბიანი გამოსვლები ციხიდან და შედეგები ძალიან ცუდი იქნება”. მანჯავიძე ვრცელ ინტერვიუში ლაპარაკობს იმაზეც, რომ ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ბაზაზე ახალი პარტია - ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შეიქმნება. ”19 დეკემბერს, ყველა წესის დაცვით, ყრილობასაც ჩავატარებთ და ცოტა ხანში ქართველი ხალხი ნახავს, რას ნიშნავს ნამდვილი პარტიული ცხოვრებაო”, აცხადებს სოსო მანჯავიძე.

”ვერსიაში” ახალი ხელისუფლების ერთთვიან მუშაობას კრიტიკულად აფასებს ”ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე. ერთ-ერთი ფრაზა: ”ჩვენი ახალი მთავრობა, რომელიც ხელისუფლების ნაწილია, უნდა მიხვდეს, რომ მისი საქმე არ არის ვინ იქნება ამა თუ იმ რაიონის საკრებულოს წევრი”. ლევან კალანდაძე ინტერვიუში ბიუჯეტის დაგეგმვასაც იწუნებს და დენისა და ელექტროენერგიის ტარიფის 10%-ზე ბევრად მეტად შემცირებასაც შესაძლებლად თვლის.

ენერგეტიკის თემაზე დღეს ”რეზონანსიც” წერს: ”გამანაწილებელი კომპანიები ქსელში 700 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას კარგავენ. კარგავენ პირობითად, ვინაიდან კომპანიებს ამ ზარალს მოსახლეობა ტარიფით უნაზღაურებს. ექსპერტების ერთი ნაწილის განცხადებით, არ არსებობს მონიტორინგი, კომპანიების მიერ დაფიქსირებული დანაკარგები შეესაბამება თუ არა რეალურ მდგომარეობას. არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიები მაღალ დანაკარგებს ხელოვნურად აფიქსირებენ, რათა შემდეგ სემეკს ტარიფში დანაკარგების კომპონენტის გაზრდაზე ევაჭრონ”.
XS
SM
MD
LG