Accessibility links

logo-print
„ფორინ პოლისიში“ მაიკლ ჩეჩირემ გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურიცაა მოწოდება: „ნუ იჩქარებთ საქართველოს განსჯით“. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ სულ რამდენიმე კვირის წინ არჩევნების შედეგად მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში. ყოფილი რეჟიმის ბევრი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ამას დასავლეთში კრიტიკა, შეშფოთება და განგაშის ტალღა მოჰყვა. ეს იყო ნაჩქარევი კრიტიკა, რომლითაც ყოფილი მთავრობის მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებანი იმალება. ამით შანსი უქრება სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას, ფიქრობს ჩეჩირე, რომელიც ოდნავ ქვემოთ განაგრძობს: მაგრამ მთელი ამ საჯარო შიშისა და შეშფოთების გამოხატვის ფონზე, მოულოდნელად მცირე ყურადღება დაეთმო იმას, თუ ვინ დააპატიმრეს და რატომ. იმ დროს, როდესაც ინგლისურენოვანი პუბლიკაციების უმეტესობა სიტუაციას აფასებს როგორც ალყაშემორტყმული პროდასავლური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ წმენდას, რეალურად, ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია, ამბობს წერილის ავტორი. მისი აზრით, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას გავაანალიზებთ, აზრი, რომ ახალაია ან მერაბიშვილი და დანარჩენები უსამართლოდ დადანაშაულებული, ალყაშემორტყმული არიან, გაქარწყლდება. ჩეჩირე განაგრძობს: ახლა იშვიათად ახსენებენ იმ ფაქტს, რომ ახალაიამ და მერაბიშვილმა, რომლებისაც ასე ეშინოდათ, შექმნეს თვალთვალისა და უშიშროების ყოვლისმომცველი და, როგორც ჩანს, უკანონო სისტემა. სწორედ ამან შეუწყო ხელისუფლების დაუსჯელობის განცდას ხელი და სწორედ ეს დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელად გაემარჯვა.

უფრო ქვემოთ წერილის ავტორი სააკაშვილის პერიოდის საქართველოს რეალობას აღწერს და მას ასე ხედავს: წინა ხელისუფლება თავის ამაღლებულ პროდასავლურ რიტორიკას საქმით ვერ ამტკიცებდა. თუმცა დასავლეთისადმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ენთუზიაზმით აღსავსე დამოკიდებულებამ და შედარებითმა წარმატებამ საქართველოს განახლების პროცესში, როგორც ეტყობა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათ კოლეგებზე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პროდასავლური ბრენდი მაინც არ უნდა აგვერიოს ნამდვილ დემოკრატიზაციაში, რასაც ადასტურებს კიდეც წინასაარჩევნო არადემოკრატიული გარემო. „ფორინ პოლისის“ ეს სტატია ასე სრულდება: „თუ დასავლეთი მართლაც წუხს საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარების გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისს მიეცეს დრო და სივრცე სამართლებრივი პროცესების განსახორციელებლად და სამართლიანობის აღსადგენად“.

„ფორინ ეფეარზმა“ გამოაქვეყნა თომას დე ვაალის წერილი. ის საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ცენტრის მკვლევარია, საქართველოს ექსპერტი. დე ვაალის წერილის თემა ის სიყალბეა, რომელიც საქართველოს დასავლური ტიპის ქვეყნად წარმოაჩენდა. სტატიის ავტორის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაშორებული იყო ევროპული დემოკრატიული სტანდარტისგან, ის მაინც ახალი სიო იყო ავტოკრატიულ გარემოში. დე ვაალი საქართველოს ახლო წარსულს გადაავლებს თვალს და ამბობს, 1989 წლის შემდეგ ქართველ ხალხს აღმოაჩნდა საკმარისი ძალა იმისათვის, რომ ლიდერების არასწორი ნაბიჯები გამოწვევად აღექვა და, თუმცა პოლიტიკური სისტემა მთლიანად დემოკრატიული არ იყო, მაინც მოახერხა კურსი შეეცვალაო. ოდნავ ქვემოთ დე ვაალი წერს, სააკაშვილის არატიპიურ პოლიტიკურ პროგრამას „ლიბერალურ ბოლშევიზმს“ უწოდებენო და იქვე განმარტავს კიდეც ამ ტერმინს. დე ვაალი არაერთ მოსაზრებას გამოთქვამს და, სხვათა შორის, აცხადებს, რომ, სინამდვილეში, საქართველოს საგარეო ურთიერთობების სტაბილურობისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ნაციონალისტური, ქსენოფობიურად განწყობილი ფრთა, რომელიც უპირატესად ანტირუსულია, ვიდრე ივანიშვილის სავარაუდო კავშირები მოსკოვთან. ის იქვე ასახელებს სხვა პრობლემასაც, რომელსაც აწყდება საქართველო. ეს არის, მისი აზრით, ის ფაქტი, რომ სააკაშვილს და ივანიშვილს, მოსისხლე პოლიტიკურ მტრებს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში თანამშრომლობა მოუწევთ მომავალ ოქტომბრამდე. დე ვაალი წერს, რომ სააკაშვილი, რომელიც რჩება საქართველოს ყველაზე ნიჭიერ პოლიტიკოსად, 45 წლისა იქნება, როცა პრეზიდენტის პოსტს დატოვებს და წააწყდება ლამის შეუსრულებელ ამოცანას, დაგეგმოს თავისი მომავალი ახალგაზრდამ, ძალაუფლების გარეშე. ივანიშვილის ხელში იქნება, დე ვაალის თანახმად, დამსჯელი საშუალება იმისათვის, რომ საბოლოოდ მოსპოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ამ შემთხვევაში ივანიშვილი გახდება ახალი დომინანტი - ცალკეული პოლიტიკოსი, და, ამასთან, არ იარსებებს საკმარისად ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები. და იმის გამო, რომ ივანიშვილი უმდიდრესი კაცია, ის შეძლებს დააფინანსოს საკუთარი ფონდით ისეთი პროექტები, რომლებიც საქართველოს მომავლის მისეულ ხედვას გაუწევს პროპაგანდას. სტატიის ავტორი იქვე ახასიათებს ივანიშვილის შეცდომებს - კატასტროფულად მიიჩნევს პიარის სფეროში მთავრობის ქმედებას პირველ თვეში და, ბოლოს, ამბობს, ეს ყველაფერი ადასტურებს პოლიტიკურ უმწიფრობასო. სააკაშვილი და მისი გუნდი, მასთან შედარებით, მაღალ პროფესიონალებად გამოიყურებიან, წერს ის, იქვე კი ამბობს, ნაადრევია დასკვნის გაკეთება, იქნებ უარესიც მოხდესო, და ერთ ფაქტს ასახელებს: ივანიშვილმა არაერთხელ გამოაცხადა, 2014 წელს გადავდგები და მთავრობას შესაძლებლობას მივცემ ჩემს გარეშე იმუშაოსო. მან, განაგრძობს დე ვაალი, ახლახან განავრცო დანაპირები, „დავრჩები, თუ ჩვენი დაპირებები ვერ შევასრულეთო“. სტატიის ბოლოს დე ვაალი ამბობს, ნაკლებად მოსალოდნელია საქართველოში ისეთივე უკურეაქცია, როგორიც ელცინის რუსეთში იყო და რომელიც რეფორმისტულ პერიოდს მოჰყვა ანტიდასავლური განწყობილების სახითო. „იმის წარმოდგენა, რომ საქართველო შეძლებს გახდეს ამერიკა კავკასიაში, აშკარად შეცდომა იყო“, წერს თომას დე ვაალი თავის წერილის ბოლო აბზაცში. მაგრამ, განაგრძობს ის, საქართველოს შეუძლია გახდეს თანამედროვე ქვეყანა და ჰყავდეს მთავრობა, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას და დაიცავს თავის ტრადიციებს, მაგრამ უარს ეტყვის ნაციონალისტურ ინსტინქტებს, რასაც ურჩევენ უცხოელი მრჩევლები. ეს თუ მოხდა, საქართველო შეიძლება იქცეს მოდელად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ამისთვის სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა აღიარონ, რომ ისინი არ არიან მესიები, წერს დე ვაალი.

გერმანიაში გამომავალმა გაზეთმა „ველტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. ოპოზიციაში გადასვლაზე საუბრისას მინისტრი ამბობს, ჩემთვის პრობლემა არ იყო ქვეყნის წარმომადგენლად დავრჩენილიყავი, რადგან ისევე, როგორც მთავრობას, მეც საქართველოსთვის ერთადერთ გზად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია მესახებოდაო. წასვლა არ მინდოდა, ამბობს მინისტრი, მაგრამ გამიშვესო. ჩემმა სიძემ, რომელიც გაეროში ელჩი იყო, ოპოზიციური პარტია შექმნა. მთავრობამ თავისთვის უფრო ხელსაყრელად მიიჩნია თავიდან მოვეცილებინეო, ეუბნება მაია ფანჯიკიძე გაზეთს. ის ასევე აცხადებს ამ ინტერვიუში, რომ სულ ერთია ვინ იქნება საქართველოს მთავრობა: ის ერთ დღესაც ვერ იარსებებს, თუ იტყვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის არ იბრძოლებს ან არ გაჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას - ევროპაზე უკეთესი რამ არ არსებობს და საქართველო ევროპას ეკუთვნისო. ჟურნალისტის რეპლიკაზე, ეს იდეები დიდი ხანია არარეალურ სურვილებად იქცაო, ფანჯიკიძე თავის წარსულს იხსენებს: 1979-1983 წლებში იენაში ვსწავლობდი. მაშინ რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, საქართველო რამდენიმე წელიწადში დამოუკიდებლობას მოიპოვებს, გერმანია გაერთიანდება და შენ ჯერ ელჩი გახდები და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრიო, ვიფიქრებდი, ამას ექიმი სჭირდება-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდაო, ეუბნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანული გაზეთის, „ველტის“ კორესპონდენტს.

დემიენ მაკგინესი აწერს ხელს სტატიას, სათაურით „საქართველო ივანიშვილის მმართველობის ქვეშ - მართლმსაჯულება თუ შურისძიება“.

ცნობილ ოპოზიციონერთა დაპატიმრებების ტალღა საქართველოს ახალ პარლამენტში განხეთქილებას იწვევს. ერთ-ერთი მხარე აცხადებს, რომ ეს კუდიანებზე ნადირობაა, წაიკითხავთ სტატიაში, რომლის ავტორი წერს: „პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მარცხის სიმბოლოდ იქცა. ცხრა წლის წინ მათ მოღვაწეობა დაიწყეს როგორც იდეალისტმა პროდასავლელმა რეფორმატორებმა, განზრახული ჰქონდათ რა პოსტსაბჭოთა ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება. ბევრ მათგანს კი დღეს ბრალად ედება უფლებამოსილების ათასნაირი გადამეტება“. მაკგინესს მოჰყავს ივანიშვილის ნათქვამი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, სავარაუდოდ, თავის თანამდებობაზე მომავალ წლამდე დარჩება, შესაძლოა ასევე წაუყენონ ბრალდებებიო. ავტორი იმოწმებს სააკაშვილის ნათქვამს, რომ მის პარტიას დევნიან.

ზოგიერთ მის მომხრეს კი შუაღამისას მიმდინარე დაკავებები სტალინის პერიოდის წმენდისთვის შეუდარებია. ამ დროს, ყოფილი მთავრობის ბევრი წევრი სულ უფრო მეტად ნერვიულობს. გამოცემის თანახმად, ოქტომბრის არჩევნებით საქართველომ საყოველთაო შექება დაიმსახურა, რადგან ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოხდა, რაც იშვიათი მოვლენაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ ნაწილში.

ახლა დასავლელი დამკვირვებლები შეშფოთებას გამოხატავენო, ამბობს მაკგინესი და იქვე შეკითხვას სვამს, ხომ არ არის მათი ანალიზი გამარტივებულიო. მისი თქმით, დასავლეთის მედიის ყველაზე საგანგაშო კომენტარები მარტივი და ცალმხრივია: ქართული პოლიტიკის ჰოლივუდური სცენარი – „კარგი ბიჭები ცუდი ბიჭების წინააღმდეგ“ - მიხეილ სააკაშვილის გუნდს წარმოაჩენს როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლ პროდასავლელებს, რომლებიც მოსკოვის გავლენისაგან გათავისუფლებისთვის იბრძვიან.

სინამდვილეში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ეს იყო საქმეები, რომლებსაც, უფლებადამცველების თქმით, საკმარისად არ იძიებდნენ, რადგან თითქმის ათი წლის განმავლობაში ისინი ქვეყანას ერთპიროვნულად მართავდნენ. წერილის ბოლოს ავტორს მოჰყავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის სიტყვები, რომ „საქართველოს ერთ-ერთი მთავარი წარუმატებლობა ის იყო, რომ არ არსებობდა სამართლიანობის განცდა“.
XS
SM
MD
LG