Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 19 დეკემბერი

  • ნიკო ნერგაძე

”ამნისტია თითქმის ყველა პატიმარს შეეხება” - ამ სათაურით სტატიას 19 დეკემბერს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს და მასში ვკითხულობთ, რომ ამნისტიის შედეგად საპატიმროებიდან 4 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდება. გაზეთი ეყრდნობა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ”პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 2-3 თვეში დატოვებენ”, რადგანაც ეს დრო სასამართლოებს საქმეების გადახედვისა და აღსრულებისთვის დასჭირდებათ. თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, პატიმრების გარკვეული ნაწილი ახალ წელს სახლში შეხვდება. ”რეზონანსი” შეახსენებს მკითხველს, რომ უპირობოდ გათავისუფლებაზე განხილვების დროს იმ პირთა შესახებ იყო ლაპარაკი, ვისაც პირველი და თანაც მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი; სასჯელი გაუნახევრდება პატიმართა საკმაოდ დიდ კონტინგენს, ხოლო სასჯელის მეოთხედით შემცირება შეეხება ყველა პატიმარს მათ გარდა, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამნისტიის კანონპროექტს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც თვლის, რომ ამ მასშტაბის ამნისტია ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას დაამძიმებს.

”მთავრობა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ძველი ფუნქციის დაბრუნებას გეგმავს” - ამ ინფორმაციასაც 19 დეკემბრის ”რეზონანსი” გვაწვდის. როგორც გაზეთის კორესპონდენტს ეუბნება გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, ცვლილების აუცილებლობის საკითხი პრობლემების შესწავლის შედეგად დადგა. ცაგარეიშვილის განმარტებით, პრობლემები ყველა მიმართულებით იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ დგას ტყის განადგურების პრობლემა. ”ბოლო ხელისუფლება მოსახლეობას ტყის მოჭრის უფლებას არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდაც კი აძლევდა”, - ეუბნება უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი გაზეთ ”რეზონანსს”.

”ივანიშვილს პუტინთან შეხვედრის იმედი აქვს”, - ამ სათაურით სტატიას ”24 საათი” ბეჭდავს. გაზეთი აქცენტს აკეთებს კომენტარებზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა 18 დეკემბერს, უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ქართული მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრას და საინტერესო ფაქტად თვლის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვედრაზე წარდგა როგორც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ხოლო ზურაბ აბაშიძე შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რანგში მონაწილეობდა. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში არ იგეგმება შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება.

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადების თაობაზე 19 დეკემბრის ”ახალი თაობა” წერს. ”ოქრუაშვილს რაიმე კონკრეტული მოთხოვნა არა აქვს. ამ ფორმით ის, უბრალოდ, სოლიდარობას უცხადებს იმ ბიჭებს, რომლებიც პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს ან მასში შეყვანაზე თავიდანვე უარი უთხრეს; თანაც, ე.წ. ზილების საქმეზე დაკავებული და მოშიმშილე ერთ-ერთი პირი, იოსებ გიგუაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის საკანში ზის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩათვალა, რომ თანამესაკნის შიმშილობის პირობებში, მის მიერ საკვების მიღება სწორი საქციელი არ იქნებოდა”, - აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

”ახალი თაობა” უცნაურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილი, მაშინ როცა ამ სიაში მოხვდა, მაგალითად, ჯემალ ქარქუსოვი, რომელსაც ერთ დროს ”კოკოითის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და 2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა”.

”ახალი თაობა” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად მიაჩნია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რადგანაც, მისი თქმით, ”ის წინა ხელისუფლებამ ძალით ჩასვა თვითმფრინავში და გააგდო პრაქტიკულად ქვეყნიდან”. თუმცა რაც შეეხება მისი ბრალეულობის საკითხს, იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ სიმართლე მართლმსაჯულებამ უნდა დაადგინოს.
XS
SM
MD
LG