Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 27 დეკემბერი


დღევანდელი პრესა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება. “24 საათში” ქვეყნდება სტატია, სათაურით - “აზერბაიჯანში ივანიშვილის მოლოდინი არ გამართლდა”. ავტორი წერს: “აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულებამდე გაირკვა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესახებ საქართველოს მთავრობის მოლოდინი გადაჭარბებული იყო”. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: “ვითარება არც “ყარსი-ახალქალაქის” რკინიგზის საკითხზე შეცვლილა. ბაქოში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე კითხვები რეალურად არც არსებობდა”.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საკითხი სხვა გაზეთებშიც იხილება. ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე ეუბნება “რეზონანსს”: “ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხელისუფლების დროს აზერბაიჯანისგან ორჯერ იქნა აღებული ვეებერთელა კრედიტი. როგორც ამბობენ, პირველი კრედიტი იმაზე მეტი იყო, ვიდრე მშენებლობას სჭირდებოდა, მეორე კრედიტი კი, ლამის მილიარდი დოლარი, საერთოდ ტყუილად აიღეს. ვფიქრობ, საკითხი, თუ რაში ხარჯავდნენ ამ ფულს, შესასწავლია”. პეტრე მამრაძე ამავე ინტერვიუში ამბობს: “საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ უგულავა და ნიკოლეიშვილი სასწრაფოდ გაიქცნენ ბაქოში, რათა დაესწროთ ივანიშვილისთვის”.

ამაზე “ახალი თაობაც” წერს სტატიაში, სათაურით “ივანიშვილი და უგულავა ბაქოში ერთად გაფრინდნენ”.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შეფასებას იძლევა პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი “საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში: “სააკაშვილმა კი თქვა, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, მაგრამ არის ნიშნები და ინფორმაციაც, რომ ამ სცენარის განხორციელებას სააკაშვილი აპრილისთვის გეგმავს. თუმცა ამის განხორციელებას ძალზე სერიოზული მიზეზი სჭირდება, რომ ლეგიტიმურად გამოჩნდეს ეს პროცესი. ლეგიტიმურად კი მაშინ შეიძლება გამოჩნდეს, თუ სერიოზულად აირევა ქვეყანაში სიტუაცია ან სერიოზულად ჩავარდება პარლამენტის მუშაობა”. - მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, გოგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ “ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”.

“ალია” “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის არჩევას ეხმაურება. ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ეუბნება გაზეთს: “არანაირი ილუზია არ მქონია, რომ რამე შეიცვლებოდა. თუმცა ყველაფერს ვუყურე: დებატებსაც, კონკურენტების გამოსვლასაც. მათ არ შევაფასებ არანაირი ეპითეტებით. რაც იყო ეგ არხი, იგივე დარჩება კიდევ დიდხანს”.

დღევანდელ “ალიაშივე” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ პოეტ დავით მაღრაძესთან: “მე მინდა პატივისცემა შევინარჩუნო იმ მაკკეინისა და ყველა იმ შეცდომაში შეყვანილი ადამიანის მიმართ, ვინც სააკაშვილმა შეიყვანა შეცდომაში. მე ჩემი მიწა-წყლის დაკარგვა არ მიღირს არავის რეიტინგის ასამაღლებლად”. ამავე ინტერვიუში დავით მაღრაძე ამბობს: “არ უნდა დაკმაყოფილდეს საზოგადოება არსებულით. ამ არსებულზე აღტაცება შეიძლება იყოს წამიერი, მაგრამ ეს არ უნდა გაგრძელდეს თვეობით და წლობით”.
“ახალი თაობა” წერს: “პროკურატურა მიხეილ მაჭავარიანსაც მიადგა”. “არჩილ კბილაშვილის უწყება ყოფილ და მოქმედ დეპუტატებს ცუდად ჰყავს გადაკიდებული. კბილას სმაილიკმა ამჯერად მიხეილ მაჭავარიანს გაუღიმა. „ნაცმოძის“ ყოფილი გენერალური მდივანი შარში ყვითელი “მარშრუტკების” გამო გაეხვია. ამ სატრანსპორტო საშუალებით არჩევნების წინ სააკაშვილის დასახვედრად ხალხი აქეთ-იქით დაჰყავდა”, - წერს “ახალი თაობის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG