Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას დავიწყებთ ”ფორინ პოლისიში” გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სათაურიცაა ”არათავისუფლების ერთი წელი.” ავტორი არჩევნებისა და ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირზე ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს, რომ თავისუფლად ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის გარანტი შეიძლება არ იყოს. 2012 კარგი წელი იყო არჩევნებისათვის, მაგრამ არა დემოკრატიისთვისო, - ამბობს ავტორი და ერთ-ერთ მაგალითად საქართველოც მოჰყავს. სტატიაში წერია: ”გასულ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც მიიჩნეოდა ქვეყნის პროგრესის უმნიშვნელოვანეს მოვლენად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა თავისი პარტიის დამარცხება ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ“, - განაგრძობს ავტორი, - „ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების გადაცემის პირველი შემთხვევა შეიბღალა, როდესაც ივანიშვილმა სააკაშვილის პოლიტიკური მეკავშირეების დაპატიმრება დაიწყო. ეს ნაბიჯი ზოგიერთმა დამკვირვებელმა პოლიტიკური შურისძიების სარისკო აქტად შეაფასაო”. ავტორი საქართველოზე ლაპარაკს ასე ასრულებს: ”იმედია, საქართველო ამ დაძაბულობას გადალახავს და სტაბილური ლიბერალური წესრიგისაკენ წავაო”.

ისე კი, გასულ კვირას საზღვარგარეთის პრესაში გამოქვეყნებული სტატიები საქართველოს შესახებ ნაკლებად შეეხებოდა პოლიტიკას ან ეკონომიკას და მეტად - კულტურას. ”ევრაზიანეტი”, მაგალითად, აქვეყნებს მოზრდილ სტატიას ქართული სუფრის ტრადიციებზე. ”სუფრა და სადღეგრძელოები ყოველთვის იყო ქართული კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილი“, - წერს ავტორი, - „თუმცა პრიორიტეტების ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ქართველებიც ცვლიან სუფრის წეს-ჩვეულებასო”. ცვლილებებს ავტორი ასე აღწერს: ”მაგალითად, ბევრ ურბანულ ცენტრში - ვთქვათ, თბილისში ან ბათუმში - ქალებს უკვე შეუძლიათ რესტორანში სუფრას მიუსხდნენ მამაკაცი თამადის გარეშე. სადღეგრძელოებიც ხანდახან ლუდითაც ისმებაო”. სტატიაში ცვლილებების მიზეზად, პირველ რიგში, დასახელებულია საქართველოს 21-წლიანი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან: “სუფრა, პირველ რიგში, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზა იყო და მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელია და მის ეროვნულობას არაფერი ემუქრება, სუფრის საჭიროებაც ნელ-ნელა ქრებაო”. თუმცა სტატიაში მეორე მიზეზიცაა მოყვანილი - ეკონომიკური ცვლილებები და ყოველდღიური ტემპის ზრდა. ადამიანებს, უბრალოდ, აღარა აქვთ დრო, რომ სუფრას მიუსხდნენ და, ტრადიციულად, ვრცელი სადღეგრძელოებით გაატარონ დროო.

რადგან კულტურა ვახსენეთ, ბრიტანულ „სპექტეიტორში“ გამოქვეყნებულ სტატიაზეც მოგახსენებთ, რომელშიც საქართველოს დედაქალაქზეა საუბარი. ”თბილისი - რეალობის ზღვარზე” - ასეთია სათაური პუბლიკაციისა, სადაც ავტორი თბილისში გატარებულ რამდენიმე დღეს აღწერს და დედაქალაქს ერთგვარ სიზმრის ქალაქად მოიხსენიებს - ფრაგმენტულ ქალაქად, საკარნავალო კოსმოპოლისად, აზერბაიჯანელი მოვაჭრეებით, სომეხი ხალიჩების მქსოველებით, დასასვენებლად ჩამოსული რუსი მხატვრებითა და ასევე აბრეშუმის გზის ვაჭრებით. სტატიის ავტორისათვის თბილისი ღია და გახსნილი და, ამავე დროს, ჩაკეტილი ქალაქია. ის აღწერს რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს, რომელთაც თითქოს დაუმეგობრდა, რომლებთანაც პირადი ისტორიები და სიდუმლოებები გაცვალა, მაგრამ მაინც უცხო დარჩა. ერთგვარი მხატვრული სტატიაა, რომელსაც გშივა ნაიპულის პრიზი მოუგია - ეს ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მწერალს, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს უცხო ქვეყანასა თუ ხალხთან სტუმრობას. ამჯერად ეს პრიზი, როგორც უკვე ვთქვი, თბილისის აღმწერს ერგო.
XS
SM
MD
LG