Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 22 იანვარი


დღევანდელ პრესაში შუქდება საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში. ”24 საათის” სათაური - ”ილია მეორე: რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო, საქართველოს კი - ერთიანი ძლიერი რუსეთი”; ”საქართველოს რესპუბლიკა” – ”პატრიარქებს თანამშრომლობისა ეიმედებათ”. ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ქვეყნდება საქართველოს და რუსეთის პატრიარქების შეხვედრის ამსახველი ფოტო.

”რეზონანსის” მთავარი სტატიაა - ”ივანიშვილი-მედვედევის შეხვედრა, შესაძლოა, დავოსში შედგეს”. ავტორი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დაგეგმვა, თუმცა იქვე განაგრძობს: ””რეზონანსი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მარი ნარჩემაშვილის თქმით, შესაძლოა, ივანიშვილისა და მედვედევის სპონტანური შეხვედრა შედგეს, დაგეგმილი კი არაფერია. პოლიტოლოგების აზრით, თუკი რუსეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, თუნდაც, სპონტანური შეხვედრა შედგება, ეს პოზიტიური მოვლენა იქნება”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ ”საქართველოში სულ მალე მსჯავრდებულების რაოდენობა დაახლოებით 7031-ით შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა 15 ათასამდე ჩამოვა”.

დღევანდელი პრესა აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლასაც. ”24 საათი” დაწვრილებით აშუქებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსს. ”რეზონანსს” კი პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა უთხრა: ”ვფიქრობ, აზრი აღარ აქვს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მინიმუმ უკიდურესად არაპატრიოტული გამოსვლის კრიტიკულ ანალიზს, რადგან ვადა მისი პრეზიდენტობისა გასულია, ხოლო წარსულზე საუბარს სჯობს ისევ მომავალზე ვიფიქროთ”.

”საქართველოს რესპუბლიკა” - ”მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის! ეს მან გუშინ სტრასბურგში ერთხელ კიდევ დაამტკიცა ახალი ხელისუფლების მიმართ აგრესიულ-პროვოკაციული გამოსვლით”.

”როგორ იკერებოდა ყინწვისის საქმე” – ”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუ ყოფილ პოლიტპატიმარ ზურაბ გელაშვილთან, რომელიც ჰყვება ე.წ. ”ყინწვისის საქმეზე” დაკავებისა და აღიარებითი ჩვენების გამოძალვის დეტალებს. ზურაბ გელაშვილი იხსენებს, რომ აღიარებითმა ჩვენებამ მოუხსნა სამართალდამცავთა მხრიდან ოჯახზე ძალადობის განხორციელების შიში: ”პროკოფი ჭანკოტაძე და ხიზანაიძე მეუბნებოდნენ, შენს 12 წლის ბიჭს კარგი არაფერი ელის, თუ დანაშაულს არ აღიარებო. ამ ადამიანების წინააღმდეგ აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და კანონის შესაბამისად აგონ პასუხი”, - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი ზურაბ გელაშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალ თაობაშივე” ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუც ქვეყნდება: ”მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა უკვე თავი დაიღუპა. ყველა მისი ნაბიჯი, ყველა მისი ახალი ფრაზა, ახალი განცხადება კიდევ უფრო ამძიმებს მის დანაშაულს და მის ხვედრს, ასევე იმ განაჩენს, რასაც პრაქტიკულად თავად იმზადებს საკუთარი თავისთვის”.

”ახალი თაობის” ავტორი წერს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების საკითხზე: ”ნაცმოძმა ტყუილად ატეხა განგაში. ქუთაისელებს ტყუილად მოუწოდეს აქციებისკენ. ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო და ახლა სხვა რაიონები გამოხატავენ შეშფოთებას. მათი პროტესტი სრულიად სამართლიანია. რაკი პარლამენტმა უნდა განავითაროს ქუთაისი, სხვა ქალაქებმა რა დააშავეს? გამოდის, რომ რეგიონების განვითარების ერთადერთი გზა პარლამენტია. ამ ოხერი კონსტიტუციით კი პარლამენტი მხოლოდ ერთ ქალაქში შეიძლება იდგეს. ამიტომაც რამე იდეაა მოსაფიქრებელი. მაგალითისთვის, ურიგო არ იქნება, თუ პარლამენტის შენობას ქუთაისში დავტოვებთ, ხოლო კომიტეტებს სხვადასხვა რეგიონებში გადავანაწილებთ. საკანონმდებლო ორგანოში 15 კომიტეტია”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG