Accessibility links

რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილის ჩინოვნიკების მიერ პატიმართა წამების ახალი ფაქტები გამოვლინდებაო.

საქართველოში ყოფილი თანამდებობის პირების მიერ პატიმართა წამების ახალი ფაქტები ტივტივდება, წერს გამოცემა. „იზვესტიას“ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, ქართულ მედიაში გავრცელებული ციტატა მოჰყავს, სადაც ის წამების ამაზრზენი ფაქტების შესახებ ჰყვება, რომელთაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულად არ ამჟღავნებს. „იზვესტიაში“ ვკითხულობთ, გამოძიებას ახალი კადრები გადასცა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელსაც უკვე უწოდეს სააკაშვილის ხელისუფლების მესაფლავეო. სწორედ ბედუკაძემ გამოაქვეყნა სექტემბერში ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ის ახლა 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბედუკაძე ირწმუნება, რომ ყველა ციხეში ე.წ. ზონდერბრიგადები არსებობდა. „იზვესტიას“ ბედუკაძის ციტატა მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ წამების შესახებ იცოდა პრეზიდენტმა, ციხეში მიდიოდა მერაბიშვილიც, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. ბედუკაძე ამბობს, პროკურატურას ჩემს ხელთ არსებული მასალები გადავეციო, წერს რუსული გამოცემა „იზვესტია“, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ პროკურატურაში თავს იკავებენ კომენტარისგან იმის შესახებ, თუ როდის დასრულდება ციხის ახალი სკანდალის გამოძიება.

”ჩემი ვარაუდით, თუ გამოძიება თანმიმდევრული და ადეკვატური იქნება, ისინი ყოფილი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებზე გავლენ”,- ამას კი „იზვესტიას“ არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ეუბნება. მისივე სიტყვებით, ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელის, დამნაშავეები კი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობა ეკავათ, ციხეში უნდა იყვნენ.

„იზვესტიასთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ პრობლემა უკვე გასცდა პატიმართა წამების ერთეულ შემთხვევებს და ეს, მთლიანობაში, წინა რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია, შესაბამისად, ის სისტემურად უნდა გადაწყდეს. როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „იზვესტიას“ უპასუხეს, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებების კომენტირებას არ აპირებენ. გამოცემას იქვე შეახსენეს, რომ სექტემბერში გავრცელებული კადრების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას პრეზიდენტმა ამაზრზენი უწოდა და ყველა მონაწილე პირის დაკავების განკარგულებაც გასცა, სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრად კი ყოფილი ომბუდსმენი დანიშნა.

„იზვესტია“ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მოსკოვში დაჯილდოების შესახებაც წერს. 21 იანვარს საქართველოს პატრიარქი მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს მართლმადიდებელთა ერთობის გაძლიერების, საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანულ ფასეულობათა გამყარებისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

როგორც „იზვესტიას“ განუცხადა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საეკლესიო კავშირის მართლმადიდებელთა შორის ურთიერთობების საკითხებში მდივანმა იგორ იაკიმჩუკმა, ილია მეორემ, ისე როგორც არავინ სხვამ, გააკეთა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ორ ხალხს შორის ურთიერთობა, უკანასკნელი წლების პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად.

ყველაზე ცხელ დროს, 2008 წელს, ჩვენ საქართველოს პატრიარქთან ვურთიერთობდით. პარადოქსია, მაგრამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე ორი ეკლესიის ურთიერთობა გააქტიურდა ისე, როგორც არასდროს. აფხაზეთის ეკლესიის საკითხთან დაკავშირებულმა თემამაც კი ვერ დააზარალა ეს ურთიერთობებიო, - უთხრა იგორ იაკიმჩუკმა „იზვესტიას“.

ამასთან, „იზვესტია“ წერს, რომ საქართველოს პატრიარქის 85 წლის იუბილესა და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკულტო ფილმის - ”ჯარისკაცის მამის” - ავტორი რეზო ჩხეიძე ფილმს იღებს. რეჟისორის სიტყვებით, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, პატრიარქის მოღვაწეობის გარდა, საქართველო-რუსეთის ეკლესიებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსაც შეეხება.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ კი წერს, რომ ნინო ბურჯანაძემ დაცვა მიიღო, პოლიტემიგრაციიდან დაბრუნდა პარლამენტის ექს-სპიკერის გავლენიანი მეუღლე. „კომერსანტი“ ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე წერს, რომ დაბრუნება ბადრი ბიწაძისა, რომელსაც ძალოვან უწყებებში შენარჩუნებული აქვს მჭიდრო კონტაქტები, გააძლიერებს ქალბატონი ბურჯანაძის პოზიციებს ოქტომბერში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

თუმცა ნინო ბურჯანაძის პარტიაში - ”დემოკრატიულ მოძრაობა”- მისი საპრეზიდენტო პერსპექტივების შესახებ ძალზე ფრთხილ კომენტარებს აკეთებენ. როგორც „კომერსანტს“ ”დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის კანდიდატურის დასახელება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, ამის მიუხედავად, ბურჯანაძის თანაპარტიელები აღიარებენ, რომ ბადრი ბიწაძის დაბრუნება, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG