Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 21 თებერვალი


“რეზონანსი” წერს: “დიპლომატიური საბოტაჟი - ფანჯიკიძე ელჩების “დაუმორჩილებლობის” გამო ჩივის”. სტატია ეხება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ გამოწვეული, ჯერ კიდევ პოსტებზე მყოფი ელჩები არ ასრულებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებებს. “რეზონანსს” პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ უთხრა: “სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ა.შ., სადაც საქართველოს იმიჯი ახლა ყალიბდება, სანამ სიტუაცია დარეგულირდება, სამინისტრომ რამე ზომები უნდა მიიღოს - დანიშნოს სპეციალური დესპანი, რომელიც ამ ხალხთან მუდმივად ივლის და მიაწვდის რეალურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ”.

“რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას იმის შესახებ, რომ მოსკოვში საქართველოს პატრიარქის ყოფნისას მასთან ოსური სათვისტომოს წევრების შეხვედრამ “ოსების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია და დაპირისპირებას დაუდო საფუძველი”. სათვისტომოს წევრებს, რომლებმაც შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, გაზეთის თანახმად, “მოღალატეები” და “ფაშისტები” უწოდეს და სათვისტომოდან მათი გარიცხვის საკითხიც დააყენეს.

დღევანდელ პრესაში არაერთ პუბლიკაციას წაიკითხავთ, რომელშიც ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესია გაკრიტიკებული. “ალიას” კორესპონდენტს ეუბნება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი: „’ქართული ოცნების’ სლოგანი იყო, აღვადგენთ სამართალსო. იქ არ წერებულა, კოჰაბიტაციას მოვახდენთო, და საიდან მოიტანეს ეს, ვერ გამიგია. ეს ადამიანები თუ არ გაუშვეს თანამდებობებიდან, მივიღებთ “რეჟიმი N2”-ს. ეს არ არის კოჰაბიტაცია, ეს არის შეთანხმება - ძველი პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები გადაურჩნენ სამაგალითო დასჯას. ეს მათი ლამაზი თვალების გამო რომ არ ხდება, ფაქტია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლებაც აპირებს მათ გამოყენებას იმ სიბინძურეებში, რაშიც ეს ხალხი გამობრძმედილია. ანუ გადაწყვეტილი აქვთ იმავე მეთოდებით იბრძოლომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, როგორც “რეჟიმი N1” იბრძოდა და პირადად მე არ ვაპირებ ამის შეგუებას”, - აცხადებს ხატიაშვილი.

“საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი ავტორი წერს იმ უცხოელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, უსამართლოდ აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს: “აბა, თუ მაგარი ექსპერტები არიან, დაგვისახელონ დღევანდელ მსოფლიოში მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს უფლება აქვს, თუ მოესურვება, პროკურატურაში თავად კი არ გამოცხადდეს, პირიქით, სადაც მოეპრიანება, გამომძიებელი, სასწრაფო დახმარების მანქანასავით, იქ გამოიძახოს”.

“ახალი თაობა” ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესახებ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: “მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა ორგანიზებულად დაგეგმილი იყო დონაძის, ფირცხალავას და სხვების მიერ. ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ დონაძემ ეს არ იცოდა. რატომ მალავდნენ აქამდე? ამ გამოძიებას თუ არ ენდობოდა, საკუთარი ხელისუფლების გამოძიებას ხომ ენდობოდა, იქ რატომ არ წარადგინა?! თუ მართლაც დაუმონტაჟებელია და უწყვეტი ციკლით არის გადაღებული, წარედგინა თავის დროზე, რას უცდიდა? მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ არის. თვალნათლივ ჩანს, რომ ეს არის მონტაჟი”, - ეუბნება გელა ნიკოლაიშვილი “ახალ თაობას”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG