Accessibility links

logo-print
15 მარტის გაზეთი “რეზონანსი” ნომერს ხსნის სტატიით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ - ”ოცნებაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე ჰყავთ და რომ მათ 100 დეპუტატზე მეტი დაუჭერს მხარს მომავალ კვირას იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეზღუდავს. მაგრამ საინტერესო ის არის“, წერს გაზეთი “რეზონანსი”, რომ ”უმცირესობა სრულიად საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. როგორც ისინი ამბობენ, უმრავლესობას საჭირო ხმების რაოდენობა არა აქვს და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მაჟორიტარების გადაბირება”.

პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა, უმრავლესობა კი ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, - წერს გამოცემა IRI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ამავე გამოკვლევიდან ვიგებთ, რომ, შარშანდელ შედეგებთან შედარებით, გაზრდილია როგორც რუსეთთან დიალოგის გაგრძელების (82%), ისე ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა ( 63%). ახალი მთავრობის ჩავარდნებს შორის გამოკითხულთა 51% ვერაფერს ასახელებს. 5% -ს მიაჩნია, რომ ეს საყოველთაო ამნისტიაა, 3% მიიჩნევს, რომ - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპიება. ინსტიტუციების ნდობის თვალსაზრისით, ეკლესია, 95%-იანი მაჩვენებლით, კვლავაც პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდის ჯარი - 91% და პოლიცია - 89%.

სასამართლოს განაჩენებში დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა, - ამბობენ ადვოკატები გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში. - გაზეთი ბეჭდავს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის მხოლოდ იანვრის მონაცემებით, 2012 წლის იანვართან შედარებით, გამამართლებელი განაჩენების რიცხვი ნულიდან 4%-მდე გაიზარდა, გამამტყუნებელმა განაჩენებმა კი 22%-ით იკლო. ადვოკატი სალომე აბულაძე ”რეზონანსთან” საუბარში აცხდებს, რომ არჩევნების შემდგომ შესამჩნევად შეიცვალა სასამართლოს მიერ საქმეებისადმი მიდგომა და დამოკიდებულება.

”პოლიტიკა სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ერეოდა და აბსოლუტურად დამოკიდებული იყო, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ თითქოს უფრო შერბილდა სიტუაცია, პრემიერისა და კუბლაშვილის შეხვედრის შემდეგ, ვფიქრობ, კიდევ უფრო გამოსწორდება მდგომარეობა”.

გაზეთ ”ვერსიას” მთავარ სტატიად პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის მთავარი აქცენტები გამოაქვს და სამსაათიანი შეხვედრის მიმოხილვას ორ გვერდს უთმობს. სტატიაში სხვადასხვა რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ ივანიშვილის რამდენიმე მოსაზრებაა თავმოყრილი.

”ვერსია” ბეჭდავს სტატიას მინისტრების ხელფასების რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით - ოფიციალურად მათი ხელფასები 12%-ით შემცირდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. სიახლე ის არის, რომ, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მინისტრების ყოველთვიური ხელფასი მკაცრად განისაზღვრა - 6300 ლარით. მთავრობამ უარი თქვა თვეში ერთხელ პრემიების გაცემის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რაზეც უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის პასუხია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 6300 ლარიანი ხელფასი არც ერთ მინისტრს არ ჰქონია და რომ ხელფასების შემცირების შესახებ ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.

”ვერსია” ბეჭდავს სტატიას იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს უკავშირდება. 13 მარტს იქ კლდის მასივი ჩამოიშალა. ამ საკითხზე ”ვერსია” თავად ვაკე-საბურთალოს გზატკეცილის პროექტის ავტორს თამაზ შილაკაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რამ გამოიწვია ის, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე კლდე დამცავი ბადის გარეშე იყო დარჩენილი ან გათვალისწინებული იყო თუ არა ამ ადგილზე მზისა და წვიმის ზემოქმედება და რატომ მოხდა, რომ ბადეები მხოლოდ მაშინ გაიკრა, როცა კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მანქანას დაეცა. თამაზ შილაკაძე ამბობს, რომ ადგილზე ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბადეები სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინათ და დააგვიანეს, რადგან აქ, საქართველოში, ვერ იშოვეს და საზღვარგარეთიდან ჩამოჰქონდათ.

”24 საათის” მთვარი თემაც პრემიერის რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას გაკეთებული ცალკეული განცხადებები და მათი შეფასებებია.

”ხელის გადაწევის მეთოდით საუბარი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან მიუღებელია და ხელს არ შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას” - ასეთ შეფასებას აკეთებს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი პრემიერის განცხადებაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ საკუთარ თავს გაინადგურებს. თავად ივანიშვილის განცხადებიდან კი „24 საათს“ სათაურად გამოაქვს პრემიერის ციტატა, რომ ისიც გარკვეული დროის განმავლობაში სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი იყო: ” ორწელიწად-ნახევარი ვერ ვაცნობიერებდი, ვისთან მქონდა საქმე”, აცხადებს ივანიშვილი.

”24 საათი” ბეჭდავს სტატიას მუსიკალური ფესტივალის - Tbilisi Open Air-ის -წლევანდელი პროგრამის მთავარი სიურპრიზის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, 5 ივნისს თბილისში ლეგენდარული როკ-ჯგუფი Deep Purple იმღერებს.

გაზეთი „ახალი თაობა“ ბეჭდავს ინტერვიუს ირინა სარიშვილთან, სათაურით ”ქართული ოცნება მხარდამჭერებს კარგავს“, - აცხადებს, რომ მესამე ოპოზიციური ძალის შექმნა აუცილებელია. ინტერვიუს ირინა სარიშვილთან გაზეთის მეორე გვერდზე წაიკითხავთ. ”ახალი თაობა” ასევე ბეჭდავს სტატიას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას შემაჯამებელი ბრიფინგის შესახებ, რომლის დროსაც ნარმანიამ განაცხადა, რომ რეგიონების განვითარებისათვის წელს 200 მილიონი დაიხარჯება, რაც 140 მილიონით მეტია, ვიდრე შარშან გაწეული ხარჯები.

გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” გამხსნელი მასალა კი პრემიერ ივანიშვილის ღია წერილია „ევროპის სახალხო პარტიისადმი”: ”ვინაიდან კითხვები გიჩნდებათ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თქვენც მოგიწოდებთ, სანამ ”ევროპის კარის დახურვის” შორსმიმავალ დასკვნას გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა”, - წერს ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG