Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 21 მარტი


ქართული პრესის მიმოხილვა
ნინო გელაშვილი, თბილისი
დღევანდელი პრესის გამოსვლა წინ უსწრებდა პარლამენტში საკონსტიტუციო ინიციატივისთვის კენჭისყრას. ავტორები და მათი რესპონდენტები ცდილობდნენ საკითხის მნიშვნელობის შეფასებას და მოვლენათა პროგნოზირებას. მათი უმრავლესობის მოლოდინი იყო, რომ საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას. რაც შეეხება საკითხის მნიშვნელობას, ის უმეტესად პოლიტიკურ თამაშად ფასდება.

უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი უმცირესობის მიერ სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას ასე ხსნის: “მე ვიცი უმცირესობიდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც კარგად ხვდებიან იმას, რომ სააკაშვილის უფლებების შეზღუდვა არის აუცილებელი. დამიჯერეთ, რამდენიმე ადამიანზე რომ იყოს საუბარი, ამ უაზრო ინიციატივას არ წამოაყენებდნენ”, - უცხადებს ცაგარეიშვილი “რეზონანსს”.

ამავე გაზეთში პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავასთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის თვლის, რომ “კენჭისყრას არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის ორივე მხარისთვის ერთგვარი სახის გადარჩენა და ორივე მხარე ნახულობს მოგებას. გავა რამდენიმე თვე და ნახავთ, რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არავის ემახსოვრება”. “რეზონანსშივე” გაეცნობით “ლეიბორისტთა” ლიდერ შალვა ნათელაშვილის მოსაზრებებს. ის თვლის, რომ ეს არის ბრძოლა “პირადი დიქტატურის განსამტკიცებლად”. ნათელაშვილის აზრით, საქართველოს მთავრობა ნეიტრალური, არაპარტიული უნდა იყოს და კარგი იქნებოდა ის მეცნიერებათა აკადემიის წევრებით დაკომპლექტებულიყო.

“ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიას პროგნოზით, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობა მხარს დაუჭერს. ამასთან, ის 19 აპრილის აქციაზე ამბობს: “19 აპრილის აქციის ერთი ნაწილი ამით გაუქმდება, ანუ ამათ ზუსტად დაუმიზნეს, რადგან პრეზიდენტს 20 აპრილიდან შეეძლო მთავრობის დათხოვა და 19 აპრილს იმიტომ დანიშნეს ეს აქცია, იმიტომ დაამთხვიეს ამ ყველაფერს, რომ, ერთი მხრივ, შეეცადნენ გაემძაფრებინათ ვითარება”, - უთხრა ჯონდი ბაღათურიამ “ახალ თაობას”.

“ახალი თაობის” ავტორი დღევანდელ ნომერში წერს: “კულუარებში გარვცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში მოხდება. კონკრეტულად რომელ სამინისტროებს შეეხება პირველი პირის შეცვლა, ჯერ უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები არ შეეხება ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს, მაგრამ არ არის გამოირცხული, რომ პრემიერ-მინისტრმა იქაც მოახდინოს გადაადგილება”. - “ახალი თაობის” ავტორი” კადრების დეფიციტზეც წერს და იმის შესახებაც, რომ “უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან უწყებას ჩააბარებს”.

“ალიას” პირველ გვერდზე სათაურია -“”ნაციონალებმა” ჩრდილოვანი კაბინეტი შექმნეს”. ეს არის ინტერვიუ პროფესორ ზურაბ გაგნიძესთან, რომელიც ირწმუნება, რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და მისი გუნდი “ახალ მინისტრთა კაბინეტზე” მუშაობს. გაგნიძე “ჩრდილოვანი კაბინეტის” შემადგენლობას ჩამოთვლის: “განათლების მინისტრად - რატიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი - კულტურის მინისტრად, პროკურორი - ზურაბ ადეიშვილი. გამოყოფენ შსს-დან უშიშროებას, უშიშროების მინისტრი იქნება გიგა ბოკერია, შს მინისტრი - ნუგზარ წიკლაური”.

“ალიას” ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ეუბნება: “საბჭოთა ანაბრების გასტუმრება თავისუფლად შეიძლება, თუ ეს პროცესი 10-15 წელზე გაიწერება. ყოველწლიურად ამ მიზნისთვის 100 მილიონის გათვალისწინება სრულიად შესაძლებელია”.

დღევანდელი პრესის ერთ-ერთი თემა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციაა. “რეზონანსის” მკითხველი ორგანიზაცია “ტოლერანტობის“ ხელმძღვანელ ცირა მესხიშვილის კომენტარებს გაეცნობა. მისი ინფორმაციით, რეპატრიანტის სტატუსი თითქმის 900 ადამიანს აქვს მიღებული, თუმცა, ამბობს, „სტატუსის მიღება არ ნიშნავს, რომ ისინი ხვალვე გამოქანდებიან საქართველოშიო”.

“24 საათი” წერს ევროპის ჩემპიონატზე 20 მარტს ქართველ მოჭიდავეთა მიერ მიღწეული წარმატების შესახებ: “ედიშერაშვილი ოქროა, ხინჩეგაშვილი - ბრინჯაო”. “სანერვიულოდ ჯერ კიდევ მაშინ გვქონდა საქმე, როდესაც 55 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიებში კენჭისყრის შედეგები გამოვლინდა. პირველი დღის მსგავსად, საქართველოს ნაკრების წევრებს კენჭისყრით მეორე დღესაც არ გამართლებიათ. ფაქტია, ედიშერაშვილსა და ხინჩეგაშვილს უმთავრეს მეტოქეებთან ურთიერთობის გარკვევა საწყის ეტაპზევე მოუწიათ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG