Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 27 მარტი


”ჩაიგდებს თუ არა ხელში ტუმბა-იუმბას ტომი სააკაშვილს?” - ამ სათაურით ”ყველა სიახლეში” ქვეყნდება პუბლიკაცია, რომლის ავტორიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ”იმედის” ეთერში ნათქვამს ეხმიანება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ” მოქმედი პრეზიდენტის დაკითხვის შემთხვევაში ქვეყანა არარსებულ ტუმბა-იუმბას ტომს დაემზგავსება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ კითხავენო”. ”ყველა სიახლეს” საპირისპიროს საჩვენებლად არაერთი მაგალითი მოჰყავს - ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას, ვიქტორ იუშჩენკოს, ვიქტორ იანუკოვიჩის და ბორის ტადიჩისა.

”ყველა სიახლეს” ეკა ბესელია ეუბნება: ”არაფერი გამოუვა ვანო მერაბიშვილს, ის ვერ არევს ვითარებას. სამართალდამცავები ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ და ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება”. ამავე ინტერვიუში ეკა ბესელია მიესალმება ნინო ბურჯანაძის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში.

სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ეროვნული უმცირესობების საკითხებს თავისი მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს: ”არ არის ქარტიის საკითხი სასწრაფო რატიფიცირების თემა, ეს პერსპექტივაში განსახილველია. რატომ ააგორეს? ნაციონალების ინტერესებია და იმიტომ. ცოტა ხანში გამოვა სააკაშვილი და იტყვის, რომ სამცხე-ჯავახეთის დედაქალაქი ახალქალაქი იყოსო”, - ამბობს გიგლა ბარამიძე და ამავე ინტერვიუში გამორიცხავს, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯავახეთში რაიმე სერიოზულის ”აგორება” მოახერხოს.

”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა თვლის, რომ ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” ”შეზრდის პროცესი” მიმდინარეობს: ”განსაკუთრებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი ბიზნესში, სადაც დღეს კეზერაშვილის ბიზნესი ”ქართული ოცნების” მფარველობით ყვავის ისევ ყველგან, სადაც ის საქმიანობდა და ისევ ”პიქსელიდან” იმართება მთელი ქართული ეკონომიკა”, - აცხადებს კუკავა.

”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი წერს: ”გასაგებია, რომ სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უფლება არა აქვს ”წითელ ხაზს” გადავიდეს და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დასვას კარასინის დონეზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის პირადად შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს და გაარკვიოს მასთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა”.

”რეზონანსი” წერს, რომ სასკოლო მართვას კიდევ ერთი ახალი რგოლი შეემატა სასკოლო ოლქების სახით, რომელმაც, გაზეთის თანახმად, ფუნქციურად შესაძლებელია აქამდე არსებულ რგოლებსაც გადააჭარბოს. ”რეზონანსის” ავტორი სასკოლო ოლქის საბჭოს უფლება-მოვალეობებსაც ჩამოთვლის. მათ შორის: ”ოლქის საბჭო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული სკოლის დირექტორობის კანდიდატების კონკურსის წესით შერჩევას და რეგისტრაციისთვის წარუდგენს სამინისტროს; იღებს სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას და რეგისტრაციიდან მოხსნისთვის წარუდგენს სამინისტროს”.

”24 საათში” ქვეყნდება დღეს ვრცელი სტატია სურამის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში არსებული ვითარების შესახებ: ”სურამი, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის. ამ ტიპის ინსტიტუციები, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავინდებურად მისახედია. 2004 წლის დასაწყისში ერთ სკოლა-ინტერნატში ვიყავი, სადაც მენტალური პრობლემებით დაავადებული ბავშვები ცხოვრობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, უმძიმესი მდგომარეობა დამხვდა. მაშინ მეგონა, რომ რევოლუციით მოსული ხელისუფლება უპირველესად ამ ხალხს მიხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერასდროს ვერ გახდებოდნენ მისი ელექტორატი. დღესაც მგონია, რომ არჩევნებით მოსულმა ხელისუფლებამ სწორედ სურამს უნდა უპატრონოს. სავარაუდოდ, ისინიც ვერ გახდებიან მათი ამომრჩევლები, მაგრამ ვიქნებით მე, თქვენ და კიდევ ასიათასობით ჩვენნაირი, ვისთვისაც სახელმწიფოს საზღვარი შეჭირვებული ადამიანების ბედზე გადის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG