Accessibility links

”მაია რჩეულიშვილი გამოძიების დასრულებას ელოდება” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”ვერსია” აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საკუთრების მინდობილობის ხელშეკრულება ”ცენტრ პოინტი ჯგუფსა” და ”დექსუსს” შორის 2010 წლის 7 სექტემბერს ”დექსუსის” მუქარის შედეგად გაფორმდა, 2013 წლის 4 მარტს კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებელთა მოთხოვნით, ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ცენტრ პოინტი ჯგუფში“ შემავალ 70 კომპანიას კვლავ რუსუდან კერვალიშვილი და მაია და ვახტანგ რჩეულიშვილები მართავენ. იდგა თუ არა ”დექსუსის” უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი? გაზეთ ”ვერსიის” მიერ დასმულ ამ შეკითხვას „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ერთ-ერთი მეპატრონე, მაია რჩეულიშვილი, კატეგორიული უარით პასუხობს, თუმცა აკეთებს ერთგვარ მინიშნებას: „სავარაუდოდ, მესამე ძალა ის იყო, ვისაც სურდა დეველოპერული ბიზნესი მხოლოდ მისი ყოფილიყო. ვისაც ნუცუბიძის პლატოზე, საბაგირო გზასთან, 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცეს, აი, ისინი იქნებოდნენ ამის მსურველები”, - უთხრა გაზეთ „ვერსიას“ მაია რჩეულიშვილმა, რომელიც პირობას დებს, რომ დაზარალებულების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

”საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაციონალები რამდენიმე სატელიტ პარტიას შექმნიან” - ამ მოსაზრებას კი გაზეთ ”ახალ თაობას” პოლიტოლოგი გელა კვაჭანტირაძე უზიარებს. მისი აზრით, „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და მის გარეშე სხვადასხვა იქნება. შეიძლება სატელიტი პარტიების მეშვეობით, ფიქრობს გელა კვაჭანტირაძე, რაიმე ახალი სატელიტი ორგანიზაციები შექმნან და შეეცადონ ამით ჩამოირეცხონ ის მინუსები, რაც მათი მოღვაწეობის ბოლო წლებმა აჩვენა.

გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში ” კი წაიკითხავთ, რომ 19 აპრილს რუსთაველზე შესაძლოა პირველი და უკანასკნელი ნაციონალური ტანგო გაიმართოს. გაზეთის თანახმად, ვანო მერაბიშვილის მიერ დაანონსებული რადიკალური ცვლილებები ბევრმა ცინიკურ რეალობად აღიქვა და პრეზიდენტის გადადგომა იწინასწარმეტყველა. შედარებით ამაღლებული შეფასებებით კი, იქნებ სწორედ 19 აპრილს შედგეს ნაციონალების ერთგვარი საყოველთაო მონანიება.

გაზეთი ”რეზონანსი” კი დღეს თავის ერთ-ერთ მოწინავე სტატიაში გალში მოსწავლეთა მასობრივი პასპორტიზაციის დაწყების საკითხს ეხება და შენიშნავს, რომ გალის რაიონის ქვედა ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას რუსი ოკუპანტები უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აკავებენ. გაზეთი, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ორი დღის წინ ოკუპანტებმა მე-10 კლასის მოსწავლე დაიჭირეს, გალის განყოფილებაში წაიყვანეს და მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ოჯახმა ჯარიმის სახით 1200 რუბლი გადაიხადა. გარდა ამისა, „რეზონანსის“ თანახმად, გალის ადმინისტრაცია ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 15 წელი, ჯარში წვევამდელთა საცხოვრებელი ადგილისა თუ რაოდენობის დადგენის მიზნით, აფხაზური პასპორტის აღებას აიძულებს.

„რეზონანსში“ დღესვე გაეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორისკენ გადაადგილების გამარტივებას გეგმავს. როგორც ”რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, იმ ახალგორელებს, რომელთაც ჩაწერა ახალგორში არ აქვთ, დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობის თარგმანით შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG