Accessibility links

logo-print
"საარჩევნო რეფორმა ფაქტობრივად გაჩერებულიაო", წერს პირველ გვერდზე "რეზონანსი": "საარჩევნო რეფორმა პრიორიტეტულად სახელდებოდა დღევანდელი კოალიციის მიერაც წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე თვე გადის და ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი კი შეიქმნა, მაგრამ იდეის დონეზეც კი არა აქვთ ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა გაკეთდეს".

"ჩეჩნები შურისძიებას დაიწყებენ!" - ეს "ყველა სიახლის" სათაურია. ავტორი სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილზე წერს, რომელიც ლაფანყურის ოპერაციას ეხება. "ყველა სიახლე" ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელს, წარმოშობით ქისტ მათე ციხესაშვილს სტრასბურგში დაუკავშირდა. ციხესაშვილი ამბობს: "საპარლამენტო კომისია რისი გამკეთებელია?! ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენას ველოდებით. ამის მერე კი ჩეჩნები თვითონ დაიწყებენ შურისძიებას. 11 ადამიანია მოკლული, თანაც მძინარე ბავშვები". მათე ციხესაშვილი ამავე ინტერვიუში აცხადებს: "ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი კითხვა: რა მიზნით შეაიარაღეს ახალგაზრდები და მერე რატომ დახოცეს. ჩატაევს პროთეზს გაუკეთებენ (ცალი ხელ-ფეხი არა აქვს ადამიანს) და აუცილებლად მოინახულებს გადარჩენილებს. სულ მალე დავადგენთ, რა ბრალი აქვთ ამ საქმეში ახალაიას, ლორთქიფანიძეს, ამირიძესა და მაისურაძეს, მერე კი ჩვენ ვიცითო", ეუბნება მათე ციხესაშვილი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელი, "ყველა სიახლეს".

ამავე გაზეთში - "რატომ არ ესროლეს ტრაილერს?". ავტორი რამდენიმე დღის წინ თურქეთში მომხდარზე წერს, როცა საქართველოს პრეზიდენტი ველოსიპედით სეირნობისას ტრაილერს შეეჯახა და ტრავმა მიიღო. "ყველა სიახლე" ყველაზე სარწმუნოდ იმ ვერსიას თვლის, რომ "მიხეილ სააკაშვილმა არ დაუჯერა საკუთარ თუ მასპინძელ დაცვას, გადავიდა საავტომობილო ტრასის იმ ნაწილზე, რომელზეც მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი მოძრაობს და, წესით, ველოსიპედისტებს - მით უფრო, პრეზიდენტ ველოსიპედისტებს - არაფერი ესაქმებათ, და ტრაილერს შეეჯახა". "ყველა სიახლის" ავტორის ვარაუდით, ტრაილერი რომ გადასულიყო სასეირნო ტერიტორიაზე, მას ცეცხლს გაუხსნიდნენ და შემთხვევა კლასიფიცირდებოდა, როგორც პრეზიდენტზე თავდასხმა.

დღევანდელ პრესაში 19 აპრილის აქციისთვის მზადებაზე წაიკითხავთ. "ახალი თაობა" აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მისვლა-არმისვლის შესაძლებლობით ინტერესდება. ავტორი წერს: "ქვეყნის პირველი პირი გუშინ თავის თურქ კოლეგას შეხვდა. აბდულა გიულთან შეხვედრაზე ის ხელებს საკმაოდ კარგად იქნევდა. შესაბამისად, არც 9 დღის შემდეგ უნდა გაუჭირდეს აქციაზე მისვლაო", წერს "ახალი თაობა" მიხეილ სააკაშვილზე.

"კარგია, რომ 21 აპრილს პოლიტპატიმრების ორგანიზებით აქცია იმართებაო", ამბობს უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი. მასთან ინტერვიუს "ვერსია" აქვეყნებს: "თუ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ხელისუფლებაში ვინმემ მიიძინა, სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდეს. ერთ რამეს პირადად გპირდებით - შეცდომებს, ალბათ, დავუშვებთ, რადგან ქვეყნის მართვა სხვა მხრივ წარმოუდგენელია, მაგრამ სისტემური დანაშაული, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში გვთავაზობდა, კოალიციის მმართველობის პირობებში არ იქნება!"

დღევანდელ გაზეთებში ერთ-ერთი თემა უცხოეთის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვით საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გამოწვეული უკმაყოფილებაა. "ვერსიის" სტატიაა - "როგორ დავიბრუნოთ უცხოელებისთვის 99-წლიანი იჯარით გადაცემული მიწები?". გაზეთისთვის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს განუცხადებია: "ერთადერთი მექანიზმი სათანადო კომპენსაციის საფუძველზე ამ ხელშეკრულების გაუქმებაა, რაც სახელმწიფოს ფული დაუჯდება და არცთუ მცირე ოდენობის. მართალია, წინა ხელისუფლებამ დააშავა და ამა თუ იმ კონკრეტულ სოფელს ზიანი მიადგა, მაგრამ მათ ხომ, ვისაც მიწა გადაეცა, ეს კანონიერად მიიღეს? შესაბამისად, უკან რომ ჩამოართვა, ამისთვის სათანადო კომპენსაცია უნდა გადაუხადო".
XS
SM
MD
LG