Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ეხმაურება: "გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სდსს-ს ვინ დაავალა ამ თანხის გაღება და, პირველ რიგში, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვისი ხელმოწერითაც მოხდა ტრანზაქცია", - უთქვამს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს "რეზონანსისთვის". ამავე გაზეთს აზრს უზიარებს იურისტი ლია მუხაშავრია: "ის პრეზიდენტია და პრეზიდენტის ოჯახის შენახვა სახელმწიფო ხარჯებით ხდება. მაშინ რეზიდენციაში არ უნდა ცხოვრობდეს პრეზიდენტის ოჯახი. ასე, პირდაპირ კანონდარღვევად ეს ვერ ჩაითვლება. პრეზიდენტს შეუძლია გაამართლოს საჩუქრებზე გაწეული ხარჯები და სტუმრის მიღება და თქვას, რომ ეს სახელმწიფო ინტერესებში ჯდებოდა. კეთილი ინებოს და პროკურატურამ დაგვიდოს, რომ კანონდარღვევაა. ასე ხელაღებით რაიმეს თქმა არ შეიძლება".

ამავე თემაზე წერს დღეს "ალიაც". გაზეთის კორესპონდენტი კომენტარისთვის აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროს ლევან ბეჟაშვილს დაუკავშირდა: "ჩემი პასუხი ასეთია", - ამბობს ბეჟაშვილი და განაგრძობს: "იურიდიულად სწავლის ხარჯების გაწევის უფლება არ ჰქონდა. ამ თანხის გადახდა ხდება სხვა მუხლიდან. ბიუჯეტში იყო სპეციალური მუხლები, რომელიც აფინანსებდა სტუდენტების სწავლასა და ცხოვრებას, მაგრამ არა დაცვის სამსახურიდან".

"ალია" დღეს თავის წყაროზე დაყრდნობით წერს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაბადების დღის აღნიშვნის დეტალებზე. "ალიას" ინფორმაციით, მერაბიშვილმა დაბადების დღე მომღერალ ნინო ჩხეიძისა და მისი მეუღლის სახლში გადაიხადა. "ალიას" ავტორი წერს, რომ მერაბიშვილს წვეულებაზე არ დაუპატიჟებია პრეზიდენტი, რომელიც მოგვიანებით იქ თავისი ინიციატივით მივიდა. ამავე სტატიის ავტორი დროდადრო პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს და ასეთ რამესაც წერს: "ახლა შენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ, "ჩემო პრეზიდენტო", კიდევ ერთ ექსკლუზივს წაგაშველებ და გეტყვი, რომ ზურაბ ჟვანიას იდუმალი გარდაცვალების სკანდალური საქმე გახსნილია!!! შენი პარტიიდან მატყობინებენ, რომ აგონიაში ხართ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალები ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე დევს, "ეფბიაიც" ჩართულია საქმეში, "ჩემო პრეზიდენტო". ისევ ბიძინა ივანიშვილი გინდობს, ამ დაძაბულ ფონზე ნამუსს გინახავენ, "ჩემო პრეზიდენტო"", - მიმართავს სააკაშვილს "ალიას" ავტორი.

აგვისტოს ომის დროინდელი მოვლენების გამოძიების საკითხზე მოსაზრებებსაც გაეცნობით დღევანდელ პრესაში. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ყოფს ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურის კომპეტენციებს ომის ამბების გამოძიების საკითხში. ის თვლის, რომ "გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და პროკურატურამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იკვლიოს ომის პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებული ფაქტები".

"ახალ თაობას" უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილზე ეუბნება: "მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს და დაანახვოს, რომ სააკაშვილისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რომ თქვას ამ ომთან დაკავშირებით სიმართლე. ის ამით გადაირჩენს თავს და შეიძლება სწორედ ეს გახდეს გარანტიების საფუძველი მისთვის და არა სხვა რამე".

"საქართველოს რესპუბლიკაში" ქვეყნდება ნოდარ ნათაძის მოსაზრება, სათაურით "ნუ გვაბრმავებთ!": "ქართველ ერს ხელს არ აძლევს, არც ჰმართებს შერიგება ყალბ არჩევანთან - "რომელი გინდა - შეგხრაკო თუ მოგხარშო?", რომელსაც მას დღეს გარედან (ერთი და იმავე წყაროდან) მართული მტრები სთავაზობენ", - წერს ნოდარ ნათაძე და თვლის, რომ "ქართველმა ერმა უნდა მოასწროს ერთ პოლიტიკურ სუბიექტად (ძალად) ჩამოყალიბება და ეროვნული პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ორგანიზება, რათა წამლეკავი უპირატესობით გაიმარჯვოს უახლოეს (რა თქმა უნდა, ვადამდე გასამართავ) არჩევნებში მანამდე, სანამ თავის ქვეყანაში დემოგრაფიულ უმცირესობად იქცეოდეს".

"თბილისური საფარი" - ამ სათაურით თბილისის ზოოპარკის შესახებ სტატია ქვეყნდება "24 საათში". "არა, ეს არ არის აფრიკის სავანე, ეს ახალი ტრასა და ძველი ზოოპარკია, რომლებიც ისე ეხმიანებიან ერთმანეთს, როგორც სხვა დანარჩენი ჩვენს სინამდვილეში. გზა მდინარე ვერეს ხეობაში იმ პირობითაც გაიჭრა, რომ ზოოპარკს თბილისის ზღვაზე გადაიტანდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ჩვენც ჩვენი საფარი გვაქვს შუა ქალაქში", - წერს "24 საათის" ავტორი.
XS
SM
MD
LG