Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 30 აპრილი


30 აპრილის ქართული გაზეთების უმრავლესობა პუბლიკაციებს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ”როუზ-როსის” სემინარს უძღვნის, თუმცა, ამას გარდა, ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში სხვა თემებიც მოხვდა.

გაზეთი „რეზონანსი“ პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. კახა კუკავა შუალედური არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ აყენებს. მისი სიტყვებით, ნაძალადევის რაიონში გამარჯვებულ მის ყოფილ კონკურენტს 10 ათასი ხმა ე.წ. „კარუსელის“ მეშვეობით დაემატა. ”ვფიქრობ, რომ 10 ათასამდე ხმა „კარუსელის“ გზით გამარჯვებული კანდიდატის ქალბატონი თამარ კორძაიას შედეგებს იქნა მიმატებული. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ სიები გაიხსნას და თუკი გაიხსნება, ეს ყველაფერი დოკუმენტურად იქნება ასახული”.

„რეზონანსში“ წაიკითხავდით ასევე, რომ შესაძლოა ლაზიკა საქართველოს ნაცვლად სომხეთში აშენდეს. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დავით კარტოზია „რეზონანსის“ კორესპონდენტს ეუბნება, ამერიკაში მცხოვრები ქართველებისა და იქაური ექსპერტების ჯგუფს აქვს პროექტი, რომელიც კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებას გულისხმობს. პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ” ლაზიკა”, რომელიც, ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე დაყრდნობით, ქალაქის აშენებას და ხამანწკების ბიზნესის განვითარებას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, ქალაქში უნდა დასახლდნენ დევნილები და აფხაზები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან სამსახურით და სხვადასხვა პრივილეგიებით. იდეის ავტორები პროექტში 250 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებენ, თუმცა, როგორც „რეზონანსთან“ საუბარში იდეის ერთ-ერთი ავტორი, დავით კარტოზია, ამბობს, საქართველოში ლაზიკის მშენებლობით არსებული ხელისუფლება დაინტერესებული არ არის.

”საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამ პროექტის რეკლამირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმასაც არავინ აკეთებს, რომ ამ პროექტის პარამეტრებში გაერკვნენ - რა არის საფუძველი, დედააზრი, საიდან მოდის ფული და საიდან კეთდება”, - ეუბნება „რეზონანსს“ დავით კარტოზია და განაგრძობს: ”გასაგებია, რომ პრეზიდენტმა ლაზიკას სახელი გაუტეხა, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან ჩემი ბრძოლა სააკაშვილთან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი წავიღოთ სომხეთში, აზერბაიჯანში, ასევე ერაყის მთავრობისგან არის ძალიან დიდ სურვილი... არ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთშიც წავიღოთ”.

გამოცემას სტატიაში მოხმობილი აქვს ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის კომენტარი: ”დავით კარტოზიას განცხადება არაადეკვატურია და ცოტა საქმესთანაა მოშორებული. უარის თქმაზე ლაპარაკი არ ყოფილა” .

გაზეთი „ალია“ მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც ამბობს, მინისტრი, რომლის მიმართაც პრემიერს პრეტენზია აქვს, ეკონომიკური გუნდის წევრიაო: ”უმძაფრეს პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მინისტრი და უწყების ხელმძღვანელი პროცესს ჩამორჩა. ეს ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებას იწვევს. მას უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც სწრაფად აღწევენ წარმატებას და ამ წარმატებას სტაბილურად ინარჩუნებენ, და ვერ იტანს ჩამორჩენილებს”.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. ბაღათურია შეფასებას აძლევს შუალედური არჩევნების შედეგებს და, ამასთანავე, არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა გაჩნდეს.

” ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ ამას, იმიტომ რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი ისეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ხალხს, რომ ადვილი შესაძლებელია შემოდგომაზე ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან წამოვიდეს და მე არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური პარტიების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს ხალხის ამ მოთხოვნას”, - ეუბნება ჯონდი ბაღათურია ”ახალ თაობას”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG