Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 2 მაისი


"რეზონანსი" წერს, რომ "ექსპერტები ივანიშვილის ევროატლანტიკურ ოპტიმიზმს გადაჭარბებულად თვლიან". საქმე ეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების პერსპექტივას. გაზეთი წერს, რომ "რეზონანსის" ერთ-ერთი რედაქტორისთვის, რომელიც თებერვალში, აშშ-ის მისიის მიწვევით, ბრიუსელში, ნატოში, იმყოფებოდა, ალიანსის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს განუცხადებია, ნატოში საქართველოს გაწევრიანება "ამჟამინდელი სასტუს კვოს პირობებში [ იგულისხმება ტერიტორიული პრობლემები - ნ.გ.] "წარმოუდგენელიაო"". საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე "რეზონანსს" თავისი აზრი გაუზიარა გია ნოდიამ. ის ფიქრობს, რომ "კონფლიქტების არსებობა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ არის გაწვერიანებისთვის შემაბრკოლებელი ფაქტორი“: "გაწევრიანება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და თუ ეს ნება იქნება, საქართველოს გაწევრიანებას ხელს არაფერი უშლის. თუმცა ეს პოლიტიკური ნება არ არსებობს და ამიტომაც არსებული კონფლიქტები კარგი მიზეზია, ქვეყანა ნატოში არ მიიღო", - უთქვამს ნოდიას "რეზონანსისთვის".

"საქართველოს რესპუბლიკაში" ქვეყნდება სტატია საქართველოში ბიზნესის თავისუფლების საკითხზე, სათაურით "როცა ბიზნესს არ ეშინია!..". ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტს უთხრა: "არის ერთი-ორი საკმაოდ სოლიდური ჯგუფი, რომლებიც არაფორმალური მმართველები არიან ქვეყნისა და იმაზე მეტ უფლებას აძლევენ თავს, ვიდრე ეს ინსტიტუციონალურ, ძალიან მაღალი რანგის მოხელეებს ხელეწიფებათ. საკმაოდ ცნობილ რამეს ვამბობ, ახალი არავისთვის არის. ერთი რამ შემიძლია გითხრათ - შესანიშნავია ბატონი ბიძინას განცხადებები და ამაში მას სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არაფორმალური მართვით, არაფორმალური გავლენის ჯგუფებით ამ საქმის გაკეთება შეუძლებელია".

დღეს რამდენიმე გაზეთი - მათ შორის, "24 საათი" - ეხმაურება 1 მაისს სტუდენტების მიერ გამართულ აქციას. გაზეთი აქციის ქრონიკას და მის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ამსახველ ფოტოებს სთავაზობს მკითხველს.

"ალიაში" ქვეყნდება ინტერვიუ "სახალხო კრების" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილთან. ის ამბობს: "საზოგადოების დიდ ნაწილს არ აკმაყოფილებს როგორ მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, სერიოზულ "ბუქსაობას" აქვს ადგილი". ირაკლი ბათიაშვილი ამავე ინტერვიუში ვალერი ხაბურძანიასა და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს. ბათიაშვილი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ "ხაბურძანიას უმოქმედობა სახელმწიფო გადატრიალების პროცესში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს". გიგა ბოკერიაზე კი ამბობს, რომ ის "პირდაპირ ერეოდა" ბათიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში და რომ მონაწილეობდა "ციხის ბუნტის ჩახშობის სისხლიან ოპერაციაში".

დღევანდელ "ალიაში" ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მყოფ დავით კირვალიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება მიწების გასხვისების თემაზე: "მიწა არის სულ სხვა რამე. არ შეიძლება ერთიან ჭრილში იყოს განხილული... ჩვენ თბილისიდან ვერ გადავწყვეტთ, ანაგაში მიწა უნდა გაიყიდოს თუ არა. ეს ყველაფერი უნდა იყოს თემის გადასაწყვეტი. ეს არის ინდივიდუალური საკითხები. ამ შემთხვევაში ტყეებზეც ვილაპარაკოთ... წარმოგიდგენია, ჩემს სოფელში რომ ჩავიდე და ვინმემ ტყეში არ შემიშვას?".

"ახალი თაობა" აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს "ევრაზიის ინსტიტუტის" ექსპერტ ნანა დევდარიანთან. ის 27 აპრილს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს: "შუალედურმა არჩევნებმა, პირველ რიგში, ნაძალადევში აჩვენა, რომ მეორე ადგილი არა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". რაიონებში კიდევ სხვა სიტუაციაა და იქ შეიძლებოდა კიდევ ადგილობრივი რესურსის გამოყენება, რადგან ყველამ ვიცით, რომ მათ რესურსი კიდევ აქვთ და ამით რაღაცა შედეგი ეჩვენებინათ. ნაძალადევში კი კახა კუკავას მეორე ადგილი, ჩათვალეთ, რომ ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომელი ძალა შეიძლება იყოს რეალური ოპოზიცია", - ეუბნება "ახალ თაობას" ნანა დევდარიანი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG