Accessibility links

logo-print
"რის მინისტრად დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს?" - ეს სათაური "ახალი თაობის" პირველ გვერდზე ყველაზე მსხვილი შრიფტით არის გამოტანილი. სტატიის ავტორი ტექსტს კითხვითვე ასრულებს: "საინტერესოა, რა პოსტს შესთავაზებს ივანიშვილი დეპუტატს. დავითაშვილს სოფლის მეურნეობის გაძღოლა სურსო".

"კლანებთან მებრძოლი თუ სნეული?" - "24 საათი" ასე ასათაურებს სტატიას, რომელშიც ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილს ეძღვნება. ტექსტში ფარესიშვილის მიერ კონკრეტული პირებისადმი გამოთქმული ბრალდებებია თავმოყრილი.

"ყველა სიახლეში" ქვეყნდება ინტერვიუ გენერალ რომან დუმბაძის მეგობარ, მოსკოვში მცხოვრებ ზაზა გაბედავასთან, რომელიც ამბობს, რომ 2012 წლის 21 მაისს "რომან დუმბაძე ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას დავალებით მოკლეს". გაბედავას თქმით, "დამკვეთებმა მკვლელებს 150 000 დოლარი გადაუხადეს". "მათ საშიშად მიიჩნიეს ეს კაცი. თუ გახსოვთ ბურჯანაძის მაისის აქციები, 26 კაცი რომ დააპატიმრეს, მაშინ, ალბათ, ფიქრობდნენ, დუმბაძე საშიშია, რუსის ჯართან ერთად შემოვა საქართველოშიო და მსგავსი სისულელეები", - ეუბნება "ყველა სიახლეს" ზაზა გაბედავა.

"ყველა სიახლეში" დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე უსმან ფერზაულთან, რომელიც იმ საგანგებო კომისიის თავმჯდომარეც არის, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობამ ლაფანყურის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნა. "ლაფანყურის ამბების ქართველებისთვის პატიებას არ ვაპირებთ, მაგრამ ბანდიტებივით ნამდვილად არ მოვიქცევით. ეს საქმე არც ხანდაზმულობის ვადას დაექვემდებარებაო", ეუბნება ფერზაული "ყველა სიახლეს".

ამავე გაზეთს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ეუბნება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებად "ნაციონალურ მოძრაობაში" დავით ბაქრაძის, გია ბარამიძისა და ვანო მერაბიშვილის კანდიდატურები განიხილება. ისე კი, არჩევანი 5-6 ადამიანს შორის გაკეთდებაო.

"რეზონანსის" პირველი გვერდი - "პაციენტების დამცველი ექიმი კლინიკიდან გაათავისუფლეს". ავტორი წერს, რომ ამ ფაქტისთვის, შეიძლება, გაზეთს ყურადღება არც მიექცია, რომ არა "რეზონანსის" 13 მარტის სტატია "ბავშვები და პენსიონერები "არქიმედეს" დაზღვევით ვერ სარგებლობენ", რომლის ერთ-ერთი გმირი ექიმი-პედიატრი ქეთევან ბაგრატიონი იყო. "რეზონანსისთვის" პედიატრიული კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს უთქვამს, "არაფერია გამორიცხული, შეიძლება ეს საქმე გადაიხედოსო". მისივე ბრძანებაში კი ექიმის გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად კლინიკის რეპუტაციის შელახვა სახელდება.

"რეზონანსიდან" შეიტყობთ, რომ ქუთაისის ინდუსტრიული ზონიდან 400-მდე ქართველი მუშა სამსახურიდან გაუშვეს. "ქართულ-ეგვიპტური საწარმო "ფრეშ-ჯორჯიადან" გათავისუფლებულმა მუშებმა ქარხნის წინ აქცია გამართეს. "ფრეშ ჯორჯიას" თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ აცნობეს და 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგენას დაპირდნენ. თუმცა დაპირების არავის სჯერა. გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად უცხოელი მფლობელების სახლების დალაგებაზე უარის თქმა სახელდება", - წერს "რეზონანსი".

"საქართველოს რესპუბლიკაში" ქვეყნდება მოსაზრება საქართველოს ტერიტორიის ისტორიული და პოლიტიკური ასპექტების შესახებ. "პოლიტიკურად ჩვენი მიწაა ის და იქამდე, სადამდეც ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია და მისი კონსტიტუციური წესრიგი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ისტორიის მანძილზე სახელმწიფო საზღვრები იცვლება, "ისტორიული მიწის" ცნება საერთოდ ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდება და, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს ანგარიში გავუწიოთ პოლიტიკურ რეალობას, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი იმის შენარჩუნება, რაც გვაქვს და ზოგჯერ დაკარგულის დაბრუნებაც", - წერს "საქართველოს რესპუბლიკის" ავტორი.
XS
SM
MD
LG