Accessibility links

logo-print
"ცხინვალი "უახლოეს დღეებში, მინიმუმ, ერთი ქვეყნისგან" ელის აღიარებას", - ამ თემაზე "რეზონანსი" წერს. აღიარების პერსპექტივაზე რუსეთის ფედერაციაში თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ელჩს დიმიტრი მედოევს უთქვამს ერთ-ერთი რუსულენოვანი გამოცემისთვის, თუმცა მას არ დაუზუსტებია რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს ეს? ამის გარკვევა "რეზონანსს" ცხინვალელ უფლებადამცველებთან უცდია: "როგორც აღმოჩნდა, ისინი მთლად ინფორმირებული არ არიან, თუმცა ვარაუდს გამოთქვამენ, რომ აღიარების მხრივ ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და ვანუატუს გვერდში ბელარუსი და ეკვადორი ამოუდგება", - წერს "რეზონანსი".

"ალიას" ინტერვიუ მისცა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. ის ფარული უკანონო ჩანაწერების საკითხზე ლაპარაკობს: "სამართალდამცავ სტრუქტურებში დღეს არის აპარატურა, რომელსაც ოპერატორის კონტროლის გარეშე შეუძლია ნებისმიერი ტელეფონი ჩართოს", - ამბობს ხაბურძანია და ირწმუნება, რომ მის დროს მხოლოდ მოსამართლის სანქციით უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს: "ჯერ ერთი, მხოლოდ "ჯეოსელზე" გვქონდა, "მაგთის“ ვერ ვუსმენდით, ჯოხთაბერიძემ არ ჩაგვართვევინაო". "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ხაბურძანია მის სტრუქტურაში გელა ხვედელიძის მუშაობას, მასთან ურთიერთობასაც იხსენებს და მიმდინარე საქმეზე ამბობს, რომ "ფარული ჩანაწერების გამო სწორედ ვანო მერაბიშვილი უნდა დაეჭირათ. საქმე ისე მიჰყავთ, ბაჩო ახალაია ამ წუთას გამოდის პოლიტიკური მსხვერპლი. მარტო ეგ ამოარჩიეს. ასევე, გელა ხვედელიძეც გამოდის პოლიტიკური მსხვერპლი. ჯერ ის უნდა დაეჭირათ, ვინც ჩანაწერი გააკეთა. ჩემი ინფორმაციით, სექსუალურ უმცირესობებზე მუშაობდა თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოჯახებზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო".

დღევანდელი "ალიას" ავტორი წერს, რომ "ნინო ბურჯანაძე უახლოეს დღეებში ოფიციალურად განცხადებას გააკეთებს და საზოგადოებას წარუდგება როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი".

დღევანდელი პრესა აქტიურად ეხმაურება 17 მაისს თბილისში დაგეგმილ, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას. პუბლიკაციებში გამოთქმული მოსაზრებები, უმთავრესად, მკვეთრად ნეგატიურია. "საქართველოს რესპუბლიკაში" ორი ვრცელი სტატია ქვეყნდება. ერთ-ერთის ავტორი წერს: "გახსოვთ, ალბათ, რომ შარშან, 17 მაისს, სცადეს საქართველოს ისტორიაში პირველი გეიპარადის ჩატარება, თუმცა რაღა სცადეს? მცირე შეხლა-შემოხლას თუ არ ჩავთვლით, რომლის არცთუ პასიური მოწმე მეც გახლდით, საწადელს მაინც მიაღწიეს ქართველმა პედერასტებმა. მართალია, ბოლომდე ვერ ჩაიაღლუმეს რუსთაველის პროსპექტი და ზემელზე დავამუხრუჭეთ, მაგრამ საერთაშორისო ყურადღება მაინც მიიქციესო", წერს ავტორი.
ამავე სტატიაში წაიკითხავთ: "პირად ცხოვრებაში თავშიც ქვა უხლიათ, მაგრამ როდესაც პარადებს მიწყობ, ეს უკვე აღარ არის პირადი. უფრო მეტიც, ეს ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა, გნებავთ, ჩემი და ჩემი შვილიშვილების უფლებების დარღვევაა", - წერს "საქართველოს რესპუბლიკის" ავტორი.

ამავე გაზეთშია სტატია, სათაურით - "შეშა ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის": "ცოდვის საზეიმო დემონსტრაცია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ზნეობისა და კულტურის შესარყვნელად არის გამიზნული. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა იმ ძალებს, რომლებიც სიკეთისა და ბოროტების განურჩევლობას გვაიძულებენ".

მოძრაობა "ეროვნულების" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, პროტესტს გამოთქვამს აქციის ლოკაციის გამო, რადგან თვლის, რომ ის თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის წინ არ უნდა გაიმართოს, ამ ადგილის ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე. ამასთან, ბრეგაძე აქციის დამგეგმავად "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს: "მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს არ არის არანაირი ფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს არის პოლიტიკური აქცია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია. მისი მთავარი არსი და მიზანი არის, რომ მოხდეს მასობრივი არეულობა და რომ მოხდეს პროვოცირება და, შესაძლოა, ვინმემ უზრუნველყოს ისიც, რომ სისხლი დაიღვაროს, რათა შემდგომში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი მსოფლიოს გასაგონად ატეხოს ყვირილი, რომ საქართველოში ირღვევა უმცირესობების უფლებები".

"ახალი თაობიდან" შეიტყობთ, რომ, შესაძლოა, ახლო მომავალში ექიმებმა გამართონ ფართომასშტაბიანი აქცია. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ჯონი ჯანაშია "ახალი თაობის" კორესპონდენტს ჯანდაცვის დაზღვევის, ექიმების დროული და ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყოფის პრობლემებზე ესაუბრება. ინტერვიუს დასასრულს კი ამბობს: "პერმანენტულად აქციებს ვატარებთ, მაგრამ მომწიფდა ის ვითარება, რომ ერთი ძალიან დიდი, ფართომასშტაბიანი აქცია გავმართოთ".

"24 საათში" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. მინისტრი ამბობს: "დავსხედით და ვთქვით, რა მიმართულებით ვიაროთ. გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოფილიყო მემკვიდრეობის გაგრძელება. ხშირად ყოფილა, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულა და უთქვამს, რომ მისით იწყება ყველაფერი. მე ასე არ მიყვარს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ყველა მიმართულება და პროექტი, რომელიც დადებითად მიგვაჩნია".
XS
SM
MD
LG