Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში არაერთი წერილი დაიბეჭდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ - ძირითადად ორ თემაზე: 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დარბევასა და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე.

17 მაისის ძალადობას პუბლიკაციები მიუძღვნეს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, „ნიუ-იორკერმა“, „ეკონომისტმა“ და სხვა გამოცემებმა.

„ეკონომისტში“ 20 მაისს გამოქვეყნდა წერილი, სახელწოდებით „ჰომოსექსუალთა უფლებები საქართველოში“. სტატია ასე იწყება: „მტრული დამოკიდებულების ასეთი მაღალი დონე საქართველოში დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიასაც კი არ მოჰყოლია. 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზნით თბილისის ცენტრში აქტივისტების მცირერიცხოვან ჯგუფს აქცია ჰქონდა დაგეგმილი. ამ ინიციატივის პასუხად, ათასობით ქართველი შეუერთდა სასულიერო პირებს, კონტრდემონსტრაციის გამართვის მიზნით. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ წესრიგი არ დაირღვეოდა, თუმცა იქაურობა ძალადობამ მოიცვა, როცა გაბრაზებულმა ბრბომ პოლიციის კორდონი გაარღვია აქციის დასაშლელად. პოლიციამ აქტივისტები ევაკუაციის მიზნით ავტობუსებში მოათავსა, რომლებსაც ეს ბრბო თავს დაესხა. სხვები სხვა ადგილებში დაიმალნენ. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, სულ 28 ადამიანი დაშავდა, მათგან 14 საავადმყოფოში მოხვდა“. შემდეგ სტატიაში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ძალადობას წინ უძღოდა: ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა 14 მაისს, რომ სექსუალური უმცირესობები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და საზოგადოება ამას თანდათან შეეჩვევა, და პატრიარქის მიერ 16 მაისს გავრცელებული განცხადება, რომლითაც მან აქციის გაუქმება ითხოვა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პოლიცია არ აღმოჩნდა მზად 17 მაისს გამოვლენილი აგრესიის მოსაგერიებლად. შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ: „ჰომოფობია ღრმადაა გამჯდარი ქართულ საზოგადოებაში. 2011 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტთა 88 პროცენტმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობას გამართლება არ აქვს. ახლა მთავარი ისაა, თუ როგორ მოიქცევა მთავრობა. ბატონმა ივანიშვილმა ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ეს კარგი დასაწყისია. შეიძლება, რომ სასულიერო პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ? ამ შესაძლებლობას მაღალი რანგის სასულიერო პირებიც უშვებენ. ფაქტია, რომ ძალადობაში მთავარ ფიგურებს ანაფორიანი ხალხი წარმოადგენდა, მაგრამ რამდენად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს? ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ“.

23 მაისს ჟურნალმა „ნიუ-იორკერმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ნატალია ანთელავას წერილი, სახელწოდებით „რა იდგა საქართველოში ანტიჰომოსექსუალური აქციის უკან?“. ავტორი სტატიას იწყებს 17 მაისს განვითარებული მოვლენების აღწერით, შემდეგ კი ახლო წარსულზე წერს და ამჟამინდელ ვითარებას ადარებს სიტუაციას, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმის კუთხით შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობების პირობებში იყო. აღწერს ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებულ რეფორმებს და იმას, თუ როგორ დააპატიმრეს რადიკალიზმით გამორჩეული სასულიერო პირი, ბასილ მკალავიშვილი, რომელიც 17 მაისს კიდევ ერთხელ გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. „2005 წლისთვის რელიგიური უმცირესობები საქართველოში ბევრად უფრო უსაფრთხოდ იყვნენ, მამა ბასილი კი პოლიციას თავის ეკლესიაში ემალებოდა. სამართალდამცველებს მისი დაკავება სურდათ რელიგიური სიძულვილისა და ძალადობის გაღვივების გამო. მანამდე მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას სიფრთხილით ეკიდებოდა. ბევრი თვლიდა, რომ მღვდლის ტაძარში დაპატიმრება წარმოადგენდა წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთასაც სააკაშვილი ვერ გაბედავდა. მაგრამ ისინი ცდებოდნენ. სპეცდანიშნულების რაზმი არა მხოლოდ ეკლესიაში შეიჭრა და დააპატიმრა მამა ბასილი, არამედ ეს ოპერაცია ტელევიზიითაც გადაიცა. ეს ტიპიურად სააკაშვილისეული ნაბიჯი იყო - ეს ამბავი ყველასთვის გაკვეთილი უნდა გამხდარიყო“. შემდევ ავტორი აღწერს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მერე განვითარებულ მოვლენებს, პატიმრების ამნისტიის ჩათვლით, და წერს, რომ ამნისტირებულებს შორის 190 პირს მიანიჭეს პოლიტპატიმრის სტატუსი. მათ შორის იყო გიორგი გაბედავა,17 მაისის კონტრაქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. „ძალადობა დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა. საქართველოს მთავრობის პოზიცია უფრო ბუნდოვანია. პრემიერ-მინისტრს ნათქვამი აქვს, რომ უმცირესობათა უფლებებს უჭერს მხარს, თუმცა თან ულტრაკონსერვატიულ გამოცემა „ასავალ-დასავალს“, რომელიც სიძულვილის ენის გამორჩეულ მაგალითებს ბეჭდავს, თავის საყვარელ გაზეთად მიიჩნევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი დღე დასჭირდა საიმისოდ, რომ ბრბოს ოთხი წევრი დაეპატიმრებინა, რომლებიც მალევე გამოუშვეს, 60 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. მომხდარიდან ერთი კვირის თავზე ბრალი ორ სასულიერო პირსაც წაუყენეს გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში“. ნატალია ანთელავა სტატიის ბოლოს წერს: შესაძლოა დამთხვევით, ამავე დღეს მთავრობამ დააპატიმრა ოპოზიციის ორი მაღალი რანგის ლიდერი. ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდაო.

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას მიმდინარე კვირაში არაერთი სხვა გამოცემაც გამოეხმაურა - მათ შორის, „ნიუ-იორკ ტაიმსი“, „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ და „ფაინენშლ ტაიმსი“.

„ფაინენშლ ტაიმსში“ 24 მაისს გამოქვეყნდა წერილი, სათაურით „საქართველოს უფრო ძლიერი კანონის უზენაესობა სჭირდება და არა პოლიტიკური შურისძიება“. „კანონის უზენაესობის გაძლიერება არ უნდა გახდეს ფასადი შურისძიებისთვის. იმისთვის, რომ პროცესები სამართლის აღსრულებად იყოს აღქმული, სამართალი თანაბარი და არაშერჩევითი უნდა იყოს. ბატონი ივანიშვილის მთავრობიდან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე კი დააპატიმრეს პირადი სივრცის დამცველი კანონების დარღვევისთვის, მაგრამ სამართალდამცავების სამიზნეთა უმრავლესობას სააკაშვილის მოკავშირეები წარმოადგენენ. პროკურორებმა ასევე მკაცრად უნდა გამოიძიონ ბატონი სააკაშვილის და მისი მომხრეების მიერ გამოთქმული ბრალდებები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ მიმართავდა უკანონო ხარჯვას წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც თებერვალში, სააკაშვილის ყოველწლიურ გამოსვლაზე მოხვედრის მოსურნეებზე განხორციელებული თავდასხმა. მერაბიშვილის სასამართლო მყარ მტკიცებულებებს უნდა დაეფუძნოს, პროცესი კი საერთაშორისო ნორმებთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში“.
XS
SM
MD
LG