Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 5 ივნისი


"ვისაც ეს ევალება, ინტერპოლსა თუ ჩვენს სამართალდამცავებს, მივმართავ, მალე დააბრუნონ ქვეყანაში, მე კი ვპირდები ადეიშვილს, რომ მას დავახვედრებ სამართლიან სასამართლოს", - ამას აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესსაც ეხება და ამბობს, რომ კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში და თუ მისი დასკვნა იქნება, "არ შეეხოთ უკვე ძალაში შესულ განაჩენებსო, რა თქმა უნდა, ამგვარ რეკომენდაციას ვერ გავითვალისწინებთ", ამბობს წულუკიანი. ამავე ინტერვუში: "რასაც ახლა ვიტყვი, არასოდეს მითქვამს: საერო ხელისუფლებს ორი მოვალეობა გვქავს. ერთი - დავიცვათ ადამიანის უფლებები და კანონი იყოს ყველასთვის კანონი. მეორე მოვალეობა კი ის არის, ამ ვალდებულების შესრულებისას არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ეკლესიაში არის ერთი ისეთი ნათელი წერტილი, როგორიც კათოლიკოს-პატრიარქია. ის დღეს გარკვეულ ასაკშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", - აცხადებს თეა წულუკიანი.

"რეზონანსს" ინტერვიუ მისცა საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა. დიპლომატი აცხადებს: "ისრაელი და საქართველო პატარა ქვეყნები არიან, მცირე ეკონომიკით. ისინი არ არიან არც "დიდი რვიანის" და არც "დიდი ოცეულის" წევრები. ისრაელის ეკონომიკა ოდნავ უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოსი. ამდენად, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გააქტიურება ხელს შეუწყობს თითოეული სახელმწიფოს ეკონომიკურ წინსვლას". ამავე ინტერვიუში ისრაელის ელჩი ტერორიზმის საფრთხეზეც ლაპარაკობს: "ბოლო ორი წლის განმავლობაში კავკასია და, კერძოდ, საქართველო არის ცხელი წერტილი "ჰესბოლას" და ირანული ტერორიზმისათვის. ამდენად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თანამშრომლობს ამ კუთხით, რომ წარმოჩნდეს "ჰესბოლას" რეალური სახე და ეფექტურად ვებრძოლოთ ტერორიზმს ყველგან, სადაც ამის საფრთხე არსებობს".

"ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, არ დამიბეჭდავთ - ირაკლი ღარიბაშვილი და ლაშა ნაცვლიშილი ციხეში უნდა ისხდნენ! ეს ორი ადამიანი სამოქალაქო საზოგადოების მტერია და ისინი ქვეყანას იმაზე უარეს მდგომარეობაში აგდებენ, ვიდრე ადეიშვილ-მერაბიშვილის დროს იყო! პოლიციასა და პროკურატურაში ასეთი ქაოსი არ მახსოვს!", - ეუბნება ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, "ვერსიას". ის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დაცვის უფლებების შეზღუდვაზე ლაპარაკობს და პრეზიდენტისთვის ვეტოს დადების თხოვნით მიმართვაზე ჟურნალისტის შეკითხვას - "არ გეშჲნიათ, რომ ამ მოქმედებებით მასთან გაიგივდებითო", ასე პასუხობს: "მე რისი უნდა მეშინოდეს, ბიძინა ივანიშვილს ეშინოდეს ზაზა ხატიაშვილის! სამი წელი მოსაკლავად დამდევდნენ, მავიწროებდნენ. ამიტომ სწორედ ჩემი უნდა ეშინოდეთ დავით უსუფაშვილსა და "ქართულ ოცნებას", რომ სააკაშვილთან სამათხოვროდ გამიხადეს საქმე!", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე ღირსეული ნინო ბურჯანაძეა - "ჯერ ერთი, ქვეყანაში გამოცდილი პოლიტიკოსი უნდა მოვიდეს და, მეორეც, ის "ოცნებიდან" არ უნდა იყოს".

"გიგა ბოკერია შეიძლება დაიჭირონ" - "ახალი თაობის" პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. სტატიაში ამ თემაზე ნახავთ ამონარიდს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის - ჟურნალ "ტაბულის" რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის "ფეისბუკის" სტატუსიდან, რომლის ტექსტს სრულად "24 საათი" აქვეყნებს. "გამოიცანით, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება - გიგას დაკავება. დააკავეთ გიგა, ბატონო ბიძინა, - ამით თქვენს დასასრულს დააჩქარებთ. მომენატრება, მაგრამ პოლიტიკური პატიმრის ცოლობაც საინტერესო გამოცდილებაა", - ასე სრულდება თამარ ჩერგოლეიშვილს "ფეისბუკის" სტატუსი.

"საქართველოს რესპუბლიკაში" 2004 წელს პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედასთან, ია მეტრეველთან ინტერვიუ ქვეყნდება - "მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო. ამიტომ პასუხისმგებლობას მას არ ვუხსნი. თუმცა ერთ კვირაში მოვიდა ვანო მერაბიშვილი, მაგრამ შედეგი რა, რამე გააკეთა?! ასე რომ, ბუტას საქმეშიც მერაბიშვილია დამნაშავე".

"ალიაში" წაიკითხავთ: "ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კატასტროფული რადიაციული ფონია. გაზეთი ქიმიკოს ია გიგიბერიას ეყრდნობა. გიგიბერია ამბობს, რომ დაიწყო რადიაციის გაზომვა ზედაპირულ წყლებში: "გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, რადიაციის დასაშვები დოზა გახლავთ 0,1 ბეკელერი 1 ლიტრ წყალზე. დავიწყე რადიაციული დონის შესწავლა და გავაკეთე ქიმიური ანალიზი. გაოგნებული ვარ, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სოლოლაკში და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რადიაციული ფონი არის 110 ბეკელერი 1 ლიტრ წყალზე. ეს უკვე კატასტროფაა! მე ნიმუშები ავიღე დუშეთში, გორში, თბილისის ზღვის მიდამოებში და ყველგან ცოტა მაღალია გამოსხივება, 1-დან 3 ბეკელერამდე, მაგრამ, რაც სოლოლაკში კონკრეტულ ადგილზე ხდება, ეს საშინელებაა", - ეუბნება ქიმიკოსი ია გიგიბერია "ალიას".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG