Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 26 ივნისი


დღევანდელი „ყველა სიახლე“ ბეჭდავს ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან. სანდრო გირგვლიანის საქმიდან დაწყებული, ექსპრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიებით დამთავრებული, საუბრის თემა არაერთ გახმაურებულ საკითხს ეხება: „მიიღებთ პასუხს, მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია“, ამბობს არჩილ კბილაშვილი და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჟვანიას საქმე ჩიხში შევიდა: „პირიქით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა - ეს ადამიანი მოკლულია თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია. ყველა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, პასუხგაცემული იქნება. დღეს რა კითხვაც აწვალებს და აფიქრებს საზოგადოებას - ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს“, - ამბობს არჩილ კბილაშვილი. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, ის ამბობს, რომ საქმეში არის ახალი დეტალები, რომლებიც საზოგადოებისათვის ჯერ არ არის ცნობილი. უახლოეს დღეებში თითოეული იმ ადამიანის ქმედება აღიწერება, ვინც გარკვეულ დარღვევაში მიიღო მონაწილეობა, ამბობს მთავარი პროკურორი.

მიდის თუ არა თეა წულუკიანი პოლიტიკიდან პრემიერთან ერთად, - ამის თაობაზე კი დღევანდელი „ვერსია“ წერს. გამოცემის ჟურნალისტი მას საკუთარ სიტყვებს შეახსენებს: „თქვენ აცხადებდით, რომ პოლიტიკიდან წახვალთ ივანიშვილის წასვლის შემდეგ და, მეტიც, სტრასბურგში დაბრუნდებით. ახლაც ეს პოზიცია გაქვთ?“. თეა წულუკიანი პასუხობს: „სად დავბრუნდები, ეს ჩემი პირადი საქმეა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ თანამდებობებს, სად ვიქნები, ამას მე არ ვწყვეტ. ამას გადაწყვეტს საქართველოს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ხოლო შემდეგ - მომავალი პრემიერ-მინისტრი. თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ სამინისტროში იმას ჩაეყარა საფუძველი, რომ მომავალში მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ გახდება იუსტიციის მინისტრი - ადეიშვილი, წულუკიანი თუ სხვა“.

„ვერსია“ აქვეყნებს ასევე ინტერვიუს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან. როგორც ის „ვერსიას“ ეუბნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს იარაღის ახალი სამალავების შესახებ ახალი ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები არაფორმალური სამალავების აღმოჩენა-განადგურებაზე მუშაობენ, უკვე ნაპოვნი სამალავების გამო კი, შესაძლოა, მიხეულ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გაზეთი „რეზონანსი“ კი მოკრძალებულ ბოდიშებზე წერს. საქმე ეხება სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრების შემდეგ გავრცელებულ ბოდიშების სერიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან მოდის. როგორც გამოცემა წერს, ვანო მერაბიშვილის ბოდიშის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახეები პარტიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა, როგორც თავადვე განმარტავენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მხრიდან არჩევნებში არმიცემული ხმები, რაც, მათივე თქმით, გასულ შემოდგომაზე ხალხმა უკვე მათ საწინააღმდეგოდ დააფიქსირა და, შესაბამისად, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დაეკისრათ. უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს: "პასუხისმგებლობის თავიდან არიდება აბსურდია, მაგრამ რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სადამდე უნდა მიდიოდეს ადამიანების ფანტაზია ამასთან დაკავშირებით, ეს სხვა ამბავია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, აბუ-გრეიბის ციხეში ამერიკელი სამხედრო პოლიციელების მხრიდან ათეულობით წამებისა და გაუპატიურების ფაქტები გახმაურდა და მაშინდელი ამერიკული მმართველი ელიტა - "რესპუბლიკური პარტია" - იყო პასუხისმგებელი. თუმცა რასაც ღარიბაშვილი და უმრავლესობის დეპუტატები იძახიან, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო და თითქოს ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო, პირდაპირი შემკვეთია და ეს უხარიათ, ეს იგივეა, აშშ-ში ეთქვათ, „რესპუბლიკური პარტია“ იყო აბუ-გრეიბის ამბავში პირდაპირი დამნაშავე და პარტია უნდა დაიშალოსო. სწორედ ეს აშფოთებთ ევროპელებს, რომ ინფორმაციის მანიპულაციით პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურება მიმდინარეობს. ვინ ჭკუათმყოფელი გაამართლებს მათ, ვინც ამ წამებაში იქნება გარეული?! ყველა უნდა დაისაჯოს, კრიმინალები და მანიაკები სახელმწიფო სტრუქტურაშიც ძვრებიან, მაგრამ ამის ორგანიზატორად ყოფილი მთავრობის დადანაშაულება რაციონალური აზროვნების ჩარჩოებში არ ჯდება", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი, მის მოსაზრებას კი გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. გამოცემა ბეჭდავს უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის, ბოდიშს აღმოჩენილი ვიდეოფირების გამო: „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რადგან წამება სს საპროცესო კოდექსში ყველაზე მძიმე დანაშაულია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, ფაქტების გამოძიება მოხდეს - ვინ არიან ეს ადამიანები, იცოდა თუ არა ამის შესახებ უშუალოდ ხელმძღვანელობამ სამეგრელოში და იმ სამსახურში, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ. მნიშვნელობა არ აქვს, სადამდე მივა დანაშაული, პასუხი ყველამ უნდა აგოს“, - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.
XS
SM
MD
LG