Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში უცხოურ პრესაში რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ.

25 ივნისს ბრიტანული ”ბი-ბი-სის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით ”5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთის მხარეს შემხვედრ ნაბიჯს დგამს”. ამ სტატიაში კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი შეეცადა გაერკვია, რამდენად შეუძლია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და, ამავდროულად, კრემლთან ურთიერთობების მოწესრიგება. კორესპონდენტი საქართველოსა და რუსეთის დაძაბულ ურთიერთობებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ, 2008 წლის ომის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ახლო კავშირები დღესაც ძლიერია. მაკგინესის ქართველი რესპონდენტის თქმით, ”ქართველებს უყვართ რუსეთი, მაგრამ არ უყვართ პუტინი”. სტატიაში ძირითადად საუბარია საქართველოს ახალი მთავრობის მცდელობებზე, მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ურთიერთობა მოაწესრიგოს რუსეთთან.

”ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მრავალმა საერთაშორისო მიმომხილველმა არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო უკრაინის გზას დაადგა და რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი ნატოსა და ევროკავშირის წევრობაა. კრემლთან დაძაბული წლების შემდეგ, ქართველ ამომრჩევლებში პოპულარულია რუსეთის მიმართ ივანიშვილის მშვიდი, პრაგმატული და ზომიერი პოლიტიკა. მეღვინეებს რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე დაბრუნების იმედი აქვთ. ტურიზმის სექტორიც რუსი სტუმრების ბუმს ელოდება ზაფხულში. უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ქართველების 68 პროცენტი ენდობა რუსეთის მიმართ ახალი მთავრობის მიდგომას”.

”ბი-ბი-სის” კორესპონდენტი ასევე აცხადებს, რომ, მართალია, მეზობლები სეპარატისტულ რეგიონებზე უახლოეს მომავალში ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ საქართველოც და რუსეთიც ახლა ცდილობს ისეთ საკითხებზე იმუშაოს, რაზეც შეთანხმება შესაძლებელია და ორივე მხარისთვის სასარგებლოცაა. ეს სფეროებია ვაჭრობა და ბიზნესი.

თუმცა რუსეთთან დაახლოება საფრთხეს ხომ არ შეუქმნის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს? დემიენ მაკგინესის აზრით, დასავლეთში სააკაშვილს ფიცხ და წინდაუხედავ პრეზიდენტად მიიჩნევდნენ და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც სარისკოდ მიაჩნდათ. ამგვარად, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგება:

”როდესაც საქმე მიდგება დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებაზე, საქართველოში ახლა უკვე ხშირად ამბობენ, რომ ეს საკითხი ან ერთის, ან მეორის არჩევით კი არა, არამედ ერთდროულად ორივეს მოხერხებით უნდა გადაწყდეს”.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ნატოში ინტეგრაციას შეეხება ”უორლდ პოლიტიკს რევიუს” 24 ივნისის სტატიაც. სტატიის ავტორი მაიკლ სესაირი შეფასებას აძლევს ივანიშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკას და წერს, რომ ახალი პოლიტიკა უფრო ფრთხილი და ზომიერია. საქართველო მზადაა რუსეთს დაეხმაროს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ფიქრობს ასევე აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენაზეც. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორისთვის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ნაკლებობაა, რაც წლების მანძილზე არ შეინიშნებოდა. ”თუმცა მაშინ, როდესაც თბილისი აცხადებს, რომ აპირებს ნატოში გაწევრიანებას და, ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას, მოსკოვი ამ მცდელობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს,” - წერს მაიკლ სესაირი:

”ნატოსთვის საქართველოს წევრობა ალიანსში უფრო მიმზიდველი გახდა, რაც, ნაწილობრივ, რუსეთისადმი ახალი მთავრობის ზომიერი პოლიტიკითაა განპირობებული. თუმცა ამის ფონზე ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა და მავთულხლართების დაყენება გვაჩვენებს, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია რეგიონის დესტაბილიზება“.

ბოლოს, ყოველდღიურმა ფრანგულმა გაზეთმა ”ლიბერასიონმა” 27 ივნისს გამოაქვეყნა ცნობა ”ნაბუკოს” გაზსადენის თაობაზე. ”ლიბერასიონი” წერს, რომ შაჰ დენიზის კონსორციუმმა გადაწყვიტა ”ნაბუკოს” გაზსადენის ნაცვლად ”ტრანს-ადრიატიკის მილსადენის” გამოყენებით გადაზიდოს გაზი ევროპაში. შაჰ დენიზის კონსორციუმი გაზს მოიპოვებს აზერბაიჯანში და მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებს - მათ შორის, ”ბი-პის,” ”სოკარსა” და ”ლუკოილს” -აერთიანებს. აზერბაიჯანული გაზი მაინც გაივლის საქართველოზე, თუმცა შემდგომ, ბულგარეთის, რუმინეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაცვლად, საბერძნეთის გავლით მოხვდება ევროპაში. ახალ მილსადენს ”ნაბუკოზე” ნაკლები გამტარიანობა ექნება, რადგან ”ნაბუკო” გაზის მომპოვებლებმა კომერციულად წამგებიან პროექტად ჩათვალეს.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG