Accessibility links

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - ასე აფასებს ვითარებას გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი უკვე აისახება პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობაზე. იგი ამბობს, რომ დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დგება. მისი გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, გადარჩება, პარლამენტში მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და ზოგადად ბარიერის გადალახვა მისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, გიორგი თარგამაძის პროგნოზით, არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე კი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დედაქალაქის მერიის 23 თანამშრომლის დაპატიმრება-გაშვებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს, უკმაყოფილებას გამოხატავს სამართლიანობის აღდგენის პროცესით და მიაჩნია, რომ სააკაშვილის მაღალჩინოსნების საქმეების პროცედურული სამართალდარღვევებით „შეკერვა“ შეიძლება შეგნებულად ხდებოდეს. მამუკა გიორგაძე ფიქრობს,რომ პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს ოპოზიციაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი კი გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების სპეცოპერაციის ხელძღვანელები ფორმალური დარღვევებისთვის კანონის ძალით უნდა დაისაჯონ. „დაკავება აბსოლუტურად უზარო ფორმით განხორციელდა, რამაც მთავარი საქმე გააფუჭა და მერიის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაფარა“, - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი გაზეთთან საუბარში. – „ამ ეტაპზე ჩვენთვის დაჭერაზე მნიშვნელოვანი დაკავების ფორმაა და თუ ვიფიქრეთ, რომ მთავარი ვიღაცის დაკავებაა და კანონის ნორმების დაცვა მეორეხარისხოვანია, მერწმუნეთ, მალე ნაციონალების გზას დავადგებით“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

საქართველო ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი - ასე კი „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს. იგი თავის მოსაზრებებს გაზეთ „ასავალ-დასავალს“ უზიარებს. „დიახ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს არის პროპაგანდისტული შირმა, რომელიც სააკაშვილმა გამოიგონა და საკუთარი პიარისთვის იყენებდა“, ამბობს კახა კუკავა.

შეძლებს ივანიშვილი ოქტომბრამდე ისე დაალაგოს ყველაფერი, რომ მთავრობიდან წასვლის შემდეგ სტაბილური გარემო დატოვოს? -ამ შეკითხვას კი გაზეთი „კვირის პალიტრა“ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს უსვამს. მინისტრი პასუხობს, რომ თუ პრემიერ-მინისტრმა თავის ბიზნესსა და პოლიტიკურ კარიერაში შეძლო შეუძლებელი, დანარჩენსაც შეძლებს.
XS
SM
MD
LG