Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 4 ივლისი


დღევანდელი ბეჭდური მედიის მთავარი თემა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი პრესკონფერენციაა. ამიტომაც არის, რომ გაზეთების პირველ გვერდებზე მრავლად შეხვდებით როგორც ბიძინა ივანიშვილის ციტირებას, ისე პრესკონფერენციის შეფასებებს. ამჯერად გაზეთი „რეზონანსი“ პრესკონფერენციის იმ ნაწილზე წერს, როცა პრემიერ-მინისტრმა ამავე გამოცემის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. თემა კი საქართველოს შეიარაღებას შეეხება. "გუშინდელ პრესკონფერენციაზე "რეზონანსის" მიერ დასმულ შეკითხვაზე, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების გამალებული შეიარაღების ფონზე პარიტეტის დასაცავად რა ზომებს მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ "დღეს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი არ ენიჭება". "ამ ეტაპზე ქვეყანას იარაღის შესყიდვის საჭიროება არ აქვს. გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, თადარიგის გენერალი ვლადიმერ იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს საკმაოდ თანამედროვე შეიარაღება გააჩნია, თუმცა შეიძლება რეზერვის, სათადარიგო ნაწილების პრობლემას განიცდიდეს. რაც მთავარია, ის შეიარაღება და ტექნიკა, რაც საქართველოს გააჩნია, სწორად უნდა იქნეს გამოყენებული. ამავე დროს, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შეიარაღებაში პაექრობა გაგვიჭირდება“.

„პრემიერი ცუდადაა ინფორმირებული“ - ამის შესახებ კი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით წერს გაზეთი „24 საათი“. პრესკონფერენციას გამოცემასთან საუბარში ჟურნალისტები აძლევენ შეფასებას. მაგალითად, „ლიბერალის“ რედაქტორი ირაკლი აბსანძე ამბობს: „დაისვა კითხვა პედაგოგების შესახებ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე მოვლენების გამოძიებაზე. სამწუხაროდ, ამ ორივე შეკითხვაზე პრემიერმა თქვა, რომ ინფორმირებული არ არის“. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის თქმით კი, მას, პრემიერის სიტყვა რომ გამოვიყენოთ, „ჩაკითხვის“ საშუალება არ მიეცა. კითხვა რელიგიური ექსტრემიზმისა და უმცირესობების შესახებ დასვა, მაგრამ სასურველი პასუხი ვერ მიიღო, - წერს გაზეთი „24 საათი“.

„ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია“, - ამას გაზეთ „ალიას“ პოლიტოლოგო სოსო ცინცაძე ეუბნება. მისი თქმით, ივანიშვილი ისეთ პოლიტიკურ სტრუქტურას ქმნის, რომ იქ ვინმეს უნდა თუ არ უნდა, თავის ნებაზე ვერ მოიქცევა: „არჩევნების პერიოდი მალე დადგება და ყველას თავისი გზით გაუშვებს. დაშლა და დაჯგუფება დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ საბოლოო წერტილი ყველაფერს დაესმება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს. მას დღეს ჩაფიქრებული აქვს რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე თავის კარტებს არ ხსნის“, - ამბობს სოსო ცინცაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბარში და იქვე დასძენს: „არავინ იცის, კონკრეტულად რას აპირებს ის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“.

„ახალ თაობასთან“ კი პრემიერ-მინისტრის სამომავლო გეგმების შესახებ საკუთარ ვარაუდებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოთქვამს და ამბობს: „ხან იძახის, რომ გადავდგები, ხან არ გადავდგები. ეს არის მაჩვენებელი არასტაბილურობის და ეს პირდაპირ აირეკლება ქვეყნის ეკონომიკაზე. მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერ- მინისტრი ამას შეგნებულად აკეთებს, მაგრამ ერთგვარი გამოუცდელობა პოლიტიკაში და მისი გარემოცვა, რომელიც შედგება ძირითადად მლიქვნელობაში გაწაფული ადამიანებისგან, უზრუნველყოფს მის ასეთ დეზინფორმირებას“.

"ემირატი" სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას აპირებს - წერს დღევანდელი „რეზონანსი“. საუბარია იუთუბზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ, სადაც "კავკასიური ემირატის" ლიდერი დოკუ უმაროვი ისლამისტებს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთი ოლიმპიადის ჩატარებას მათი წინაპრების ძვლებზე აპირებს და წინააღმდეგობას ნებისმიერი მეთოდით გაუწევენ. ამ განცხადებას გაზეთ „რეზონანსის“ საშუალებით ეხმაურება „კავკასიური სახლის“ დირექტორი გიორგი კანაშვილი, რომელიც ამბობს: "დოკუ უმაროვი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტი, რომლის სახელთან საკმაოდ სერიოზული ტერაქტებია დაკავშირებული და, შესაბამისად, მისი განცხადების არასერიოზულად აღქმა არ იქნებოდა სწორი, თუმცა ისედაც ცხადი იყო, რომ სოჭის ოლიმპიადასთან მიმართებაში ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტები თავიანთ საქმიანობას გააათმაგებდნენ და, აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციამ ოლიმპიადის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს“.
XS
SM
MD
LG